in

Bliss Corner – როგორ შეიქმნა კაფე თბილისში, სადაც დილა ბედნიერად იწყება

თბილისში, ვაკის წყნარ უბანში, გამოჩნდა ადგილი, სადაც ყოველი დილა ბედნიერი ემოციებით იწყება. კაფე Bliss Corner – არის ოცნება, რომელიც დამფუძნებელს წლების მოგზაურობის შემდეგ საქართველოში სურდა აეხდინა. ეს „ბედნიერების კუთხე“ დაიბადა არა ბიზნეს გეგმიდან, არამედ ტყუპი შვილებისადმი სიყვარულით, რათა გარშემომყოფებისთვის ყოველდღიური ბედნიერება გაეზიარებინა. Bliss Corner-ში თითოეული დეტალი გულითაა შერჩეული და ყოველი სიტყვა სითბოს ასხივებს, ბრენდინგი პირად ისტორიას გვიყვება.

როგორ იქცა პატარა კაფე სივრცედ, სადაც ადამიანებს დადებითი ემოციები, არომატული მატჩა და ფერადი ატმოსფერო ხვდებათ? როგორ იქმნება ბრენდი, რომელიც ემოციებზე აშენებულია და თითოეული სლოგანი სიყვარულის წერილია? ჩვენ ვესაუბრეთ Bliss Corner-ის დამფუძნებელ იზა კელმ გირგვლიანსა და მარკეტერ თათია შარიფაშვილს, რომლებმაც ჩანაფიქრი რეალურ ბრენდად აქციეს.

M: რა იყო თქვენთვის მთავარი სტიმული Bliss Corner-ის შექმნისას?

იზა: მას შემდეგ, რაც წლები გავატარე საზღვარგარეთ და მოგზაურობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, სულ მქონდა სურვილი, საქართველოსთვის  მეჩუქებინა ისეთი სივრცე, სადაც თბილი ატმოსფერო, მყუდროება,ხარისხი  და ადამიანურობა მთავარი ღირებულებები იქნებოდა. ასე გაჩნდა Bliss Corner – ჩემი პატარა ახდენილი ოცნება. კაფე იმავე სახლში მდებარეობს, სადაც ვცხოვრობ. თავიდანვე მინდოდა, რომ ეს სივრცე ყოფილიყო კეთილგანწყობის, გულწრფელი ზრუნვის და მეზობლობის კულტურის მატარებელი ადგილი. მინდოდა, ჩემს ოჯახსა და სამეზობლოსთან ყოველდღიურად გამეზიარებინა პატარა ბედნიერება.

M: როგორ ჩამოყალიბდა იდეა, გაგეხსნათ კაფე, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს დღის დაწყებაზე გააკეთებდა?

იზა: დილის დაწყება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – როგორც დედისთვის, ასევე მეწარმე ქალისთვის. მჯერა, პოზიტიური და მშვიდი დილა მთელი დღის ტონს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ მინდოდა, Bliss Corner ყოფილიყო ის ადგილი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ დღის დაწყება მშვიდად, სითბოთი და სიყვარულით.

კონცეფციასა და ბრენდის სტრატეგიაზე გამოცდილ მარკეტერთან ერთად ვიმუშავე.

პირველ რიგში, ჩავატარეთ კვლევა, სადაც გამოვლინდა რომ რეალურად პატარა დასახლებებში ნაკლებად იხსნება კაფეები, სადაც დილა შეგიძლია დაიწყო გემრიელი საუზმით, არომატული ყავით, მატჩათი, ჩაით და დილის ბედნიერება იგრძნო. ამიტომ გადავწყვიტეთ კაფე გაგვეხსნა პატარა დასახლებაში (ილია ჭავჭავაძის 83, II ბლოკი), სადაც პირველ რიგში სამეზობლოს შევძენდით არომატულ ადგილს და ეტაპობრივად ყველა დასახლებაში გაჩნდება ჩვენი „გემრიელი“ კუთხე.

ყურადღება მივაქციე თითოეულ დეტალს – ჭურჭელს, ავეჯს, ინტერიერს… ბევრ ელემენტს საზღვარგარეთ მივაგენი და გულით გამოვარჩიე, რომ ეს ადგილი ყოფილიყო განსაკუთრებული. ჩემი ცხოვრების სტილი და ხედვა მთლიანად აისახა Bliss Corner-ის ატმოსფეროში.

M: რა იქნება Bliss Corner-ის სავიზიტო ბარათი?

იზა: Bliss Corner-ის მენიუ დიდი სიყვარულით და პროფესიონალიზმით შეიქმნა. მასზე ვიმუშავე გერმანიაში მოღვაწე გამოცდილ პატისერიე შეფთან ერთად – ყველაფერი დავგეგმეთ, დავაგემოვნეთ, შევისწავლეთ და მხოლოდ საუკეთესო შევარჩიეთ. ჩვენი დანიშები, პირდაპირ საფრანგეთიდან, Bredori-ის საშუალებით შემოგვაქვს.

გურმანული ეკლერები სამ განსხვავებულ ვერსიად წარმოგიდგენთ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Magic Cheesecake და Blueberry Cheesecake.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩას ხარისხი Bliss Corner-შია წარმოდგენილი – ჩვენი Strawberry და Mango Matcha არაჩვეულებრივი გემოთი და ტექსტურით გამოირჩევა.

ამავდროულად, ვამაყობთ, რომ ვართ ერთადერთი კაფე საქართველოში, რომელიც ექსკლუზიურად გთავაზობთ ფრანგულ პრემიუმ ჩაის ბრენდს – Kusmi Tea.

ჩვენი სავიზიტო ბარათია გემოვნებიანი სიახლეების აღმოჩენა, მაღალი ხარისხი და სტუმრების გულთბილი გამოცდილება, რაც მათ ყოველდღიურობას უფრო ბედნიერად აქცევს.

M: როგორ მოახერხეთ დამკვეთის პირადი ისტორიისა და ემოციური კავშირის ბრენდულ ნარატივად ტრანსფორმირება?

თათია: ამ სივრცეს საფუძვლად ემოციური ისტორია უდევს. კაფე მშობელმა სიყვარულით მიუძღვნა თავის ტყუპ შვილებს. ჩემთვის, როგორც მარკეტერისთვის, ეს ისტორია გახდა ინსპირაციის მთავარი წყარო.ბლის ქორნერი“ დაიწყო არა მენიუდან, არამედ სიყვარულით მოთხრობილი ამბიდან.

ჩემი ამოცანა იყო, ეს სიღრმე არ დამეკარგა ბრენდინგის არცერთ ეტაპზე. პირადი და ემოციური გადავთარგმნე ვიზუალურ ენად, სლოგანებად, ტონალობად.

ასე იქმნება ის ბრენდები, რომლებიც სუნთქავენ და ემოციას გაგრძნობინებენ.

Bliss Corner არის ადგილი, რომელიც გრძნობით, ზრუნვით, ხარისხით და გულით არის შექმნილი.

M: როგორ დაიბადა სახელდება და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ლოგოში გამოყენებულ ბალს ბრენდის კონცეფციასთან მიმართებაში?

თათია: სახელზე მუშაობისას მთავარი იდეა იყო, გვეპოვა ისეთი სიტყვა, რომელიც მარტივად აღიქმებოდა სხვადასხვა ეროვნების სტუმრისთვის და ამავდროულად გამოხატავდა ბრენდის მთავარ მესიჯს – ნეტარებას. სიტყვა Bliss ასოცირდება ბედნიერებასთან, სითბოსთან და პოზიტივთან, ხოლო “Corner” ქმნის შეგრძნებას, რომ ეს ადგილი სიმშვიდეს გთავაზობს ყოველდღიური ქაოსისგან.

ლოგოში გამოყენებული ბალი, ერთი მხრივ, გამოხატავს სიტკბოსა და სიამოვნებას, რაც ბრენდის ფუძეა, ხოლო მეორე მხრივ – ორად დაყოფილი ბალი ასახავს ტყუპების იდეას და სწორედ ამ გზით ჩავაქსოვეთ დამკვეთის პირადი ემოციური კავშირი ბრენდის იდენტობაში.

M: რა ემოციური დატვირთვა აქვს ფისტისა და ვარდისფერ ტონებს და როგორ უკავშირდება ეს ვიზუალური იდენტობა კაფეს ძირითად კონცეფციას?

თათია: ფერები ჩვენთვის უბრალოდ ესთეტიკის ნაწილი არ არის, ისინი  ქმნიან განწყობას. ფისტისფერი სიმშვიდის, ბუნების და ჰარმონიის სიმბოლოა. ის სტუმარს მყუდროებას ჰპირდება. ვარდისფერი კი ამ სიმშვიდეში სითბოს, სიხარულის და ბავშვური სუფთა ბედნიერების შეგრძნებას  ამატებს.ამ ორი ფერის კომბინაცია ქმნის იმ ემოციურ ტონს, რომელიც პირველივე ნახვაზე იწვევს სიმშვიდეს, ხოლო შემდეგ  სურვილს დარჩე, დააგემოვნო, იგრძნო.

ფერები  არ მხოლოდ ინტერიერის ნაწილია – ისინი ბრენდის გრძნობაა, რომელიც ვიზუალურად გადმოგეცემა.

M: როგორ გეგმავთ ბრენდის კომუნიკაციის განვითარებას სოციალურ მედიაში?

ჩვენი სლოგანები – ეს არის  სიყვარულით დაწერილი გზავნილები ყოველდღიურობისთვის:

  • Have a blissful day
  • Sip, smile, repeat
  • Life is short, eat the cake
  • Espresso yourself
  • Happiness is fresh from the oven

ისინი არ „ყიდიან“ პროდუქტს – ისინი ამბობენ, რომ აქ შენი ადგილი გაქვს.  შეგიძლია მოხვიდე, მიირთვა გემრიელად და უბრალოდ იყო ბედნიერი. ეს ტონი და ემოცია არის ბრენდის საფუძველი.

სოციალურ მედიაში ჩვენ გვინდა ვიყოთ სივრცე, სადაც ადამიანებს ველაპარაკებით არა რეკლამის ენით, არამედ მეგობრულად.ბლის ქორნერი“ იქნება ყოველი დღის პოზიტივის, თბილი ამბების და ადამიანური კომუნიკაციის ადგილი – ისეთი, როგორიც თავად კაფეა რეალურ ცხოვრებაში.

სოციალურ მედიაში ჩვენი მიზანია ვიზუალური ესთეტიკის მიღმა ადამიანების ემოციების გახსენება. ის, რაც ფოტოებს ცოცხლად აქცევს. თითოეული პოსტი გვინდა ჰგავდეს თბილ მოწვევას, არ იყოს მხოლოდ პროდუქტის ჩვენება, არამედ ამბავი, რასაც ადამიანი გიზიარებს,

ეს არის სივრცე, რომელსაც ადამიანები ქმნიან –  და სწორედ ადამიანებით ვაგრძელებთ მის ამბის თხრობას.

M: როგორ გამოირჩევა Bliss Corner და რა გეგმები გაქვთ სამომავლო განვითარებისთვის?

იზა: Bliss Corner ჩემთვის უბრალო კაფეზე ბევრად მეტია – ეს ჩემი მეორე სახლია. თითოეული დეტალი გულით არის შექმნილი და საკუთარ შვილებთან ერთად, სიამაყით ვაზიარებ ამ სივრცეს.

ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხარისხს – პროდუქტებში, მომსახურებაში და მთლიან ატმოსფეროში. ყველა ეტაპში პირადად ვარ ჩართული და მინდა, რომ სტუმრებმა იგრძნონ ზუსტად ის სითბო და ჰარმონია, რასაც ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას.

მომავალში ვგეგმავთ Bliss Corner-ის გაფართოებას – მენიუში დაემატება სეზონური ხილზე დაფუძნებული დესერტები და სასმელები. ასევე განვიხილავთ ახალი ფილიალების გახსნას, სადაც იგივე ხარისხი და ზრუნვა იქნება თითოეულ დეტალში.

[R]

Liquid Death-მა სასაცილო ტესტირება ჩაატარა

„ვიცი მასწავლებელი, რომელიც…” – საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში