in

„შავი პომიდორი“: ჩვენით შექმნილ ფაილში ხელით შეგვყავდა ჯავშნები, რაც ხშირად, შეცდომების საფუძველი ხდებოდა

Startauperi
Startauperi

ერთ დროს, ქუთაისში პომიდორიც კი შავი იყო, ყოველ შემთხვევაში, ასე ხუმრობდნენ. მოგვიანებით, ორმა მეგობარმა შენიშნა, რომ ქალაქის დიდი ტურისტული პოტენციალი სასტუმრო ბიზნესისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნიდა. ელენე ზამთარაძემ და მარიამ რამიშვილმა „შავი პომიდორი“ გახსნეს – სტუმართმოყვარე ფერადი ჰოსტელი, შავი იუმორით. ჰოსტელმა ცნობადობა სწრაფად მოიპოვა და უამრავ ვიზიტორსაც უმასპინძლა. თუმცა, ძნელია მართო ასეთი პოპულარული ობიექტი, შეცდომების გარეშე.

„პირველივე დღიდან დიდი ინტერესი გამოვიწვიეთ ადგილობრივ და უცხოელ მოგზაურებში. თუმცა როგორც აღმოჩნდა, იმ პერიოდისთვის, ამხელა დატვირთულობისთვის რეალურად მზად არ ვიყავით – არ გვქონდა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი გამართული, როგორიც არის ჯავშნების მართვა. ჩვენით შექმნილ ექსელის ფაილში ხელით შეგვყავდა ჯავშნები, რაც ხშირად შეცდომების საფუძველი ხდებოდა და საკმაოდ ხშირად გვქონდა “overbooking”-ის შემთხვევები,“ – გვიამბო ელენე ზამთარაძემ.

ჭარბი ჯავშნების მენეჯმენტი

ცხადია, შეცდომების გამოსწორებაში მთელი გუნდი ვიყავით ჩართული და უამრავი დრო იხარჯებოდა ჯავშნების გადამოწმებაზე. მალევე მივხვდით, რომ ამ საკითხზე ძალიან დიდ დროს ვკარგავდით და ფოკუსი გვეკარგებოდა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიც არის სერვისის დახვეწა და ზოგადად, ახალგახსნილი ჰოსტელის განვითარება. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ჯავშნების მართვის სისტემა შეგვეძინა და პროცესები ავტომატიზებული გაგვეხადა. სტარტაპის საწყის ფაზაზე ფიქრობ, რომ ყველაფერი შენით უნდა აკეთო და ყველაფერი შენი პასუხისმგებლობაა. თუმცა, არსებობს პროცესები, რომელთა თანმიმდევრული და გამართული მუშაობის გარეშე არაფერი გამოვა. მთავარი, ალბათ, ადაპტაციაა და შენივე შეცდომების დროულად აღიარება, რომ ნაკლები დრო დაკარგო პრობლების გადაჭრაზე, ასე მოვიქეცით ჩვენ და ძალიან მალე, ჯავშნების საკითხი სრულად დავალაგეთ.

თამაში, წესების გარეშე

სტარტაპისთვის ძალიან დამახასიათებელია გარკვეული “თამაშის წესების” – პროცესებისა თუ პოლიტიკებისა გარეშე ოპერირება. ბუნებრივია, ყველა ვხვდებით, რომ პატარა კომპანიისთვის მართლაც ზედმეტია დადგენილი წესებით მუშაობა. მეტიც, სტარტაპის მთელ ხიბლს ბიუროკრატიის არქონა, სიმარტივე და მოქნილობა წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, ჰოსტელის ამუშავებიდან მალევე მივხვდით, რომ გარკვეული პრინციპები, დიდი ბიზნესების მსგავსად, ჩვენს უნდა დაგვენერგა, რადგან, როგორც ჩანს, ასეთი პრინციპებისა და წესების მიღმა ყოველთვის დგას სათანადო მიზეზები და გამოცდილება.

ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ საკმარისი მნიშვნელობა არ მივანიჭეთ ინტერესთა კონფლიქტის ფაქტორს და ჰოსტელში მეიჯარის ოჯახის წევრი დავასაქმეთ. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო – მეიჯარის ოჯახის წევრს მეტი ინტერესი უნდა ჰქონოდა, რომ ჰოსტელის შენობა მუდმივად წესრიგში ყოფილიყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რთულია საკუთარ ქონებაში არსებულ ბიზნესში იმუშავო, როგორც დაქირავებულმა და არ აღიქვა საკუთარი თავი ამ ბიზნესის მფლობელად. ბუნებრივია, ყველას საკუთარი ხედვა აქვს და ძალიან რთული, ხშირად წარმოუდგენელიც კია ასეთ პირობებში შეთანხმება და ბიზნესის მართვა. სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია, ყველა მსგავსი შემთხვევა ნასწავლ გაკვეთილად იქცეს, რომელიც მას თამაშის დაწერილ თუ დაუწერელ წესებს ჩამოუყალიბებს. ჩვენ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, ყველა ასეთი გამოცდილება წარმატებით ვაქციეთ გაკვეთილად, რომლის სწავლის შემდეგაც უფრო ზრდასრულებივით ვმართავთ ჩვენს საყვარელ ბიზნესს.

ყველაფერს ვერ დააზღვევ…

ალბათ რთულია, პანდემიის დროს შეცდომები გაიხსენო, რადგან ამ პერიოდში მეტად გადარჩენაზე ხარ ორიენტირებული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სფეროს წარმომადგენლები დაგვეთანხმებიან, რომ მსგავსი სირთულის პერიოდმა გვასწავლა, რომ ყველაფერს ვერ დააზღვევ. ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გარემო საგრძნობლად შეიცვლება. შესაბამისად, ვისწავლეთ, რომ ადაპტაცია უმნიშვნელოვანესია ბიზნესში. პანდემიის პირობებში სულ 3 თვე შევძელით ოპერირება და სექტემბერში დავიხურეთ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წელმა გვასწავლა, ის არის, რომ თუ გიყვარს შენი შექმნილი ბრენდი, მასში მთელი შენი ენერგია უნდა ჩადო. ასე მოვიქეცით ჩვენც – მიუხედავად იმისა, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორი პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, ჩვენ მაინც ყველაფერი გავაკეთეთ, რომ „შავი პომიდორი“ შეგვენარჩუნებინა. პანდემიამდე მოძიებული გვქონდა ინვესტიცია გაფართოვებისთვის და 2020-ში გეგმები აღარ შევცვალეთ. სამუდამოდ დაკეტვის ნაცვლად, ჰოსტელი რამდენიმე თვით დავხურეთ, შევიძინეთ შენობა, „ჩავარდნილ“ პერიოდს რემონტისთვის ვიყენებთ და ველოდებით, რომ მალე ახალ მისამართზე, განახლებულ შავ პომიდორში მივიღოთ სტუმრები.

ზრდა ყოველთვის წინსვლას არ ნიშნავს…

ჰოსტელის გახსნიდან რამდენიმე თვეში, მივიღეთ ძალიან საინტერესო შემოთავაზება, მართვაში აგვეღო და „შავი პომიდორის“ ახალ ფილიალად გვექცია უკვე შექმნილი ჰოსტელი ძველ თბილისში. გვახსოვს ჩვენი აღფრთოვანება, რადგან ამ ჰოსტელის არსებობა აქამდეც იყო ჩვენთვის ცნობილი, მეტიც, ის ძალიან მოგვწონდა და ნაწილობრივ ჩვენი შთაგონების წყაროც კი იყო. შემოთავაზებას მალევე დავთანხმდით, თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან ვხვდებით, რომ ეს გადაწყვეტილება ემოციებით უფრო მივიღეთ. ჩვენს თავს ილუზია შევუქმენით, რომ მყარი ფინანსური გათვლები გვქონდა გაკეთებული და ზუსტად ვიცოდით, რამდენად მოგებიანი იქნებოდა თბილისის ფილიალი. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ამ ჰოსტელის ინტერიერი ძალიან მოგვწონდა, თვალი დავხუჭეთ იმაზე, რომ მას არ ჰქონდა კარგი საერთო სივრცეები – ის, რაც „შავი პომიდორი“ ქუთაისის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამწუხაროდ, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ მტკივნეულ შედეგებამდე მიგვიყვანა. თბილისის „შავი პომიდორი“ არ აღმოჩნდა ფინანსურად წარმატებული ბიზნესი, რის გამოც პანდემიამდეც კი გადაწყვეტილი გვქონდა მისი დახურვა, პანდემიის დაწყებამ კი, ბუნებრივია, ეს პროცესი დააჩქარა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ნახეთ: LEGO-მ თავისი უდიდესი ნაკრები შექმნა, რომელიც 11 000-ზე მეტი ნაწილისგან შედგება

გავრცელებული ინფორმაციით, Apple უსადენო დამუხტვის iPad Pro-ს ქმნის!