კაროლინსკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ღვიძლის მძიმე დაავადებების რისკის განსაზღვრისთვის უნიკალური მეთოდი შეიმუშავეს. კვლევის შედეგად შექმნილი სისხლის ანალიზი პირველადი ჯანდაცვის რგოლს ღვიძლის ციროზისა და კიბოს ადრეული გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. მკვლევართა გუნდის თანახმად, ეს დაავადებები სულ უფრო ხშირდება და გვიანი გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის პროგნოზი არასახარბიელოა. ინსტიტუტის მედიცინის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ შემუშავებული მეთოდი 10 წელია მძიმე პათოლოგიის განვითარების რისკის პროგნოზირებას ახდენს ამ სამი ანალიზის საფუძველზე.
CORE-ის სახელით ცნობილი მოდელი დამუშავდა პროგრესული სტატისტიკური მეთოდებით და ეყრდნობა ხუთ ძირითად პარამეტრს: პაციენტის ასაკს, სქესს და სამი გავრცელებული ღვიძლის ფერმენტის (AST, ALT და GGT) მაჩვენებლებს, რომელთა გაზომვაც სტანდარტული სამედიცინო შემოწმებების დროს ხდება.
კვლევა დაეფუძნა იმ 480,000-ზე მეტი პირის მონაცემებს, რომლებმაც სტოკჰოლმში 1985-1996 წლებში ჯანმრთელობის შემოწმება ჩაიტარეს. 30-წლიანი დაკვირვების პერიოდში გამოვლინდა, რომ მონაწილეთა დაახლოებით 1.5%-ს განუვითარდა მძიმე ღვიძლის დაავადება, როგორიცაა ციროზი და ავთვისებიანი სიმსივნე, ან ორგანოს ტრანსპლანტაცია დასჭირდა.
CORE მოდელმა მაღალი სიზუსტე გამოავლინა და შემთხვევათა 88%-ში შეძლო განესხვავებინა დაავადების განვითარების მაღალი და დაბალი რისკის მქონე პაციენტები, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ამჟამად არსებულ FIB-4 მეთოდთან შედარებით. ექსპერტების აზრით, არსებული მეთოდი არ არის მორგებული საერთო პოპულაციაზე და ნაკლებად ეფექტურია ღვიძლის მძიმე პათოლოგიების რისკის პროგნოზირებაში.
მეცნიერთა გუნდმა ანალოგიური კვლევები ჩაატარა ფინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, სადაც ახალმა მოდელმა კვლავ მაღალი სიზუსტე აჩვენა. თუმცა, მკვლევრების თქმით, აუცილებელია დამატებითი ტესტირება განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, მათ შორის ტიპი 2 დიაბეტისა და სიმსუქნის მქონე პაციენტებში. ასევე, პრიორიტეტულია CORE მოდელის ინტეგრაცია სამედიცინო ჩანაწერების სისტემებში კლინიკური გამოყენების გასამარტივებლად.
წყარო: Sciencedaily












