ამ დრომდე მარიამ სოსელია მეტრო ფროდაქშენის პროდიუსერის პოზიციას იკავებდა, ამიერიდან კი ბლუტაბლას მარკეტინგის ხელმძღვანელის როლს მოირგებს. როგორც თავად აღნიშნავს, ეს სიახლეების საწყისი ეტაპია, რათა საკუთარი გამოცდილება სრულიად ახალი და საინტერესო კუთხისკენ მიმართოს. ასე ვთქვათ, ეს არის შესაძლებლობა, აქამდე მოგროვილი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა ისეთ განსხვავებული კონცეფციებით გაჯერებულ ბრენდში გააცოცხლოს, როგორიც ბლუტაბლაა.
წარსულ გამოცდილებასა და მომავლის გეგმებზე მარიამი ვრცლად გვიყვება:
„წლების მანძილზე Metro Production-ის პროდიუსერი ვიყავი და შეიძლება ითქვას, ეს იყო ჩემი პროფესიონალად ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორედ აქ მივიღე მენეჯმენტის, კრეატივისა და ზოგადად ადამიანებთან და ბრენდებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება.
სარეკლამო ინდუსტრიაში პირველ პროექტებზე Betterfly-ისთვის ვიმუშავე, ამის შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში JWT Metro გაჩნდა. როდესაც გადასაღებ მოედანზე ფლეიბექთან კლიენტის გვერდით ვიჯექი, ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა მეორე მხარეს. ეს ინტერესი კი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გამძაფრდა.
ვფიქრობ, საკუთარი თავის განვითარების სურვილს ახალი შესაძლებლობების ძიება და გაბედული მცდელობები მოსდევს. მეც მინდოდა, ჩემი პრაქტიკული და თეორიული ცოდნისთვის სხვა მიმართულება მიმეცა, თითქოს გულის სიღრმეში ველოდებოდი ისეთი კომპანიის გამოჩენას, რომელიც ამ ყველა სურვილს ამისრულებდა.
ბლუტაბლას საფუძვლად ერთი იდეა უდევს, გააერთიანოს ქართული კულტურა და ხელოვნება, წარსული და აწმყო. თითოეული პროდუქტის დიზაინი და ისტორია კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოხატოს თავისი თავი.
ქართული კულტურის ახლებურად და ხარისხიანად წარმოჩენის იდეის გარშემო გაერთიანებული ბლუტაბლას გუნდი ქმნის ისეთ პროდუქციას, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. როდესაც გავიაზრე, რომ მეც შემეძლო ჩემი წვლილი შემეტანა ქართული მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცოცხლებაში, ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენე და დღეს ამაყი ვარ, რომ ამ დიდი მიზნების მქონე ბრენდის განვითარებაში ვიღებ მონაწილეობას“.
[R]











