ახალმა BMW Art Car-მა თავისი ადგილი უკვე მონიშნა ბაზარზე. ამ გასაოცარი მოდელის დიზაინი შექმნილია ეთიოპური წარმოშობის ამერიკელი მხატვრის, ჯული მეჰრეტუს მიერ. მანქანა არა მხოლოდ პრესტიჟულ გამოფენებზე იქნება წარმოდგენილი, არამედ მძლავრი M პაკეტი ჰიბრიდული V8 ტიპის ძრავის ხარჯზე, Le Mans-ის 24 საათიან დამქანცველ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
მანქანის დიზაინი შთაგონებულია მეჰრეტუს მონუმენტური ნახატის — Everywhen (2021-2023) — ფერისა და ფორმის ლექსიკისგან. Everywhen მალე ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) მუდმივი კოლექციის ნაწილი იქნება.
დიზაინი რთული და მიმზიდველი კომპოზიციებითაა აწყობილი. იქმნება მოძრაობისა და დინამიკურობის განცდა, რაც მოდელის ორმაგ ბუნებაზე მიუთითებს — უმაღლესი ხარისხის მანქანა და მოძრავი ხელოვნების ნიმუში.
„ამ მანქანაზე განსხვავებულად ვფიქრობ. მე ის წარმომიდგენია, როგორც ,,ლე მანის“ რბოლაში მონაწილე სუპერვარსკვლავი. დეიტონაში ვიყავი BMW M Hybrid V8 რბოლის სანახავად და ეს გამოცდილება აბსოლუტური იყო. უამრავი დიზაინერი, ინჟინერი, აეროდინამიკოსი მუშაობს ამ ავტომობილის სრულყოფაზე. რბოლაში წარმატების მიღწევით ყველა ამ ადამიანის ოცნება ასრულდება“, — ამბობს მეჰრეტუ.
დიდი რბოლის დაწყებამდე, ხელოვნებისა და სიჩქარის მოყვარულებს, BMW Art Car-ის დათვალიერება Concorso d’Eleganza-ზე ვილა დ’ესტეში შეუძლიათ.