რამდენიმე თვის წინ, ქართულ სტარტაპ სივრცეში ახალი კონცეფციისა და დანიშნულების ბლოკნოტების მწარმოებელი – Mind Map გამოჩნდა. ახალბედა ბიზნესის იდეა
ბლოკნოტის მფლობელისთვის დროის მენეჯმენტსა თუ თვითგამორკვევაში დახმარებას გულისმობს. წიგნაკის სხვადასხვა გვერდზე არის ადგილი თქვენი იდეებისთვის, მიზნებისთვის, სურვილებისთვის, მუსიკისთვის, განრიგისთვის, ინტერესებისთვის და ა.შ. ქართული „გონების რუკა” სამმა მეგობარმა – ნინა გომართელი (კინომცოდნე), თაკო ლეკიაშვილი (მარკეტერი) და ანი სოფრომაძე (ფინანსისტი) – შექმნეს. იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს Mind Map მომხმარებელთა პროდუქტიულობასა და მობილიზებულობაზე ზრუნვას, მარკეტერი სტარტაპის ერთ-ერთ ავტორს – ნინა გომართელს ესაუბრა:
M: როგორ გაგიჩნდათ Mind Map-ის შექმნის იდეა, რამ შეგიწყოთ ხელი იდეის განხორციელებასა და განვითარებაში?
ბლოკნოტების, განსაკუთრებით ორგანაიზერების მიმართ, სიყვარული ბავშვობიდან გვაქვს. როდესაც გიყვარს ყველაფრის ჩანიშვნა, გიწევს, გქონდეს რამდენიმე ბლოკნოტი თემატიკის მიხედვით, ამიტომ, რამდენიმე თვის წინ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველაფერს გააერთიანებდა. პირველ რიგში, მოვიძიეთ, არსებობდა თუ არა ანალოგი; იმ ფაქტმა, რომ ქართულ და უცხოურ ბაზარზე ვერ ვიპოვეთ მიახლოებული მაგალითი, სურვილი გაგვიმძაფრა, იდეა დავხვეწეთ და მინიმალური, პირადი ფინანსებით შევუდექით საქმის კეთებას.
M: როგორია Mind Map-ის კონცეფცია, რა დატვირთვა აქვს მას და რაში გვეხმარება?
Mind Map (გონების რუკა) ამართლებს სახელს და გვეხმარება თავი მოვუყაროთ ჩვენს ფიქრებს, იდეებს, წვრილმან საქმეებს თუ ამოცანებს, ამისთვის ყოველი გვერდი, შესაბამისი დიზაინით, გვაძლევს მიმართულებას. ჩვენი აზრით, ეს მიდგომა პროდუქტიულობას ზრდის და გვეხმარება დროის მენეჯმენტში.
M: რა უპირატესობა გაქვთ ბლოკნოტების მწარმოებელ სხვა ბრენდებთან მიმართებაში?
მოხარულები ვართ, რომ დღესდღეობით, ქართულ ბაზარზე არაერთი სტარტაპი ხარისხიან, ლამაზ და ხელნაკეთ ბლოკნოტებს ქმნის. თუმცა ის დანიშნულება, რაც Mind Map-ს აქვს, არის კონკრეტული და შეიძლება ითქვას, უკონკურენტო.
M: როგორია Mind Map-ის ბლოკნოტების შექმნის პროცესი და რა არის პრიორიტეტი მათი შექმნისას?
ყოველდღე უამრავი იდეით ვიღვიძებთ, შემდეგ თავს ვუყრით ამ იდეებს და ვინაწილებთ საქმეებს. ყველაზე დიდ დროს მის დიზაინზე მუშაობას ვანდომებთ, გვინდა, რომ ყველა გვერდი იყოს გამორჩეული და გამოშვებიდან გამოშვებამდე, ხარისხი გავზარდოთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ სტამბასთან, რომლის თანამშრომლებიც ხელს გვიწყობენ ხარისხის გაზრდასა და დამუშავებაში. ჩვენი პრიორიტეტია დიზაინი, ზომა და ის, რომ გვერდების თემატიკა ზუსტად პასუხობდეს მისი მომავალი მფლობელის ინტერესებს.
M: პროდუქციის რეალიზების რა გზებს იყენებთ და სად შეიძლება თქვენი ბლოკნოტების შეძენა?
ჯერჯერობით, ისევე როგორც სტარტაპების უმრავლესობა, სოციალური ქსელის და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის სახით ვახდენთ რეალიზებას, თუმცა გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა მაღაზიებთან და უახლოეს მომავალში არაერთ ობიექტში იქნება Mind Map-ის შეძენა შესაძლებელი.
M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და რა მიმართულებით გეგმავთ Mind Map-ის განვითარებას?
ვთვლით, ფასი არის ადეკვატური და ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე, გვაქვს სტანდარტული, ერთი სახის ვერსია როგორც ინგლისური, ასევე – ქართული და ფასი არის ფიქსირებული; მომავალში, ვგეგმავთ Mind Map-ის სხვადასხვა მხრივ განვითარებას და ფასებიც რა თქმა უნდა, შესაბამისი იქნება და მომხმარებელს შეეძლება არჩევანის გაკეთება. გვინდა Mind Map კონკრეტული მიმართულებებითაც განვითარდეს, რომელიც იქნება მხოლოდ პროექტის, მოგზაურობის თუ სხვა რაიმე აქტივობის დაგეგმვისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის მისი მფლობელის მობილიზებას და პროდუქტიულობას.











