რამდენიმე თვის წინ, ქუთაისის ცენტრში გაიხსნა ჰოსტელი, სახალისო სახელით – “შავი პომიდორი”. ქალაქში, სადაც 90-იანებში ხშირად ხუმრობდნენ, რომ პომიდორიც კი შავი იყო, ვინტაჟური სტილის დასასვენებელმა სახლმა მალევე მიიპყრო ადგილობრივებისა და ტურისტების ყურადღება. ბიზნესი, რომელსაც ელენე ზამთარაძე და მარიამ რამიშვილი, სამსახურების პარალელურად, დედაქალაქიდან უძღვებოდნენ, მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდა და მეგობრებმა იმავე სახელის მქონე ჰოსტელის გახსნა თბილისშიც გადაწყვიტეს:
“ამ მოკლე დროში, სტუმრებისგან მიღებულმა შეფასებებმა ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ეს ჩვენ უდიდეს მუხტს გვაძლევს, სტუმრები ჩვენი მეგობრები გახდნენ, რომელთან ერთადაც ჩვენც მშვენივრად ვერთობით. წარმოვიდგინეთ, რომ ისინი საქართველოში მოგზაურობისას არასწორ ადგილას მოხვდნენ და ცუდი გამოცდილება მიიღეს. ამას ჩვენ თავს ვერ ვაპატიებდით, ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ შავი პომიდორი იქ გაგვეხსნა, სადაც ყველა ტურისტი აუცილებლად მიდის – თბილისში.”
ბიზნესის ზრდასთან ერთად, ელენემ და მარიამმა გააცნობიერეს, რომ “შავი პომიდორი” აღარ არის, უბრალოდ, ერთი ჰოსტელი ქუთაისში ან თბილისში. ამ სახელში მათ საქმიანობის მასშტაბურად გაფართოების შესაძლებლობა დაინახეს. ფორმირდა ბრენდის კონცეფცია და “შავმა პომიდორმა”, რომელიც სულაც არ არის შავი, თავისი ხელწერა და ბრენდინგი შექმნა. თუმცა, სანამ ელენე ზამთარაძესთან ერთად გიამბობთ ამაზე, ჯერ თბილისური “შავი პომიდორი” გავიცნოთ.
M: როგორია “შავი პომიდორი” თბილისში? კონცეფცია რამდენადაა კავშირში ქუთაისის ჰოსტელთან?
“შავი პომიდორი თბილისი” მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში, ძველ თბილისში, გიგა ლორთქიფანიძის (ყოფილი ლერმონტოვის) ქუჩაზე. ტურისტებს თბილისში ძალიან დიდი არჩევანი აქვთ, საინტერესოდ გაატარონ დრო, აქ ყველას შეუძლია იპოვოს თავისი ადგილი და სხვადასხვა აქტივობებით დაკავდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თბილისში ტურისტებს სჭირდებათ მშვიდი ადგილი, სადაც დატვირთული დღის ბოლოს დაისვენებენ. სწორედ ასეთია “შავი პომიდორი თბილისი” – ჰოსტელი მინიმალისტური და განსხვავებული ინტერიერით, ხის, ხელნაკეთი ავეჯით არის მოწყობილი. მეგობრული მომსახურე პერსონალი სტუმრებს შემდეგი დღეების ასევე საინტერესოდ დაგეგმვაში ეხმარება.
აქაც უცვლელია ის კომპონენტები, რომლებიც შავი პომიდორი ქუთაისის შექმნის დროს შევიმუშავეთ, კერძოდ, ჰოსტელს აქვს: კარგი ადგილმდებარეობა, ხელმისაწვდომი ფასი, ორიგინალური ინტერიერი, მეგობრული მომსახურება, სივრცეები სოციალიზაციისთვის.
რამდენადაც აღნიშნული კომპონენტები “შავი პომიდორის” ორ ობიექტს აერთიანებს, მათ მაინც ინდივიდუალური ხასიათი აქვთ. “შავი პომიდორი თბილისი” სტუმრებისთვის არის მყუდრო და მშვიდი დასასვენებელი ადგილი, აქტიური და ხმაურიანი თბილისური დღეების ბოლოს.
M: უნდა ველოდოთ, რომ ეს ჰოსტელების ქსელის დასაწყისია?
დიახ, ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება “შავი პომიდორის” ბრენდის შექმნას, რომლის ქვეშ გაერთიანდება ჰოსტელები საქართველოს სხვადასხვა წერტილებში. ყველა ჩვენს ობიექტს გააერთიანებს ის ხუთი კომპონენტი, რაზეც ვისაუბრეთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ახალ ობიექტებს ინდივიდუალური და უნიკალური ხასიათი ექნებათ, რაც მათ ადგილმდებარეობასთან იქნება დაკავშირებული.
M: რა კონცეფციისკენ მიდის “შავი პომიდორი”?
ჩვენი აზრით, დღევანდელ დღეს მოგზაურები ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც უნიკალურ და საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ. ხშირად ვხვდებით სტუმრებს, რომლებსაც სწორედაც ჰოსტელის ატმოსფერო აინტერესებთ. მათ უნდათ, გაეცნონ როგორც ადგილობრივებს, ასევე უცხოელ მოგზაურებს, გაუზიარონ შთაბეჭდილებები და მიიღონ რჩევები. მათ არ სურთ, დრო გაატარონ იზოლირებულად, ძვირადღირებულ ნომერში, არამედ ურჩევნიათ, უცხო ადამიანების გარემოცვაში, საერთო სივრცეებში დადებითი ემოციებით დაიმუხტონ. უფრო და უფრო ტრენდული ხდება სოლო მოგზაურების რაოდენობა, რომლებიც ხშირად ჰოსტელის საერთო ოთახების (დორმების) მომხმარებლები არიან.
ჩვენი მთავარი კონცეფცია, რომელიც 5 კომპონენტებს ერთობლიობას შეადგენს, სრულად პასუხობს დღევანდელი მოგზაურის მოთხოვნებს. ამ კონცეფციით შეიქმნება ყველა სხვა “შავი პომიდორიც”, რომლებიც ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზე ჰოსტელების მიმართულებით სიახლეს შემოიტანს.
M: როგორია “შავი პომიდორი”, როგორც ბრენდი?
“შავი პომიდორის” დაპირება შემდეგნაირია: გასინჯე ყველა ფერის პომიდორი და ამ გზით აღმოაჩინე საქართველო. (Black Tomato Hostels – Your way of exploring Georgia). თუკი ბრენდის პერსონიფიკაციას მოვახდენთ, “შავი პომიდორი” არის ახალგაზრდა გოგო, რომელიც თანამედროვე ხედვებთან ერთად, კარგად იცნობს ისტორიას და სურს, ახლებურად გადმოსცეს იგი. “შავი პომიდორი” სწორად აფასებს გარემოს და ცდილობს, სწორედ ის განსხვავებული ელემენტი შესძინოს, რაც ყველაზე მეტად აკლია მას.
ეს გოგო არის მზრუნველი, პატივს სცემს ადამიანებს და მისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა. “შავი პომიდორი” გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ. იგი სხვადასხვა ფორმით გამოხატავს სათქმელს. მაგალითისთვის, მან ინტერნეტის პაროლად დააყენა #putinkhuilo, რასაც დაურთო მოკლე ინფორმაცია რუსეთი-საქართველოს უახლოესი ისტორიის და ამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების შესახებ. გარდა ამისა, ჰოსტელის ეზოში ერთი დიდი კედელი ფემინისტური შინაარსის ნახატის ეთმობა.
M: ბრენდინგის ვიზუალურ მხარეზეც ვისაუბროთ: როგორ შეირჩა ფერები, მათი კომბინაცია და რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ?
ჩვენი “შავი პომიდორი” არ არის შავი ფერის, ის ხან ყვითელია, ხან ლურჯი და ხანაც წითელი. ბრენდინგში გამოყენებული სამი ძირითადი ფერის – წითლის, ყვითლის და ლურჯის ერთობლიობა ქმნის შავ ფერს. ჩვენი ქსელის ობიექტებსაც შესაბამისი ფერები აქვთ. ყვითელი ქუთაისის ჰოტელის ფერია, რადგან ყვითელს მშვიდ ქალაქში ცოცხალი ელემენტი შემოაქვს და შესაბამისად, აქტიურ დასვენებას უხდება, ხოლო ლურჯი თბილისის ფერია, რადგან ეს ფერი სიმშვიდესთან ასოცირდება. მომავალი ობიექტი წითელი ფერის იქნება. საბოლოოდ კი ყველა ფერის პომიდორი ერთ “შავ პომიდორს” შექმნის. ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე ანა სანიკიძემ იზრუნა.
M: სამომავლოდ, როგორ ხედავთ ამ ბიზნესს? რა სჭირდება განსავითარებლად საქმეს, რომელსაც სამსახურების პარალელურად აკეთებთ?
სამომავლოდ, წარმოდგენილი გვაქვს ვიხილოთ ჰოსტელების ქსელი “შავი პომიდორი” საქართველოს მასშატაბით. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ საოპერაციო და მომსახურების მიმართულებების სტანდარტიზაციაზე, რაც ერთ დოკუმენტად მოიყრის თავს და საბოლოო ჯამში, ერთგვარი გზამკვლევი იქნება ჰოსტელების მუდმივად გამართულად მუშაობის უზრუნველყოფისთვის.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი