სულ მალე, ლაგოდეხს ბლუზის ჰანგები აავსებს. 2024 წლის, რიგით მერვე ბლუზ-ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება და 10 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ათასობით მელომანს უმასპინძლებს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს გემოვნებიანი, თავისუფალი და მრაველფეროვანი მუსიკის საკმაოდ იშვიათი სახეობის არსებობა ბლუზის ფესტივალი საერთაშორისო შემსრულებლებს უმასპინძლებს, როგორებიცაა: დემეტრია ტეილორი, სერ ვალდო ვეზერსი და ადრიან ბაირონ ბერნსი, ბიგ დედი ვილსონი და მისი ბენდი. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი, რომლის ხელშეწყობითაც ეწყობა „ბლუზ-ვილიჯი“ ტყის პირას.
„ამ ხნის მანძილზე ჩავატარეთ ორმოცზე მეტი კონცერტი, ძირითადად ჩიკაგოს, მემფისის, ტექსასის, ასევე ინგლისური, იტალიური, ისრაელისა და გერმანიის ბლუზ-ვარსკვლავების მონაწილეობით. ჩვენი ფესტივალი ერთადერთია რეგიონში და მეტიც, ასეთ ბლუზს არ უკრავენ მთელს ევროპაში, ეს არის ამერიკელი ბლუზ-ვარსკვლავების შეფასებები. ჩვენი პროექტის არტ მენეჯერია ჩიკაგოს ბლუზის ვარკვლავი შერონ ლუისი, რომლის შედგენილიცაა ბოლო წლების პროგრამები, მისი დამსახურებაა ასეთი მაღალი პროფესიონალების მონაწილეობა ფესტივალში“, გვიამბო იდეის ავტორმა, ფესტივალის დამფუძნებელმა და დირექტორმა ვიქტორ კერვალიშვილმა.
ბლუზის ფესტივალის შესახებ ჩვენს შეკითხვებს ვიქტორს კერვალიშვილმა და თიბისის მარკეტერმა ნატა კანდელაკმა უპასუხეს.
M: ბლუზის ფესტივალს უკვე რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. როგორ დაიბადა ღონისძიების იდეა და რა მემკვიდრეობა შექმნა ამ წლების განმავლობაში?
ვიქტორ კერვალიშვილი: ჯერ იყო ბლუზი. ჯაზი, როკენროლი, როკი და ყველა მომდევნო მუსიკალური ჟანრები ბლუზის შვილებია. ყველა ამ ჟანრის მუსიკოსი თავის პროგრამაში მინიმუმ ერთ ნაწარმოებს მაინც ასრულებს ბლუზ-სტანდარტით, ამ ჟანრის პატივისცემის ნიშნად. ბლუზის დაკვრა საქართველოში ცოტა გვიან დაიწყეს, არსებული საბჭოთა იზოლაციის გამო და ის პირველი თაობა, რომელმაც ბლუზი დაუკრა, ბავშვობის მეგობრები იყვნენ. იმ უბნელი ვიყავი მეც. ეს იყო რეპეტიციები სახლებში, გამუდმებული კონფლიქტები მეზობლებთან, საბჭოთა წყობისათვის არადამახასიათებელი განსხვავებული ვარცხნილობა, ჩაცმულობა. იდეა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც დაგვეკრა ბლუზი თავისუფლად სცენაზე, ფესტივალის ფორმატში და ამერიკელებთან ერთად, მოგვყვება ბავშვობიდან, უბრალოდ ამის განხორციელება ახლა მოვახერხეთ, როდესაც გაგვიჩნდა ამის შესაძლებლობა.
მოვგროვდით ძველი უბნელები და ავიხდინეთ ოცნება. გვერდში დაგვიდგნენ უფროსი თაობის ბლუზმენები და მათი გაზრდილი უმცროსი ძმები. ამერიკიდან ცნობილი ვარსკვლავები ჩამოვიყვანეთ და შედგა დიდი ჯემ-სეიშენი. ჩვენს ბებერ ბლუზმენებს მოვასმენინეთ გამოტოვებული აპლოდისმენტები, ახალი თაობა კი ბლუზით დავაინტერესეთ ბლუზით. შეიქმნა ახალი ბლუზ ბენდები, საგრძნობლად გაიზარდა ბლუზის მსმენელთა აუდიტორია და ამით ბედნიერები ვართ.
M: რატომ აირჩიეთ ბლუზის ფესტივალის ჩატარებისთვის ლაგოდეხი?
ვიქტორ კერვალიშვილი: ფესტივალის ყველა კონცერტს ვიწყებთ სიტყვებით – გაგიკვირდებათ და ეს ლაგოდეხია! ლოკაციად ლაგოდეხი შევარჩიეთ, როგორც საუცხოო ვუდსტოკის სივრცე, ნაკრძალის გამო. მყუდრო გარებო, ზაფხულის ცხელ დღეებში გრილი მთის ძირი, სადაც გავაშენეთ უნიკალური დენდრო პარკი. ერთ დროს საკმაოდ მოწყენილი და ბევრისთვის უცნობი ლაგოდეხისაგან მივიღეთ, ბლუზის სამყაროში კარგად ცნობილი საფესტივალო მხარე.
M: როგორია ღონისძიების კონცეფცია და რა როლი აქვს მას მსმენელისთვის ხარისხიანი მიწოდების კუთხით?
ვიქტორ კერვალიშვილი: საფესტივალო პროექტებისათვის დამახასიათებელია ჯემსეიშენი. პროგრამის დაკვრის შემდეგ იწყება ჯემები და ამ დროს დაკრული მუსიკა აღარ მეორდება ბუნებაში – ასეთი საშემსრულებლო გაჯიბრებების დროს იკვრება მუსიკა, რაც არის სასიამოვნო სიურპრიზი მსმენელისათვის და ამის მოსასმენად მოდის მათი უმეტესობა, ის, ვინც კარგად ერკვევა ბლუზში. წლევანდელი პროგრამა გამორჩეულად საინტერესოა.
M: ვინ იქნებიან წლევანდელი ფესტივალის მთავარი შემსრულებლები?
ვიქტორ კერვალიშვილი: 20 ივლისს, ფესტივალს გახსნის დემეტრია ტეილორი, ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, საოცარი ემოციისა და ხმის მუსიკოსი. ის გახლავთ 2022 კოკო ტეილორის სახელობის ჯილდოს მფლობელი, 2023 წლის ჩიკაგოს ბლუზ-ფესტივალის ჰედლაინერი. წელს, მას მიენიჭა ბლუზის ოსტატის წოდება ჩიკაგოს ბლუზის დიდების დარბაზის მიერ.
27.07 სერ ვალდო ვეზერსი პირველი ფერდკანიანი ქანტრი საქსოფონისტი, რომელიც წლების მანძილზე ჯეიმს ბრაუნთან უკრავდა.
03.07 ადრიან ბაირონ ბერნსი – დღეს, მთელს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებლად ითვლება.
10 აგვისტოს ფესტივალს დახურავს განუმეორებელი ბიგ დედი ვილსონი და მისი ბენდი, რომელიც მაყურებელს უნიკალურ მუსიკალურ მოგზაურობაში წაიყვანს ბლუზის ფესვებიდან კლასიკურ სოულამდე, ფოლკიდან თანამედროვე ქალაქურ რიტმებამდე.
M: რა მნიშვნელობას ატარებს ბლუზის ფესტივალი ქართული მუსიკალური სფეროს განვითარებაში?
ნატა კანდელაკი: 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფესტივალი პირველად ჩატარდა, საგრძნობლად იზრდება აუდიტორია და ბლუზისადმი ინტერესი.
ქართველი ბლუზ-მუსიკოსებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენაა, ძალიან ბევრი საინტერესო მუსიკალური ექსპერიმენტი ტარდება ფესტივალის პერიოდში, რაც რა თქმა უნდა, უდიდესი გამოცდილებაა არსებული და მომავალი ბლუზ-მუსიკოსებისთვის და ზოგადად ჟანრის განვითარებისთვის.
M: თიბისისთვის რატომაა მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდაჭერა?
ნატა კანდელაკი: თიბისისთვის, როგორც კულტურული მიმართულების მუდმივი მხარდამჭერისთვის, ერთ-ერთი განსაკუთრებულად მნიშნველოვანი დარგია მუსიკა. ამ მიმართულებით, ჩვენ ძალიან ბევრ პროექტს ვუწევთ პარტნიორობას და ძალიან გვიხარია, რომ იგივე შესაძლებლობა მოგვეცა ბლუზის ჭრილში.
წელს, ტარდება მე-8 საერთაშორისო ბლუზ-ფესტივალი ლაგოდეხში. ეს არის როგორც მუსიკის ამ ჟანრის განვითარებისთვის, ასევე რეგიონული აქტივაციისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ფესტივალი. მიუხედავად იმისა, რომ ბლუზის მსმენელი აუდიტორია, სხვა მუსიკის მიმდინარეობასთან შედარებით, ბევრად მცირეა, ეს ფესტივალი ხარისხს უდავოდ ინარჩუნებს და საგრძნობლად მზარდია ინტერესიც.
M: რას გეგმავთ ფესტივალთან დაკავშირებით?
ნატა კანდელაკი: შემიძლია ვთქვა, რომ ორმაგად საინტერესო და მიმზიდველია ფესტივალის ლოკაცია. ეს არის კახეთში, ლაგოდეხის ნაკრძალთან, აკაციის ტყის პირას მდებარე ე.წ ბლუზ-ვილიჯი. სწორედ ეს ადგილი ქმნის საუცხოო გარემოს და უქმნის ამ ფესტივალს განსაკუთრებულ ღირებულებას.
თიბისი მხარს უჭერს ფესტივალს როგორც იდეურად, ასევე ორგანიზატორებთან ერთად ვზრუნავთ, რომ ეს საოცარი გარემო, კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ.
მომხმარებელი, თიბისის ბარათით გადახდისას, 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს ოთხივე კონცერტზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბლუზ-ფესტივალი მორიგ ჯერზეც შექმნის დაუვიწყარ გამოცდილებას, როგორც ქართველი ასევე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებისათვის.
M: რა ელით სტუმრებს ბლუზის ფესტივალზე?
ვიქტორ კერვალიშვილი: წლების მანძილზე ყალიბდება გუნდი ერთნაირი მუსიკალური გემოვნებისა და ბიზნესის განვითარების სწორი ხედვით. ორმხრივი სასარგებლო თანამშრომლობის ფონზე. ბლუზის, როგორც მაღალი გემოვნების მუსიკალური ჟანრის პოპულარიზაცია საქართველოში, არტ-ტურიზმის განვითარების წინაპირობაა, რაც ტურიზმის ერთ-ერთი ძლიერი სეგმენტია. ამ პროექტში ამერიკისა და გერმანიის საელჩოების მონაწილეობა გასაგებია, ხოლო თიბისი ჯგუფის, კოკა-კოლას, ლეონიძის ზვრების, პრემიუმ კრაფტ ლუდ „ტაატის“, „იტალ დიჯიტალის“ და „კაპაროლის“ მონაწილეობა მიუთითებს მათი მენეჯმენტის მუსიკალური გემოვნების დახვეწილობასა და ბიზნესი განვითარების სწორ ხედვაზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება წლების მანძილზე და სასურველ ფინანსურ მოგებას ვნახავთ, ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტის განხორციელების პროცესში.
[R]