in

ბლოკჩეინ კომპანიები და მათი აქციები, რომლებიც საუკეთესოა 2021 წელს ინვესტირებისთვის!

istoriebi
istoriebi

სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ფინანსების დაბანდების კარგ შესაძლებლობებზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კომპანიებიც. დღეს, ეს მიმართულება ძალიან აქტუალურია. შესაბამისად, ინვესტორებისთვის შეიძლება, საინტერესო იყოს ბიზნესები, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ.

ტერმინი „ბლოკჩეინ ტექნოლოგია“, უმეტესობას, ალბათ, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით სმენია და ზუსტად არც იცის, რა არის ბლოკჩეინი, ან რა კუთხით შეიძლება, ის საინტერესო იყოს ინვესტორებისთვის.

დღეს სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ – უფრო ზუსტად კი, გიამბობთ, რა არის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რატომ არის მიმზიდველი ეს ინდუსტრია, რომელი ბლოკჩეინის აქციებია საუკეთესო 2021 წელს ინვესტირებისთვის და რა უნდა იცოდეთ, თქვენ როგორც ინვესტორმა, თუ კი ამ სფეროში ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ?!

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი ბუღალტრული აღრიცხვის ტექნოლოგიური ფორმაა, რომელიც მონაცემებს დეცენტრალიზებულად ინახავს. ის საშუალებას იძლევა, სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მაგალითად, გადახდების ტრანზაქციები მხოლოდ ბანკის შიდა სერვერზე კი არ იყოს თავმოყრილი, არამედ „შეუცვლელი წიგნი“ შექმნათ, ანუ ჩანაწერების სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მხარისათვის. ბლოკჩეინ რეესტრი მონაცემების შესანახად ძალიან უსაფრთხო საშუალებაა. აქ არაფრის შეცვლა არ შეიძლება, თუნდაც, დოკუმენტის თარიღის. გარდა ამისა, მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, მათი [მონაცემების] ანონიმურად გამოიყენება.

სანამ თემას გავაგრძელებთ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგია და კრიპტოვალუტა ეს ორი სხვადასხვა კონცეფციაა. ბლოკჩეინი არის საბაზისო ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც მუშაობს კრიპტოვალუტები. თუმცა, სხვა ისეთი ფუნქციებითაც არის  აღჭურვილი, ბიტკოინთან, ან რომელიმე ციფრულ ვალუტასთან, საერთოდ შეხება რომ არ აქვს.

წარმოიდგინეთ, რომ კრიპტოვალუტა არის მანქანა და ბლოკჩეინ ტექნოლოგია ძრავა. რა თქმა უნდა, ის ამ ავტომობილის სამართავად გვჭირდება, თუმცა ძრავას კიდევ ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს. ზუსტად ასეა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაც და მისი საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ:

  • ციფრული პირადობის მოწმობა
  • ჯილდოები და ლოიალობის პროგრამები
  • საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმი
  • ხმის მიცემის ციფრული პროცედურა
  • სამედიცინო ჩანაწერები
  • ანდერძი

თქვენ, როგორც ინვესტორმა, უკვე იცით, რა არის და როგორ მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ან რაში იყენებს მას ბიზნესი. ამიტომ, ახლა უშუალოდ ამ კომპანიებსა და მათ აქციებსა თუ სხვა ფასიან ქაღალდებში ფინანსების დაბანდების პოტენციალზე ვისაუბროთ.

7 ბლოკჩეინ კომპანია, რომელთა აქციებიც საუკეთესოა ინვესტირებისთვის

ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ათობით საჯაროდ მოვაჭრე კომპანია იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში და მომხმარებელს მასთან დაკავშირებულ უამრავ მომსახურებას სთავაზობს.

როცა ამ ტიპის ბიზნესზეა საუბარი, წარმოუდგენელია, არ ვახსენოთ, გრაფიკული პროცესორების (GPU), ანუ „მაინერების“ მწარმოებელი წამყვანი კომპანია NVIDIA (NASDAQ:NVDA). GPU-ზე ისეთი ინდუსტრიების მუშაობაა დამოკიდებული, როგორებიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, თვითმმართველი ავტომობილები, „გეიმინგი“. „მაინერები“ იყენებენ სპეციალიზებულ გრაფიკულ პროცესორებს, ტრანზაქციების ბლოკჩეინ სისტემაში, რომლის სანაცვლოდაც ციფრულ მონეტებს იღებენ. „მაინინგის“ მიმართ ინტერესი, კრიპტოვალუტაზე ფასის ზრდასთან ერთად, ბოლო დროს, განსაკუთრებით გაიზარდა.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან ერთ-ერთი პირველი ასოცირდება CME Group (NASDAQ:CME), საბირჟო ოპციებისა (ფასიანი ქაღალდების) და ფიუჩერსების (ვადიანი გარიგების) მიმართულებით არსებული ყველაზე მსხვილი ბირჟა, რომელიც მომხმარებლებს დერივაციულ ფასიან ქაღალდებს, ინდექსებსა და სხვა ბევრ საინვესტიციო შეთავაზებას უკეთებს. CME Group  ერთადერთი ბირჟაა, რომელიც ბიტკოინისთვის ფიუჩერს კონტრაქტებს ქმნის. 2020 წლის ბოლო კვარტალში ბიტკოინის მიმართ ინტერესის ზრდისა და იმ ალბათობის გამო, რომ უახლოეს მომავალში, ამ კრიპტოვალუტის ფასმა, შესაძლოა, რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწიოს, CME Group შემოსავლების ზრდას ელის, რადგან თითოეული ტრანზაქციის სანაცვლოდ, კომპანია გარკვეულ „საკომისიოს“ იღებს. შესაბამისად, თუ კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი მოიმატებს, რა თქმა უნდა, მის ბირჟაზე სხვა ფიუჩერსების (ვადიანი გარიგების) პროდუქტებიც გაიზრდება.

ამ ინდუსტრიაში ცნობილი კიდევ ერთი მოთამაშე გახლავთ ფინანსური ტექნოლოგიის (fintech) კომპანია Square (NYSE:SQ). მას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს – მცირე ბიზნესისთვის გადახდების ეკოსისტემა და Cash App-ით პირადი გადახდების პლატფორმა. აპლიკაცია Cash ეხმარება მომხმარებელს, სწრაფად და მარტივად იყიდონ და გაყიდონ ბიტკოინები. ამ პლატფორმაზე, 2020 წლის პირველ კვარტალში $1.6 მილიარდზე მეტის ღირებულების ბიტკოინი გაიყიდა. Square, ასევე, ახორციელებს ბიზნესის დაკრედიტების ოპერაციებს. ამასთან, კომპანიამ სულ ახლახან წარადგინა Square Online Store, რომლებიც მოვაჭრეებს ელექტრონული კომერციისა და მრავალარხიანი საშუალებების შექმნის, ან განვითარების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, Square-ს ბიტკოინის დეველოპერთა თავისი გუნდი ჰყავს, რომელიც Square Crypto-ს სახელითაა ცნობილი და საკუთარ პროექტებსაც ახორციელებს.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით ოპერირებს და საქართველოშიც ძალიან ცნობილია, გახლავთ IBM (NYSE:IBM). თითქოს, ბოლო დროს, ეს ბიზნესი არც ისე პოპულარულია. მისმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ კომპანია ძველებურად გაეაქტიურებინა და მოგება გაეზარდა. მაგალითად, $34 მილიარდად Red Hat-ის შეძენა, რაც მას კორპორაციული კლიენტებისთვის ჯვარედინი გაყიდვების შესაძლებლობას აძლევს. რაც შეეხება ბლოკჩეინს, IBM Blockchain-მა უკვე წარადგინა გადაწყვეტილებები ტრანსფორმაციისა და გარდაქმნის მიზნით ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა: Kroger (NYSE:KR), True Tickets და ბევრი სხვა. ეს მიმართულება, ექსპერტების თქმით, უფრო და უფრო პოპულარული გახდება მომდევნო წლებში. პლატფორმა დაეხმარება მომხმარებლებს, შექმნან უფრო საიმედო და გამართული მიწოდება – მომარაგების ქსელები, რომელიც კიდევ უფრო მეტად აქტუალურია COVID-19-ის გამო შექმნილი რთული სიტუაციის გამო.

ალბათ, წარმოუდგენელია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე საუბარი გადახდების სისტემა Mastercard-ის (NYSE:MA) გარეშე. კომპანია, ბოლო წლებში, განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს აღწევს, რადგან უნაღდო ანგარიშსწორების ეკონომიკის აღმავალი ტენდენციის შესაბამისად, სადებეტო და საკრედიტო ბარათებზე ბრუნვა გაიზარდა. ამასთან, „მასტერქარდი“ თანამშრომლობს კომპანიასთან R3, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და საზღვართშორისი გადარიცხვების ახალ სისტემებზეა პასუხისმგებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ დაგეგმილზე ბევრად სწრაფად „ჩაუშვა“ Crypto Card-ის პროგრამა, რომელიც პარტნიორებს კრიპტოვალუტის გადახდის ბარათების ბაზარზე შემოტანის საშუალებას აძლევს და მთელს პროცესს ძალიან უმარტივებს. ამ ყველაფრის დამსახურებით, Mastercard ინდუსტრიის უმთავრესი მოთამაშეა.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე საუბარი, ალბათ, წარმოუდგენელია DocuSign-ის (NASDAQ:DOCU) გარეშე, რადგან ის უდავო ლიდერია ელექტრონული ხელმოწერების ბაზარზე. რთული მისახვედრი არ არის, რატომ ვითარდება ეს ინდუსტრია ასე სწრაფად, ელექტრონული ხელმოწერა ხომ ფიზიკურ პირებს, თუ კომპანიებს დროისა და ფინანსების ეკონომიის საშუალებას აძლევს. კომპანიების შეფასებით, საქმის წარმოებისას, თითო ტრანზაქციაზე, დაახლოებით, $36-ით მცირდება ხარჯი. DocuSign 2015 წლიდან აქტიურად იყენებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შეთანხმებები თუ სხვა სახის დოკუმენტები Ethereum ბლოკჩეინზე განათავსონ.

ბოლოსთვის ისეთი კომპანია შემოვინახეთ, რომელიც ალბათ, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად პოპულარულია. საუბარი გვაქვს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ, ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე Amazon (NASDAQ:AMZN) კომპანია, ასევე, ოპერირებს ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვერზე Amazon Web Services. ეს პლატფორმა მომხმარებლებს Amazon Managed Blockchain პროგრამას სთავაზობს, რა მათ საშუალებას აძლევს, შექმნან და მართონ საკუთარი ბლოკჩეინ ქსელები. გარდა ამისა, „ამაზონს“ აქვს პოტენციალი სრულად, მასობრივად ჩართოს ბლოკჩეინ ტექნოლოგია ელექტრონული კომერციის ბიზნესში. ეს ახლა Amazon-ის შემოსავლის მცირე პროცენტს შეადგენს, თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სამომავლოდ, ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობაც იზრდება.

Photo Credit: Getty Images

ამ კომპანიებზე საუბრისას, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ არც ერთი მათგანი არ არის წმინდა ბლოკჩეინ ან კრიპტოვალუტის ბიზნესი. თითოეული მათგანი ან თავისი ინდუსტრიის ლიდერი, ან კარგად ჩამოყალიბებული და განვითარებული კომპანიაა. მთელი არსიც ამაშია. მართალია, ბლოკჩეინ ტექნოლოგია, დაახლოებით, 10 წელია არსებობს, თუმცა, რეალურ სამყაროში იმპლემენტაციის თვალსაზრისით, ისევ ადრეულ ეტაპზეა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის – მას უდავოდ შეუძლია, ფინანსების, ტექნოლოგიისა და სხვა ბევრი ინდუსტრიის მთავარი ნაწილი გახდეს. ამისთვის უახლოეს რამდენიმე წელიწადი, ან შეიძლება ცოტა მეტი დრო იყოს საჭირო. ამიტომ, კომპანიები, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით ოპერირებენ, ძალიან კარგი საშუალებაა ინვესტიციისთვის. თუმცა, არ უნდა დაივიწყოთ რისკების და სცენარის სხვადასხვაგვარად განვითარების ალბათობა. შესაბამისად, თქვენ, როგორც ინვესტორმა კარგად უნდა აწონ – დაწონოთ ამ ინდუსტრიაში არსებული შეთავაზებები, გათვალოთ ყველა დეტალი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.

 


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

 

ავტომობილების პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში – ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ ციფრული შოურუმი

Adobe-მ Photoshop-ისა და Illustrator-ის ვებ-ვერსიები წარადგინა!