in

BMW-ს მზერის დეტექტორი – თქვენს მანქანას ეცოდინება, საით იხედებით მისი მართვისას

CES 2020-ზე გამართულ პრესკონფერენციაზე BMW-მ თავის ახალ – მზერის დეტექტორის სისტემაზე ისაუბრა. სისტემა დააკვირდება იმას, თუ საითკენაა თქვენი მზერა მიმართული მანქანის მართვისას და მეტიც, შემოვა ინტერაქციაში, საჭიროების შემთხვევაში. სიახლე, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, მანქანის კონცეპტის Interaction EASE ფარგლებში წარადგინა. გარდა ამ ფუნქციისა, მოდელს ექნება ხმის ამოცნობის, შეხების კონტროლისა და ჟესტების აღქმის ფუნქციაც, რაც მანქანის მართვის გამოცდილებას მეტად ტექნოლოგიურსა და კომფორტულს ხდის.

მზერის კონტროლისთვის BMW ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მისი დახმარებით, მანქანის სისტემას შეუძლია მიჰყვეს მძღოლის მზერას და ასევე, მასზეა მზერის ინტერპრეტაციაც. მაგალითად, სისტემის დახმარებით, შეგიძლიათ მეტი გაიგოთ იმ რესტორნის შესახებ, რომელსაც გზად მოჰკარით თვალი. სისტემა გეტყვით იმასაც, თუ რომელი ფილმები გადის იმ კინოთეატრში, რომლისკენაც, მანქანის ტარებისას, მზერა გაგექცათ. მთელი ეს სისტემა BMW-ს Intelligent Personal Assistant-ად მოიხსენიება.

გარდა ამისა, EASE-ს ექნება სპეციალური დისპლეი, რომელიც სურვილის შემთხვევაში, მთლიან საქარე მინას ფარავს და აქცევს მას გაფართოებული (აუგმენტური) რეალობის ეკრანად. თავის მხრივ, ეკრანს რამდენიმე დანიშნულება ექნება. ერთი მხრივ, მისი დახმარებით ფილმის ნახვას შეძლებთ, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი აქ გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიაა. ფაქტობრივად, შეგიძლიათ იმ გარემოში, რომელსაც თქვენი მანქანის საქარე მინიდან ხედავთ, ჩააინტეგრიროთ ნებისმიერი გამოსახულება. მაგალითად, შეგიძლიათ ხედავდეთ, როგორ დაცურავენ ვეშაპები ქუჩაში, მანქანების გვერდით. რა თქმა უნდა, მსგავსი შესაძლებლობა მანქანის უსაფრთხოდ მართვასთან დაკავშირებულ საშიშროებებსაც აჩენს, თუმცა, იმედი გვაქვს, მაღალტექნოლოგიური სისტემის შექმნისას, BMW-მ უსაფრთხოებაზეც ბევრი იფიქრა. საბოლოო ჯამში, ჟესტების, ხმისა და მზერის დეტექტორის ქონით, ასევე, იმ ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, რაც ზემოთაა აღწერილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ BMW თავის ახალ მოდელს ადამიანური და მანქანური ინტერფეისის წარმატებულ ნიმუშად აქცევს.

EASE BMW-სთვის ერთგვარი სამომავლო გეგმაა და კომპანიის ცნობით, ის 5G ინტერნეტზე იმუშავებს. ცნობილია, რომ 5G 2020 წლისთვის ამოქმედდება, თუმცა, უცნობია, როდის გახდება BMW ახალი მოდელი ხელმისაწვდომი.

5 მიზეზი, თუ რატომ ვერ აღწევენ შრომისმოყვარე ადამიანები წარმატებას

Toyota, იაპონიაში, „მომავლის ქალაქს“ აშენებს