Chanel-მა თავისი კლასიკური სუნამო Bleu-ს კამპანიისთვის ჰოლივუდის საკულტო რეჟისორთან, მარტინ სკორსეზესთან და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობთან, ტიმოთი შალამესთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ამ სამი გამორჩეული სახელის გადაკვეთამ კი ინდუსტრიას კიდევ ერთი კინემატოგრაფიული ვიდეორგოლი შესძინა…
90-წამიან შავ-თეთრ რეკლამაში შალამე თითქმის ყველა მსახიობისთვის ნაცნობ რეალობას ასახავს — დაწყებული თოქ-შოუებში სტუმრობით და წამყვანებთან კამათით, დასრულებული პაპარაცების „ჩასაფრებით“. თუმცა რეკლამას განსაკუთრებულ ნოტად გასდევს სკორსეზეს ხედვა, რაც თითოეულ დეტალში იგრძნობა… მაგალითად, მთავარი გმირის შინაგანი ტანჯვა, რომ აშკარად რაღაც მეტს ეძებს ცხოვრებაში, მინიმალური ვიზუალური მინიშნებებითაა გამოხატული.
მთელი სიუჟეტის განმავლობაში გამოსახულებას თან ახლავს მზარდი ლურჯი ფერი, რაც სუნამოს დასახელებას ეხმიანება. ტიმოთი შალამე კი მის მიმართ განსაკუთრებულ მიზიდულობას გრძნობს — თითქოს, თავადაც იხმობს, რომ მეტად მიუახლოვდეს. საბოლოოდ, კულმინაცია რკინიგზის სადგურზე ხდება, მთელი თავისი რომანტიკული დიდებით… როგორც კი სილირჯეში გადაეშვება, შავ-თეთრი განწყობა სადღაც ქრება და ყველაფერი ფერადდება.