როდესაც საქმე საკუთარი თავის რეკლამირებას ეხება, დღესდღეობით ჰორიზონტზე ფართო არჩევანი იშლება, ვინაიდან უამრავი სოციალური ქსელის პლატფორმას მოვიხმართ ყოველდღიურად — დაწყებული ლინკდინით, ტიკტოკითა და იუთუბით დასრულებული. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური უპირატესობა გააჩნია, თუმცა ერთი, რაც აერთიანებთ, უკონტროლო მდგომარეობაა.
ამ უკონტროლობაში ის ფაქტი იგულისხმება, რომ სოციალური ქსელების უკან მდგომი პირები თავად წყვეტენ, როდის რა ცვლილება უნდა დაინერგოს — მომხმარებლები კი ინერციით მიჰყვებიან განახლებულ წესებს თუ შესაძლებლობებს. შესაბამისად, ყოველი მათგანის სრულყოფილად ათვისება დიდ ენერგიას მოითხოვს, რაც თვითრეკლამირების ხარისხზე ხშირად ნეგატიურად აისახება.
სწორედ აქ ჩნდება საკუთარი პლატფორმებისა და ვებგვერდების როლი — „მისაკუთრებული მედია“, რომელსაც თავად ვაკონტროლებთ. ექსპერტებიც იზიარებენ იმ პროგნოზს, რომ მიმდინარე წლიდან „ბლოგინგი“ სულ უფრო მეტად გააქტიურდება. მარკეტინგული ბიუჯეტები სულ უფრო იკუმშება, სოციალური მედიის ნავიგაცია სულ უფრო მეტად რთულდება და ჩვენ ყველას შეზღუდული დრო გვაქვს ჩვენი მუშაობის პოპულარიზაციისთვის — შესაბამისად, პერსონალური ბლოგების შექმნა არა მხოლოდ ინდივიდებს, არამედ კომპანიებსა და ბრენდებსაც შეუძლიათ.
პატარა კუთხე მსოფლიო ქსელში
მეტაფორულად თუ ვიტყვით, პერსონალური ბლოგები უზარმაზარ ოკეანეში მოცურავე თევზებს ჰგავს. დღეისათვის ინტერნეტსივრცეში 600 მილიონზე მეტი ბლოგია თავმოყრილი — ზოგი მეტი პოპულარობით სარგებლობს და საკმაოდ ვრცელ კონტენტსაც მოიცავს, ზოგი კი მხოლოდ ერთი-ორი ჩანაწერით შემოიფარგლება და კრახზე მიანიშნებს. ამ უკანასკნელთა მაგალითმა შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ ბლოგებს ვერავინ შეამჩნევს ან მხოლოდ საკუთარ თავთან საუბარს ჰგავს, მაგრამ არასწორად ფიქრობთ…
რეალურად, ბლოგების სიმრავლე უპირატესობაა და არა — მინუსი. კიბერსივრცეში „მასშტაბური ხმაური“ მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა, რათა ავთენტური იყოთ, გააზიაროთ პირადი ხმა და ფართო აუდიტორიის წინაშე ისაუბროთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
იდეალური ვიტრინა თქვენი შემოქმედებითი მუშაობისთვის
თქვენი ბლოგი ცალსახად თქვენია. სხვა ვერავინ გიკარნახებთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ის. ავტომატურად, ეს თავისუფალ მმართველობას გულისხმობს, რათა კონტენტი სურვილისამებრ მართოთ და ყველაფერი საკუთარ მოსაზრებებს დაუქვემდებაროთ. ეს არის სივრცე, სადაც ნარატიულ თუ ვიზუალურ შემოქმედებას ზუსტად ისე წარმოაჩენთ, როგორც თავად გსურთ — გაუკეთებთ შესაბამის აღწერებს, დაწერთ იმაზე, რაზეც გსურთ საუბარი და თქვენს თავსაც სასურველი კუთხით წარმოაჩენთ.
გააძლიერეთ SEO
იმისათვის, რომ თქვენი ბლოგი ცნობილი და პოპულარული გახდეს, ინტერნეტის უახლეს მექანიზმებს სწორად უნდა მოერგოთ. ამ მრავალფეროვნებაში, სადაც ყურადღების მრავალი მიმართულებით გაფანტვის შესაძლებლობა არსებობს, შესაბამისი ადგილი უნდა გამოინახოს კონკრეტული ბლოგის რეგულარობისთვის.
ამ თვალსაზრისით, აუცილებელია SEO-ს სწორი მექანიზმების შემუშავება.
გახადეთ მეტად პერსონალური
ხალხი ხალხისგან ყიდულობს. როგორც უნდა შეიცვალოს სამყარო, ადამიანები ყოველთვის ახალ რეალობას მოერგებიან — მაგალითად, პანდემიამ დაამტკიცა, რომ ადამიანური კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია, ბლოგი კი შესანიშნავი გზაა მსგავსი ურთიერთობების დასამყარებლად. აქ ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი, იმის მიხედვით, თუ რა სფეროს მოიცავთ, რა ტიპის კონტენტს ფარავთ.