in

გაჭირვებული ბავშვებისთვის შექმნილი ბრენდი – TOMS-ის დამფუძნებლის, ბლეიკ მიკოსკის ბიზნეს ისტორია

სიყვარულით ბევრი რამ უყვარს – კითხვა, მოგზაურობა, ახალ-ახალი ჰობით დაინტერესება.. თუმცა, ყველაზე ღირებულ ქმედებად ახალგაზრდებში მოტივაციის გაჩენასა და მათი შთაგონებით ავსებას მიიჩნევს. ფიქრობს, რომ ერთიანი ძალებით უკეთესი მომავლის შექმნა შეიძლება, თუმცა, ამისთვის ყველაზე მთავარი ერთი რამაა.. ის ერთი რამ, რასაც იგი უკვე წლებია აკეთებს, ანუ – გაცემა.

სტატიის მთავარი გმირი ამჯერად ბლეიკ მიკოსკია, ფეხსაცმლის ცნობილი ბრენდის – TOMS-ის დამფუძნებელი, რომელიც გაჭირვებულ ბავშვებს მსოფლიოს მასშტაბით ფეხსაცმლითა და სხვა პროდუქტებით ამარაგებს. 

„რაც მეტს გასცემ, მით მეტს ცხოვრობ.“

დაიბადა ტექსასში, კერძოდ, არლინგტონში ორთოპედ მაიკ მიკოსკისა და მწერალ პამ მიკოსკის ოჯახში. იგი იყო ბიჭი, ვისაც უყვარდა ტენისის თამაში და ამავდროულად, სწავლობდა ფილოსოფიასა და ბიზნესს.

მისმა ანტრეპრენუარულმა ნიჭმა პატარაობიდანვე იჩინა თავი – სტუდენტობისას ბლეიკმა თავისი პირველი ბიზნესი EZ Laundry წამოიწყო, რაც მოიცავდა უნივერსიტეტის კამპუსში მცხოვრები სტუდენტებისთვის ტანსაცმლის გარეცხვა-გაუთოვების მომსახურებას. თავდაპირველად, მიკოსკის ბიზნესის მომსახურება მხოლოდ Sounthern Methodist University-ის სტუდენტებზე იყო გათვლილი, რომლის სტუდენტიც მიკოსკი თავად იყო. შემდეგ ბლეიკის ბიზნესი იმდენად გაიზარდა, რომ იგი 3 უნივერსიტეტის მომსახურებაზე გადავიდა, ხოლო პერსონალის რიცხვი 40 კაცამდე გაიზარდა. მიკოსკიმ ამ ბიზნესიდან მილიონ დოლარამდე მოგება ნახა. 1999 წელს კი მან EZ Laundry გაყიდა.

„თუკი შენს ცხოვრებას შენს ვნებაზე ააგებ, შეგეძლება, ეს ვნება შენს ისტორიად აქციო. შემდეგ კი, შენი ისტორია რაღაც უფრო მეტად გარდაქმნა – სწორედ იმად, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება.“

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი ნეშვილში გადავიდა. ბლეიკ მიკოსკის მახვილმა თვალმა მალევე შენიშნა, რომ ამერიკაში ბილბორდების ინდუსტრიის ბუმი დგებოდა და სწორედ ამიტომ, დააარსა თავისი „აუთდორ მედია“ კომპანია, სახელწოდებით „Mycoskie Media“, რომელიც ქალაქის მასშტაბით ყველაზე ცნობილ ბილბორდებზე „ქანთრის“ ტიპის მუსიკას რეკლამირებას უწევდა. კომპანია ზედმეტად წარმატებული გამოდგა. იგი 2002 წელს, დაარსებიდან 9 თვეში, მედია კორპორაცია Clear Channel-მა შეიძინა.

2001 წელს ბლეიკ მიკოსკიმ და მისმა დამ მონაწილეობა მიიღეს რეალითი შოუში „The Amazing Race“, რომლის მეორე სეზონიც მილიონი დოლარის მოგებით დაასრულეს. ამ ყველაფრით ინსპირირებული მიკოსკი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა და დააარსა საკაბელო ნეთვორკი „Reality Central“, რომლის მთავარი მიზანიც იყო მაყურებლისთვის ორიგინალური და საინტერესო რეალითი შოუების მიწოდება, რაც მთავარია 7-ივე დღის 24 საათი. მიუხედავად იმისა, რომ დაარსებისთანავე, 2003 წელსვე კომპანიას დიდი წარმატება ხვდა წილად, ცოტა ხანში, რუპერტ მარდოხმა დააარსა Fox Reality Channel, რომელმაც სერიოზულად შეუშალა მიკოსკის ბიზნესს ხელი და დააკარგვინა დამკვეთები. 

თუმცა, წინ სვლის ჟინი მიკოსკის არ ეკარგებოდა. ცოტა ხანში, მან კონტაქტი დაამყარა TrafficSchool.com-ის დამააარსებლებთან, რათა შეექმნა DriversEd Direct – მძღოლების ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა. კომპანიის სწორად გაძღოლისთვის კი შექმნა „Closer Marketing Group“, სანტა-მონიკაში დაფუძნებული მარკეტინგული ფირმა, რომელიც ფოკუსირებული იყო ბრენდის მარკეტინგსა და განვითარებაზე.

მიკოსკის ცხოვრების მთავარი მომენტი კი 2006 წელს დადგა, სწორედ მაშინ, როდესაც სამოგზაუროდ არგენტინაში ჩავიდა. იქ ბლეიკი შეხვდა ქალთა ჯგუფს, ისინი ერთ-ერთი მოხალისეობრივი ორგანიზაციის წევრები იყვნენ. ორგანიზაციის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ იგი უსახლკარო და ღარიბ ბავშვებს ფეხსაცმლით უზრუნველყოფდა. მიკოსკი დაინტერესდა ამ საკითხით, შესთავაზა მათ დახმარება და რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელ-სოფელ დადიოდა ორგანიზაციის წევრებთან ერთად. თუმცა, მათ მიერ ბავშვებისთვის ფეხსაცმლის გადაცემა ერთჯერადი იყო. მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ბავშვებს ფეხი მალე ეზრდებათ და ეს ფეხსაცმელები, რეალურად, სულ მალე დაუპატარავდებოდათ. მიკოსკი დაფიქრდა, რა შეიძლებოდა მოემოქმედა იმისთვის, რომ მათი დახმარების პროცესი პერმანენტული გამხდარიყო..

 „მე ყოველთვის ვიცოდი, რომ სადღაც, ჩემ უკან, იყვნენ ბავშვები, რომლებიც ფეხშიშველები დადიოდნენ, თუმცა, ამჯერად ეს ყველაფერი რეალურად ვნახე და გავიგე, რას ნიშნავს დადიოდე ფეხშიშველი, რაც უამრავი ინფექციისა და დაავადების წინაპირობაა.“ – განაცხადა ბლეიკ მიკოსკიმ ბიზნეს ინსაიდერის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბლეიკმა ამერიკაში დაბრუნებისთანავე დააარსა კომპანია, სახელწოდებით „ფეხსაცმელი უკეთესი მომავლისთვის“. იმისთვის, რომ ღარიბი ბავშვებისთვის ფეხსაცმლის მიწოდება უზრუნველეყო, მან გამოიგონა ახალი ბიზნეს მოდელი „ერთი ერთისთვის“, რომელიც გულისხმობდა, რომ ფეხსაცმლის ყოველ გაყიდულ წყვილზე მეორე წყვილი ავტომატურად ეგზავნებოდათ ფეხშიშველ ბავშვებს. როგორც მან შემდეგ აღნიშნა, ეს ყველაზე მარტივი და გენიალური იდეა იყო, რაც კი თავში ოდესმე მოსვლია. 

თავდაპირველად, ბლეიკის ფეხსაცმელები ლოს-ანჯელესის მასშტაბით ბუტიკებსა და კონკრეტულ მაღაზიებში იყიდებოდა. აღნიშნული კომპანია „ფეხსაცმელი უკეთესი მომავლისთვის“ მოგვიანებით გარდაიქმნა TOMS-ად და ოფიციალურად გაფორმდა 2006 წელს. 2010 წელს კომპანიას მილიონამდე ფეხსაცმლის წყვილი ჰქონდა გაყიდული, 2013 წლისთვის კი – 10 მილიონამდე ფეხსაცმლის წყვილი გაჭირვებული ხალხისთვის ჰქონდა გადაცემული.

2011 წელს ტომსი გაფართოვდა და მოიცვა სათვალეებიც, რომელზეც ასევე გავრცელდა ბლეიკის მიერ მოფიქრებული ბიზნეს მოდელი – “ერთი ერთისთვის”, რაც გულისხმობდა, რომ ყოველ შეძენილ სათვალეზე მეორე სათვალე რეცეპტთან და დანიშნულებასთან ერთად საჭიროების მქონე ბავშვებთან იგზავნებოდა.

საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, 2011 წელს ბლეიკ მიკოსკიმ გამოუშვა წიგნი, სახელწოდებით „Start Something That Matters“, რომელშიც მისი ისტორიაა მოთხრობილი. წიგნის გამოშვებისას მისი მთავარი ინსპირაცია იყო, სხვებისთვის ეთქვა, რომ რაც უფრო მეტ ქველმოქმედებას ჩაიდენენ თავიანთ კარიერაში, მით მეტად წარმატებულები იქნებიან. მიკოსკიმ საკუთარი წიგნის გაყიდვებიდან შემოსული თანხაც ქველმოქმედებას მოახმარა – ყოველ გაყიდულ წიგნზე სანაცვლოდ ბავშვებს საბავშვო წიგნები ეგზავნებოდათ. ასევე, წიგნებიდან შემოსული თანხა გათვლილი იყო დამწყები ანტრეპრენუარების დასახმარებლადაც. მიკოსკის წიგნი გახდა ნიუ იორკ თაიმსის ბესთსელერი ბიზნეს-წიგნი, ხოლო კატეგორიაში „advice“ ნომერ პირველი იყო გაყიდვებით.

ტომსი წლიდან წლამდე ფართოვდებოდა. 2014 წელს ბლეიკმა შექმნა TOMS Roasting Co. , რომელიც ჰყიდდა ყავას. მან თავისი ბიზნეს მოდელი ტრადიციულად ახალ წამოწყებასაც მოარგო. კერძოდ, ყოველ გაყიდულ ყავაზე განსაზღვრული რაოდენობის წყალი ეგზავნებოდათ შემდეგი ქვეყნების მაცხოვრებელთ: რუანდა, ჰონდურასი, პერუ, გვატემალა, მალავი. 2014 წელს მიკოსკიმ ასევე განაცხადა, რომ მსგავს წამოწყებებს TOMS-ი ყოველწლიურად გამოაცხადებდა ახალ-ახალ პროდუქტზე.

დღესდღეობით კომპანიის წლიური შემოსავალი დაახლოებით 250 მილიონი დოლარია. მიკოსკის ფეხსაცმელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ მაღაზიაში იყიდება.

ბლეიკის „ფილანტროპიულმა ბიზნესმა“ იმდენად გაითქვა სახელი, რომ ჰილარი კლინტონმა 2009 წელს სპეციალური ჯილდო გადასცა (Award Of Corporate Exellence). კლინტონმა ბლეიკი საზოგადოებას ამგვარად გააცნო: „ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ანტრეპრენუარი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.“ გარდა ამისა, მას სხვადასხვა ჟურნალი სხვადასხვანაირად მოიხსენიებდა. მაგალითად, Peoples Magazine-მა მას „ჩვენ შორის არსებული გმირი“ უწოდა, Times-მა კი 40 წელს ქვემოთ მყოფ 40 ანტრეპრენუარში შეიყვანა.

 

42 წლის ანტრეპრენუარისთვის წლები ისე გადის, რომ ქველმოქმედების სურვილი სულ უფრო უძლიერდება. მისთვის ბიზნესი არ არის მხოლოდ თვითსარგებელი, პირიქით – გაცემა მისი ბიზნეს მოდელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.  რაც მთავარია, ბლეიკ მიკოსკი ინარჩუნებს ხედვას, რომ აუცილებელია, ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს..

„ჩვენ იმიტომ ვართ ბიზნესში, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე შევქმნათ. თუკი ჩვენ ერთმანეთისთვის ვიცხოვრებთ, ერთად სამყაროს უკეთესობისკენ შევცვლით.“

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ქართველი დიზაინერები, ტოკიოში, მოდის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

ფრანგული ბრენდის Clarins ახალი ხაზი თბილისში