in

Bluesky, ტვიტერის კონკურენტი აპლიკაცია, App Store-ში ჩაეშვა

M2

მას შემდეგ, რაც ტვიტერის ხელმძღვანელი ილონ მასკი გახდა და ბევრი გაუგებრობა წარმოიშვა, ბაზარზე ახალი კონკურენტის გამოჩენის დრო დადგა. შეიძლება ითქვას, ჯეკ დორსიმ სწორი დროით ისარგებლა და შექმნა აპლიკაცია Bluesky, რომელიც ამჟამად iOS მომხმარებლებისთვის ბეტა ვერსიაში მუშაობს, მაგრამ მალე გახდება ყველასთვის ფართოდ ხელმისაწვდომი. როგორც მისი წარმომდგენლები განმარტავენ, მათი მიზანია, შექმნან დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი, როგორც დამოუკიდებელი პლატფორმა.

„ტვიტერმა და Bluesky-იმ გააცნობიერეს, რომ მომხმარებლების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. ამიტომაც დავაარსეთ დამოუკიდებელი კომპანია, რათა მაქსიმალურად ფართო ინტერესები უზრუნველვყოთ“, — განაცხადა Bluesky-იმ გასულ წელს.

ამ მომენტისთვის სოციალურ მედიაში გაწევრიანება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მოწვევა მიიღო ან მომლოდინეთა სიაში იყო. ახლა კი, როცა ნელ-ნელა აპლიკაციის უფრო ფართოდ გაშვება იგეგმება, მთავარ კითხვად ის რჩება თუ რა ფუნდამენტური განსხვავებაა ტვიტერსა და „ბლუსქაის“ შორის. TechCrunch-ის მიხედვით, ამ უკანასკნელი ინტერფეისი ტვიტერისას მოგვაგონებს, თუმცა „What’s Happening?“-ის ნაცვლად მომხმარებლებს ეკითხება: „What’s up?“. ამავდროულად, ტექსტში გამოყენებული სიმბოლოების რაოდენობა მაქსიმუმ 256 უნდა იყოს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ, სიახლეები ორ დანაწევრებულ განყოფილებაში იხილონ: Posts ან Posts and Replies. თანაც, პლატფორმის ზედა ნაწილში ჩაშენებული ღილაკი „Discover“ ბევრისთვის  მოსახერხებელი აღმოჩნდა — ის იძლევა რეკომენდაციებს იმაზე, თუ ვინ დააფოლოვოთ; ასევე, უახლეს პოსტებს უყრის თავს. თითოეულ პოსტზე შესაძლებელია კომენტარის დატოვება, გადაზიარება, მოწონება და დარეპორტება (როგორც ტვიტერზე).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნულ ორ პლატფორმას შორის საფუძვლიანი განსხვავებები არ არის. უბრალოდ, ჯეკ დორსის სჯერა, რომ მისი ძალა ცენტრალიზებულ სოციალურ მედის დაუპირისპირდება, რათა ყველამ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი.

Samsung Galaxy S23 სერია საუკეთესო შეთავაზებებით

დაპაუზებული წამი, რომელსაც მაღლივი კორპუსიდან კვარიათის სანაპიროზე მიჰყავხართ