in

„ბლეიზი“ – როგორ გარდაიქმნა „ორიენტ ლოჯიკის“ IT გუნდი დამოუკიდებელ კომპანიად

ცოტა ხნის წინ, ქართულ IT ბაზარზე „ორიენტ ლოჯიკის“ შვილობილი კომპანია „ბლეიზი“ გამოჩნდა. მისი გუნდი, 8 წლის განმავლობაში, „ორიენტ ლოჯიკის“ პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განყოფილების შემადგენლობაში იყო. გუნდის წევრები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან. მათ უმუშავიათ ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: ონლაინ სკოლა – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის, ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრის მონაწილეების პლატფორმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის, კრედიტინფო საქართველო – MYCREDITINFO, ასევე, IBM-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით განახორციელეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის IT ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. „ბლეიზის“ სერვისები ორიენტირებულია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე, თანამედროვე IT ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებზე, ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე / გაციფრულებაზე და სისტემებისა და მონაცემთა ინტეგრაციაზე. „ბლეიზი“ არის ისეთი საერთაშორისო კომპანიების პარტნიორი, როგორებიცაა IBM, Red Hat, Amazon AWS და Cloudflare.

კომპანიის შესაძლებლობებზე, უპირატესობებსა და გამოცდილებაზე „ბლეიზის“ დირექტორი მერაბ გოგოლაური და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე საბანაძე გვესაუბრნენ.

M: როგორ გარდაიქმნა „ორიენტ ლოჯიკის“ შემადგენლობაში მყოფი განყოფილება ცალკე კომპანიად?

მერაბი: მოგეხსენებათ, „ორიენტ ლოჯიკი“ 28 წლის ისტორიის მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა პროექტებს IT აპარატურის მიმართულებით. 2016 წლიდან, „ორიენტ ლოჯიკის“ შიგნით, პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განყოფილებას ჩავუყარე საფუძველი. 8 წლის განმავლობაში, დეპარტამენტი გაიზარდა და სერვისები იმდენად მრავალფეროვანი გახდა, რომ დამოუკიდებლად პოზიციონირების საჭიროება დავინახეთ. სწორედ ამას უკავშირდება, „ბლეიზის“ ცალკე კომპანიად გამოყოფა.

„ბლეიზი“ დამკვეთებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას სთავაზობს. ჩვენს დამკვეთებს შორისაა მსხვილი და საშუალო ბიზნესი. მათ შორის, სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებისთვისაც განსაკუთრებით აქტუალურია პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერა. ვუწერთ პროგრამულ უზრუნველყოფას და შემდეგ, მათ ციფრული ინფრასტრუქტურის მართვაში ვეხმარებით, რაც ჩვენი მართვადი სერვისებით მიიღწევა.

M: მიმოვიხილოთ, როგორია „ბლეიზის“ გუნდის გამოცდილება?

მერაბი: დაგროვილი გამოცდილება დაგვეხმარა გავმხდარიყავით IBM-ის შვილობილი კომპანია, Red Hat-ის, პრემიერ პარტნიორი Cloud და Middleware სპეციალიზაციით. ამ პროდუქტების კუთხით ექსპერტიზა მთელ რეგიონში არავის აქვს, ჩვენ გარდა. ამიტომ, მწარმოებელი რეგიონული მასშტაბით სხვადასხვა პროექტში გვრთავს.

სწორედ Red Hat-ის პროდუქტების მეშვეობით გარდავქმენით განათლების სამინისტროს არსებული IT ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ჰიბრიდულ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გადავიყვანეთ, რაც რეგიონში უნიკალური გამოცდილება გახლავთ. მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში კონკურენტი არ გვყავს.

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებში ჩვენი მიმართულების კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტია, დავინახეთ მართვადი სერვისების საჭიროება და ამ მიმართულებით ვვითარდებით.

M: გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები…

ალექსანდრე: ჩვენი ძირითადი მიზანია პარტნიორ ორგანიზაციებს მათი არსებული ციფრული ინფრასტრუქტურის განახლებაში დავეხმაროთ. ორიენტირებული ვართ მსხვილ ორგანიზაციებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ჩვენი პორტფოლიოც სწორედ ამ ტიპის პროექტებს აერთიანებს. ერთ-ერთი ასეთი პარტნიორია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელთან ერთადაც, წლების განმავლობაში რამდენიმე პროექტზე ვიმუშავეთ, ზოგიერთი მათგანი ნულიდან შევქმენით, ზოგიერთი – განვაახლეთ. ერთ-ერთი ასეთი პროექტი გახლავთ სასკოლო ჟურნალის გაციფრულება, რომელიც დასწრებისა და ქულების აღრიცხვის გარდა, მოიცავს  დავალებების, გამოცდების, სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების მართვას, სასწავლო პროცესის მონიტორინგს და ა.შ. ეს სისტემა ყველა საჯარო სკოლაშია დანერგილი. მას ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი იყენებს.

ასევე, ჩვენს პროექტებს შორისაა სკოლების ვებგვერდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაათვალიეროს სასურველი სკოლა საქართველოს მასშტაბით, გაიგოს მათი წესდება, რეგულაციები და გადაამოწმოს პირველკლასელთა თავისუფალი ადგილების რაოდენობა, ადაპტირების საკითხები და ა.შ.

ვთანამშრომლობდით უნარების მართვის სააგენტოსთან, რა დროსაც გავაციფრულეთ პროფესიული განათლების ინსტრუმენტები. შემუშავებული სისტემის მეშვეობით შესაძლებელია საკვალიფიკაციო და მომზადების პროგრამების ფორმირებისთვის საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება. პროფესიების საერთაშორისო საინფორმაციო პლატფორმასთან ინტეგრაციით კი, სისტემიდანვე გახდა შესაძლებელი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიღება და მისი მეშვეობით დარგობრივი რუკების შექმნა.

ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ კრედიტინფო საქართველო, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე პროექტი შევასრულეთ მათთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჩემი კრედიტინფო“, რომელიც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს სრულ ინფორმაციას აწვდის მათ საკრედიტო ისტორიაზე და არამარტო.

ვთანამშრომლობთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, რომელთანაც საკმაოდ კომპლექსურ პროექტებზე ვიმუშავეთ, განსაკუთრებით აღვნიშნავ ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრის მონაწილეების პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ღია ბაზარზე ჩართვაა გათვალისწინებული, სადაც ნებისმიერი ბიზნესი შეძლებს ელექტროენერგიის შეძენაგაყიდვას პირველწყაროდან.

ციფრულ ტრანსფორმაციაში ვეხმარებით კომუნიკაციების კომისიასაც, რათა მათი პლატფორმები გათანამედროვდეს, დაიხვეწოს UI/UX  და გაიზარდოს სისტემის წარმადობა განახლებულ არქიტექტურაზე გადაწყობით.

M: რას გულისხმობს IBM-ის საინტეგრაციო ნაკრების გამოყენება დამკვეთებთან და რა მნიშვნელობა აქვს ამ სერვისს?

მერაბი: მრავალი წლის ისტორიის მქონე დამკვეთების მნიშვნელოვან ნაწილს აქვთ სისტემები, რომლებიც ოპერირების დაწყების პერიოდში შეიძინეს ან შექმნეს. ყველა მსგავს ორგანიზაციაში დგას ასეთი სისტემების მოდერნიზაციის საჭიროება. IBM-ის საინტეგრაციო ნაკრებსშესაძლებლობა აქვს ნებისმიერი სისტემა დააერთოს და მონაცემების მიმოცვლა უზრუნველყოს სხვა სისტემასთან, დეველოპერების ჩარევის გარეშე. ასეთი მაგალითი გვქონდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან სადაც არსებულ სისტემას იყენებენ და ძირეული ცვლილებების გარეშე, გარე სისტემებთან მისი ინტეგრაცია შევძელით.

M: გარდა  IBM-ის საინტეგრაციო ნაკრებისა, კიდევ რა IBM-ის პროდუქტებს სთავაზობთ პარტნიორ ორგანიზაციებს? 

ალექსანდრე: პარტნიორ ორგანიზაციებს ასევე ვთავაზობთ IBM-ის Cloud Pak for Business Automation და Process Automation Manager Open Edition. ამ პროდუქტებით შესაძლებელია, დოკუმენტბრუნვა, HR და ნებისმიერი ბიზნეს პროცესი დაინერგოს ისე, რომ დეველოპერების ჩარევის გარეშე იყოს ცვლილებები შესაძლებელი. ამ ხელსაწყოებით პარტნიორი ორგანიზაციების ბიზნესპროცესების გაციფრულებითა და შემდგომი მათი ცვლილებების განხორციელების სიმარტივით ამ ორგანიზაციებს ვძენთ მოქნილობას, სიმარტივეს და ვუზღვევთ რისკებს.

M: როგორ შეაფასებთ „ბლეიზის“ კონკურენტულ უპირატესობას?

ალექსანდრე: ვფიქრობ, პირველ რიგში, გუნდის ფაქტორია, რომელიც ამ პროექტებზე მუშაობითა და ხარისხიანი პროექტების შექმნითაა დაინტერესებული. ამას ამყარებს ის კომპეტენცია, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით დავაგროვეთ. ასევე, პარტნიორი ვენდორები, ტექნოლოგიური გიგანტების IBM-სა და Red Hat-ის სახით. გარდა პროექტებისა, ისინი გვეხმარებიან კომპეტენციის კიდევ უფრო ამაღლებაშიც. წვდომა გვაქვს მათ რესურსებზე, სასწავლო ლაბებზე, მენტორებსა და სხვადასხვა ტექნიკურ გადამზადებაზე. ცალკე გვინდა ვახსენოთ ჩვენი სტაჟირების პროგრამაც, რომლის განმავლობაშიც ვენდორები გვეხმარებიან, რომ გუნდში კვალიფიციური ადამიანები გავზარდოთ. ეს ვენდორები გულმოდგინედ შევარჩიეთ და ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რათა ენდონ ჩვენ გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობამ შეგვძინა. ამას ადასტურებს ის, რომ IBM და Red Hat-მა არაერთხელ ანდო ჩვენს გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესრულება. ესაა ორმხრივი თანამშრომლობა, რაც ჩვენს პოზიციებს ამყარებს საერთაშორისო ბაზარზე და ასეთ დიდ კომპანიებს ჩვენი დახმარებით შეუძლია პროექტის წარმატებული უზრუნველყოფა.

დღესდღეობით, ძირითადად ქართულ ბაზარზე ვართ კონცენტრირებულნი, თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რეგიონულ მასშტაბზე ასპარეზობასაც. ამ მიზანმა დაგვაკავშირა იმ პროფესიონალ ვენდორებთან IBM, Red Hat, Amazon AWS, CloudFlareრომელთა ტექნოლოგიები და პროდუქტები სწორ პოზიციონირებაში გვიწყობს ხელს.

ბლეიზიპროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების დანერგვაგანვითარების მიმართულებით მუშაობს. ამ კუთხით ჩვენი ერთ-ერთი მთვარი გადაწყვეტილებაა Red Hat-ის ჰიბრიდული Kubernetes პლატფორმა OpenShift, რომელიც მსხვილ ორგანიზაციებში უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და მოქნილობის გარანტიას იძლევა, რასაც თან სდევს Red Hat-ის ტექნიკური მხარდაჭერა

გარდა ამისა, ორიენტ ლოჯიკისქოლგის ქვეშ ყოფნა, მათი რესურსების გამოყენების და დამკვეთებთან შეთავაზების საშუალებასაც გვაძლევს, როგორიცაა უსაფრთხოება, ქსელები და IT აპარატურის მართვადი სერვისები.

M: როგორია „ბლეიზის“ გუნდი და სამუშაო გარემო?

ალექსანდრე: მე და მერაბი დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ გუნდის წევრების ხმა ისმოდეს და მათ ვისმენდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოსთვის. მუდმივად ვზრუნავთ მათი კომპეტენციის ამაღლებაზე სხვადასხვა მიდგომებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ახალი თანამშრომლების აყვანის დროსაც ყურადღებით ვეკიდებით შერჩევის პროცესს, ვცდილობთ თავიდანვე სწორად შევაფასოთ კანდიდატის კომპეტენციაც და განვსაზღვროთ, რამდენად იზიარებს ის კომპანიის სამუშაო კულტურას, შეუძლია თუ არა სხვების აზრისა და განსხვავებულობის პატივისცემა და ა.შ. ტექნიკური კომპეტენციის შეძენა და განვითარება შესაძლებელია, თუმცა ძალიან ძნელია ასწავლო ადამიანს იყოს კარგი გუნდის წევრი. ხელს ვუწყობთ ერთმანეთისადმი ღიაობასა და აზრის გამოთქმის პატივისცემას.

ახალგაზრდებს კარიერის დასაწყებად ვთავაზობთ სტაჟირების პროგრამას სხვადასხვა მიმართულებით. დასაქმების შესაძლებლობას, ერთი მხრივ, ქმნისორიენტ ლოჯიკის აკადემიაც“, სადაც მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება კურსდამთავრებულების დახასიათებების ჩვენთან გაზიარება და გამარტივებული შერჩევა. სტაჟირებისას ზუსტად იმდენი ადამიანი აგვყავს, რამდენიც სამომავლოდ გვჭირდება, რომ სრულ შტატზე დავასაქმოთ. შერჩევა რთული და ხანგრძლივი პროცესია, ადამიანებს ვთავაზობთ საქმიანობის ნაბიჯნაბიჯ მარტივად მიყოლას და თავიდანვე ვაჩვევთ იმ შიდა მუშაობის მექანიზმს, რაც ორგანიზაციაშია დანერგილი.

M: როგორია „ბლეიზის“ სამომავლო გეგმები?

მერაბი: ვგეგმავთ მართვადი სერვისების მეტად განვითარებას. ასევე, ვაპირებთ გავაძლიეროთ ინჟინერთა გუნდი, რათა პროექტების მზარდ რაოდენობას სრულფასოვნად მოვემსახუროთ და დამკვეთებს მათი ამოცანების გადაჭრაში დავეხმაროთ. ასევე ვგეგმავთ ინტენსიურად ავითვისოთ რეგიონული ბაზარიც და ჩვენი კომპეტენციით უფრო მეტ ორგანიზაციას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში.

[R]

Apple-მა Apple Vision Pro-სთვის შექმნილი ფილმის თრეილერი გამოუშვა

Johnnie Walker-მა ლოგოს Squid Game-ის კოსტიუმი ჩააცვა