in

BMW 3 Series – ყველაზე ცნობილი სერიის ისტორია

ექვსი თაობის განმავლობაში BMW 3 სერია მუდამ ბრენდის სულისკვეთებას აერთიანებდა. 2019 წელი BMW 3 სერიის ცნობილ ისტორიაში ახალი, მეშვიდე თავის დასაწყისია. მოდი, ერთად ვიმოგზაუროთ დროში, სივრცესა და დიზაინში – 1975 წლიდან დღემდე.

პირველი თაობა

1975 წელი – კინოთეატრებში „ყბები” გადიოდა, რომლის გაყიდვებმაც ყველა რეკორდი მოხსნა; მინი ქვედაბოლოები ისევ უმაღლეს მოდად მიიჩნეოდა; მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე კი BMW 3-ის პირველი სერია გამოვიდა, ორკარიანი სედანი, რომელიც მსოფლიოს წინაშე პირველად წარდგა. მისი დიზაინი პოლ ბრაკს ეკუთვნოდა, რომელიც ამაზე 1970 წლიდან 1974 წლამდე მუშაობდა. თავისი დინამიკური და სპორტული ფუნქციონირებით, მან საფუძველი წარმატების ისტორიას ჩაუყარა, რომელიც დღემდე გრძელდება. 

BMW 3 სერიის პირველი თაობა განთქმული იყო თავისი გამორჩეული პროფილით – აწეული კუდით და კორპუსის გასწვრივ ნაკეცების ხაზით. პირველი თაობის BMW 3 სერია მოიცავდა ერთ ინოვაციას, რომელიც უნდა გამხდარიყო სტანდარტული ფუნქცია BMW-ს ყველა მოდელში: დაფა, რომელიც დახრილი იყო მძღოლისკენ. დიზაინის სხვა დეტალები, როგორიცაა მოკლე გადახურვა წინა მხარეს, მის სტილისტურ მახასიათებლებად მიიჩნეოდა და მომდევნო თაობებშიც გამოიყენეს.

მეორე თაობა

1982 წელს მსოფლიო უკვე იყენებდა ავტომოპასუხეებს, მიკროტალღური ღუმელებს და ვიდეოთამაშები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გასართობად მიიჩნეოდა. ამ დროს გამოვიდა BMW 3 სერიის მეორე თაობა. ყველა მეორე თაობის წარმოებულ მოდელს ჰქონდა სერიის სტანდარტის ტყუპი ფარები. 

ამ თაობის კაბრიოლეტი მოდელები ორი წლის შემდეგ გამოვიდა. 1987 წელს კი, მაქს რეისბოკის მიერ დამზადებული პროტოტიპის სახით, პირველი Touring მოდელი დაემატა სერიას. 

მესამე თაობა

ეს უკვე 90-იანი წლები და ის პერიოდია, როდესაც ინტერნეტმა ყველა და ყველაფერი მოიცვა. ამ დროს გამოვიდა BMW 3 სერიის მესამე თაობა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიზაინს წარმოადგენს მის ისტორიაში დღემდე. მისი სახურავის კუთხეს ახლა მკაფიო დაღმავალი დახრილობა ჰქონდა, ხოლო ტყუპი ფარები კვლავ მის მთავარ მახასიათებლად რჩებოდა. 

BMW 3 სერიის მესამე თაობა კორპუსის სტილის ყველაზე ფართო სპექტრს მოიცავდა. მათ შორის სედანს, კუპეს, კაბრიოლეტს, ტურისტულს და კომპაქტურს.

მეოთხე თაობა

შესაძლოა 1997 წელს „ტიტანიკის” გამოსვლამ ყველა ამ ფილმზე აალაპარაკა, მაგრამ BMW-ს მესამე სერიის ახალ თაობასთან დაკავშირებით თავისი გეგმები ჰქონდა. მეოთხე თაობა, რომელიც ასევე რამდენიმე ფორმით გამოვიდა: სედანი, კუპე და ა.შ., თითოეულ ამ მოდელს თავისი დიზაინის ენა ჰქონდა. მაგალითად, სედანზე საქარე მინა, უკანა და გვერდითი შუშები, ასევე მანქანის სახურავი შეიცვალა. აგრეთვე უფრო მეტი ადგილი გაჩნდა უკან მჯდომი მგზავრებისთვის.

ეს თაობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. სულ 3,266,885 ერთეული გაიყიდა. მეოთხე თაობა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი BMW მოდელია.

მეხუთე თაობა

მაშინ, როცა „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი” გამოვიდა, ჟენევის საავტომობილო შოუზე BMW-მ წარადგინა მე-3 სერიის მეხუთე თაობა, რომელსაც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიენიჭა „წლის მსოფლიო მანქანის” წოდება.

ამ თაობის სედანი ორი დიზაინის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. დიზაინი მოიცავდა უპრეცედენტო კომბინაციას, რომელიც დაფუძნებულია კუპეს წინა ნაწილზე და კუდის განყოფილება, რომელიც მიღებულია სედანიდან.

მეექვსე თაობა

ამ თაობის გამოსვლაც ეპიკური ფილმის გამოსვლასთან არის დაკავშირებული. ამ წელს ყველა „სამეფო კარის თამაშებზე” ლაპარაკობდა, თუმცა BMW-მ თავისი ყველაზე ცნობილი სერიის კიდევ ერთი თაობა წარმოადგინა. 

ამ თაობას ბრენდისთვის და საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს სერია ელექტრო გახდა! პირველად მისი ძრავების დიაპაზონი ჰიბრიდულ ვარიანტებს მოიცავდა, ყველა ძრავა ასევე იყო ტურბოდამტენით.

მეშვიდე თაობა

მაშინ, როცა Google-ის AI Assistant-ს შეეძლო რეალური სატელეფონო ზარების განხორციელება და შეხვედრების დანიშვნა, მე-7 თაობაც გამოვიდა, რომელშიც ნათლად გამოჩნდა, რომ ბრენდი დიზაინის ახალ ენას ავითარებს. ამ თაობის მოდელების ცხაური უფრო ფართოა, ვიდრე მისი წინამორბედები და ვიზუალურად ინტეგრირებულია დიზაინში.

ამავდროულად, მეშვიდე თაობა BMW 3 სერიის ადრინდელი მოდელების დიზაინის ტრადიციასაც იცავს. ცნობადი ელემენტები, როგორიცაა მოკლე გადახურვები, ტყუპი ფარები და ნაკეცების ხაზი ამ თაობაშიც შენარჩუნდა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Google მომხმარებლებს ახალ AI ძიების გამოცდილებას სთავაზობს

AR აპლიკაცია მუსიკას ადამიანის მოძრაობების მიხედვით ქმნის