22
Apr
2019

“შავი პომიდორი” – ანუ ამბავი ქუთაისურ ჰოსტელზე, რომელსაც ორი გოგო თბილისიდან მართავს

22 Apr 2019

Startauperi
Startauperi


საკუთარი ბიზნესი ხომ არ წამომეწყო? – რამდენჯერ გაუვლია ამ აზრს თქვენს გონებაში? შემდეგ კი, მოჰყოლია სხვა ფიქრები: კონკრეტულად, რით დავკავდე ან როგორ გავაკეთო? ის საქმეც რომ მიყვარს, რასაც ვაკეთებ? როგორაა შესაძლებელი სამსახურისა და საკუთარი ბიზნესის შეთავსება? ამ კითხვებზე პასუხების ძიებამ, ბავშვობის მეგობრები, ელენე ზამთარაძე და მარიამ რამიშვილი საკუთარი ჰოსტელის გახსნამდე მიიყვანა. ბიზნესის დასაწყებად შესაფერის ადგილად გოგონებმა ქუთაისი მიიჩნიეს. შეარჩიეს ძველი ქუთაისური სახლი, ქალაქის ცენტრში და სახელიც ძველი ქუთაისური გამოთქმის მიხედვით შეარჩიეს – “შავი პომიდორი”.

“საწყის ეტაპზე დამოკიდებულების პრობლემას წავაწყდით. რადგან ორი გოგო ვართ, ბევრისთვის არასერიოზულად ჟღერდა, ასეთ რთულ საქმეს რომ ვეჭიდებოდით. მით უმეტეს, როცა საუბარია ბიზნესზე, რომელიც თბილისიდან 200 კილომეტში მდებარეობს.”

სტუმარმასპინძლობის ბიზნესი მეგობრებისთვის ახალი სფეროა: ელენე მარკეტინგის მენეჯერია კომპანია “ლისი დეველოპმენტში”, მარიამი “ბილაინში” ტალანტების მოზიდვას ხელმძღვანელობს, პარალელურად, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში, ბიზნესის სამაგისტრო პროგრამას გადის. სამუშაო დღეებში, ბიზნესს თბილისიდან უძღვებიან, უქმეებს კი ქუთაისში ატარებენ:

“ორივე  თბილისში ვმუშაობთ და საკმოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს. მართალია ბანალური ნათქვამია, მაგრამ სურვილი მართლაც ყველაფერზე ძლიერია და “შავი პიმიდორის” შექმნისთვის წარმოუდგენელი შრომა გავწიეთ. ჩვენს თავს ვერ ვაპატიებდით, ამ იდეის განხორციელება რომ არ გაგვერისკა და ახლა შედეგით კმაყოფილები ვართ.”

M: რამ მოგცათ ბიძგი, ეს ბიზნესი წამოგეწყოთ?

ამბავი დაიწყო იმით, რომ გვქონდა სურვილი, რაღაც ახალი შეგვექმნა. ქუთაისში რამდენჯერმე მოგზაურობისას ძალიან გაგვიჭირდა კარგი დასარჩენი ადგილის პოვნა, საერთაშორისო აეროპორტის გახსნა და მიმართულებების რაოდენობების ზრდა კი ქალაქს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად აქცევდა. იდეა გვქონდა, თუმცა საკუთარი ჰოსტელის გახსნა მაინც არარეალური გვეჩვენებოდა. შემდეგ კი სრულიად უეცრად და შემთხვევით გავიცანით ადამიანი, რომელიც ქუთაისში ბინას აქირავებდა. იმ წამსვე გადავწყვიტეთ, ბინა გვენახა და რეალურად დაგვეწყო ბიზნესის დაგეგმვა. პარალელურად, ინტერნეტში მოვიძიეთ სხვა სახლებიც და ასე აღმოვაჩინეთ შავი პომიდვრის მომავალი სამფლობელო – ძველისძველი, ნამდვილი ქუთაისური სახლი.

M: ქუთაისი რატომ აირჩიეთ?

ქუთაისი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქი ადამიანებით, ადგილებით, კულტურით და ბუნებით. 9 თვის განმავლობაში, რაც ამ იდეას ვამუშავებთ, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით, ბევრ ახალგაზრდას შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნოა საქმის ისეთ ქალაქში კეთება, რომელშიც უკლებლივ ყველა ადამიანი იუმორით გეურთიერთება. ქალაქი ნელ-ნელა ცოცხლდება, იხსნება კაფეები, ბარები, კლუბები.

გარდა ამისა, იმერეთის ტურისტული პოტენციალი ძალიან დიდია,  ქუთაისს ერთგვარი საქართველოს გულია, ახლოსაა მთა, ზღვა და უამრავი ტურისტული ადგილი. ამას ემატება აეროპორტი, რომელიც კვირაში 27-მდე ევროპული ქალაქიდან იღებს რეისებს.

ჩვენ დავინახეთ თავისუფალი ნიშა და ამიტომაც გაგვიჩნდა სურვილი, სწორედ ქუთაისში გაგვეკეთებინა ჰოსტელი.

M: ჰოსტელის გასაკეთებლად საჭირო რესურსები როგორ მოიძიეთ?

ჩვენი რესურსები შედგება ჩემგან, მარიამისგან და ბანკებისგან. ცოტა გიჟურად ჟღერს, თუმცა ასე ერთ დღეს, ვესტუმრეთ ბანკებს, ავიღეთ სესხები და გავაკეთეთ შავი პომიდორი. ახლა ადგილზე გვყავს 3 ადმინისტრატორი და 1 დიასახლისი.

ჩვენ გვინდოდა ახალგაზრდა ადამიანები, ვისაც ისე შეუყვარდებოდათ ჩვენი იდეა, როგორც ჩვენ გვიყვარს. ადამიანები, რომლებიც ახლოს იქნებოდნენ ჩვენ ფასეულობებთან – თანასწორობა, სიკეთე, ადამიანობა. ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდას შევხვდით და საბოლოოდ, 3 საუკეთესო ავარჩიეთ.

M: როგორ შეიქმნა “შავი პომიდორის” ბრენდინგი?

სახელის ავტორია ჩვენი მეგობარი ნათელა ჯანელიძე, იდეა კი მოდის ჩვენს ბავშვობაში არსებული ხუმრობიდან, რომ “ქუთაისში პომიდორიც კი შავია”.  შავი პომიდორი უცხოელებისთვის აბსურდულად ჟღერს და ჩვენც მოგვწონს აბსურდულობა. ბრენდის ვიზუალური კონცეფცია ანა სანიკიძეს ეკუთვნის. გამოყენებული გვაქვს წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერები, რომელთა ერთობლიობა შავ ფერს ქმნის. შავი პომიდორის ლოგოც შავი არ არის, რადგან როგორი აბსურდულიც თავად შავი პომიდორია, ისეთივე აბსურდულია, რომ მისი ლოგო ხან წითელია, ხან ყვითელი და ხან ლურჯი. ინტერიერშიც ნივთებს ხშირად სრულიად სხვა დანიშნულებით ვიყენებთ, რაც ასევე აბსურდულობის იდეას მიჰყვება.

M: რა გამოწვევების წინაშე ხართ ახლა?

ცოტა ამბიციურად ჟღერს, თუმცა გვსურს, გოგოებს მაგალითი მივცეთ და ვუთხრათ, რომ არ არსებობს საქმე, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვერ გააკეთებ, რომ გოგო ხარ.

M: რა სჭირდება ქუთაისს იმისთვის, რომ თქვენნაირი (“თბილისიდან ჩასული”) ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს?

ჩვენ გვჯერა, რომ “შავი პომიდორი” ბევრს მისცემს ბიძგს, გააკეთოს რამე ახალი ქუთაისისთვის. მგონი ასე  ვითარდება ქალაქები. ვიღაც იწყებს და მერე მიყვებიან მას. თუნდაც ჩვენთვისაც, ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო ძალიან გემოვნებიანი კლუბი “რეფლექტორი” იყო. ჩვენც გვინდა სხვებისთვის კარგი მაგალითი ვიყოთ.

M: საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით, რა ყოფილა საჭირო ჰოსტელის გასახსნელად?

სწორი ადამიანები და იდეა, რომელიც ძალიან გიყვარს, ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია, დაუსრულებელი ფიქრისა და მუშაობისთვის ენერგია გეყოს.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა