in

გზა “მოტორიზებული ეტლიდან” ელექტრომობილამდე – BMW-ს ისტორია

სულ ცოტა ხნის წინ მერსედეს-ბენცზე მოგითხრეთ, ახლა კი გადავწყვიტეთ, მასთან ძალიან ახლოს და, ამავდროულად, შორს მყოფ ავტომწარმოებელზე, BMW-ზე გიამბოთ. ეს ორი ბრენდი რატომღაც ერთმანეთთან მკაფიოდაა დაკავშირებული, რადგან, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგვისმენია ფრაზა: “BMW თუ მერსედესი?” რეალურად, ისინი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, მაგრამ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ხშირად რატომღაც წყვილდებიან.

მანქანა ყველა ტიპის ადამიანისთვის – ალბათ, თამამად შეგვიძლია, ასე შევაფასოთ ყველასთვის ცნობილი ავტომწარმოებელი ბრენდი BMW, რადგანაც მისი მოდელების ასორტიმენტში, მგონი რომ, ყველა ტიპის ადამიანი იპოვის სათავისო მანქანას.

ჰენრიხ ერჰარდტი და “Dixi”

მსგავსად სხვა ავტომწარმოებლებისა, BMW-ს ისტორიაც 1880-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოში ავტომობილების წარმოების ბუმი იდგა და ყოველდღე თუ არა, ყოველწლიურად მაინც 1 მნიშვნელოვანი ინოვაციის მომსწრე ხდებოდა საერთაშორისო საზოგადოება. ამავე პერიოდში ცხოვრობდა ადამიანი, სახელად ჰენრიხ ერჰარდტი, რომელმაც 1896 წელს ველოსიპედებისა და სამხედრო, სასწრაფო და სხვადასხვა დანიშნულების მასიური მანქანების წარმოება დაიწყო და ქ.აიზენაჰში ქარხანა გახსნა. რომ არა დაიმლერისა და ბენცის და სხვა ავტომწარმოებლების წარმატებები, შესაძლოა, ჰენრიხს იგივე პროფილი შეენარჩუნებინა, თუმცა კი, მიმდინარე მოვლენებმა მას უბიძგა, ავტომობილების წარმოებაშიც ეცადა ბედი.

შედეგად, შეიქმნა BMW-ს წინაპარი “მოტორიზებული ეტლი” – Wartburg, რომელიც მალევე გახდა მნიშვნელოვანი ავტორბოლების გამარჯვებული და ღირსეული ადგილი დაიკავა იმდროინდელ ავტომობილებს შორის. თუმცა კი, გამოშვებიდან 5 წლის შემდეგ, 1903 წელს ერჰარდტმა ვალების გამო წარმოების დასრულება გამოაცხადა და გამოსვლა დაასრულა სიტყვით “dixi”, რაც ძველი რომაელი ორატორების გამოსვლის დასასრული იყო ხოლმე ძველად და ნიშნავდა “მე ყველაფერი ვთქვი”.

Wartburg

ალბათ ეს ისტორია მართლაც დასრულდებოდა, რომ არა ერთი ადამიანი, რომელსაც “მოტორიზებული ეტლი” ძალიან უყვარდა და მისი დასასრულის ხილვა არ უნდოდა. ამ ადამიანს იაკოვ შაპირო ერქვა და მან ერჰარდტს დახმარება შესთავაზა. ამავდროულად, მან ინგლისური ქარხნებისგან Austin Seven-ის ლიცენზია შეისყიდა. აიზენახში არსებულმა ქარხანამ განაახლა ავტომობილების წარმოება. მისი მოდელები “Dixi” სახელით გამოდიოდნენ.

BMW-Dixi

Bayerische Motoren Werke – BMW

ამ ისტორიის პარალელურად, 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო ედგნენ. ისინი პირველი მსოფლიო ომის დროს იძულებით გაერთიანდნენ და თვითმფრინავის ძრავების გამოშვება დაიწყეს.

1916 წლიდან ფირმას სახელი გადარქვეს და “Bayerische Motoren Werke” (BMW) უწოდეს, რომელსაც მალევე მოჰყვა BMW-ს ემბლემაც – მბრუნავი პროპელერის სიმბოლო. ამავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, მაქს ფრიცმა 6-ცილინდრიანი საავიაციო ძრავა – ტურ-3ა შექმნა, შემდეგ კი – მოტორ-4, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, როცა ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.

ისტორიიდან კარგად გვახსოვს, თუ რა ბედი ეწია გერმანიას ვერსალის ზავის დადების შემდეგ. ეს ამბავი BMW-საც შეეხო, რომელიც გაკოტრების პირას იყო, როცა მოტოციკლების წარმოება დაიწყო. პირველი მოტოციკლი R-32 იყო, რომელიც 1923 წელს ძალიან პოპულარული გახდა.

BMW-R-32

BMW ყიდულობს Dixi-ს მწარმოებელს

ბაირიშე მოტორენ ვერკემ (Bayerische Motoren Werke) 5 წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ აიზენახში არსებული ქარხანა ეყიდა, რომელიც, როგორც მაღლა აღვნიშნეთ “ოსტინ დიქსის” მარკის მანქანებს უშევებდა. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა – როგორც ცნობილია, 1904-1929 წლებში კომპანიამ 15822 ცალი Dixi გაყიდა. შედეგად, BMW დიდხანს აწარმოებდა ამ მოდელს.

დადგა დრო, გაერთიანებულ კომპანიას საკუთარი ავტომობილის შექმნაზეც ეზრუნა. 1927 წელს ერჰარდტმა BMW-ს ნაწილები შეიმუშავა და ახალი Dixi 3/15 PS გამოუშვა.

BMW 3/15 PS DA3 Wartburg

1930 წელს კი BMW-მ “მოტორიზებული ეტლი” დააბრუნა, რომელიც იმდროინდელი ჰიტი გახდა. მოდელს DA-3-ს დაარქვეს და მას ახლა უკვე 100 კმ/სთ სიჩქარე ჰქონდა. Motor und Sport-ჟურნალი მასზე წერდა: “ვარტბურგი მხოლოდ საუკეთესო მძღოლებს უნდა ჰყავდეთ. უღირსები მას არ იმსახურებენ.”

BMW-ს დიდება

BMW-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი მოდელი BMW 303 გახდა. მასში 6 ცილინდრიანი ძრავი ეყენა და სიჩქარის განვითარება 100კმ/სთ-მდე შეეძლო. რაც ყველაზე მთავარია, ამ მოდელს ჰქონდა დიზაინი, რომელმაც მომდევნო ათწლეულებში BMW-ს მოდელების დიზაინი განსაზღვრა და მისი შტრიხები დღემდეა შემორჩენილი თანამედროვე მოდელებშიც.

BMW-303

BMW-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოდელია 326 Cabriolet, რომელიც მან 1936 წელს გამოუშვა. მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანიამ დაახლოებით 60 000 ცალი ეს მოდელი გაყიდა.

BMW-326 Cabriolet

1936 წელს BMW-მ წარმოადგინა პირველი სპორტული ავტომობილი – ორადგილიანი როდსტერ-328. ეს ავტომობილი სპეციალურად ი მილე-მილიას (იტალ. Mille Miglia „ათასი მილი“) რბოლაში მონაწილეობისთვის შეიქმნა. და მართლაც, 1940 წელს BMW-328-მ ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166.7 კმ/სთ).

BMW-328

და, საბოლოოდ, როგორც სხვა ავტომწარმოებლები, მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, „ბეემვეს“ რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა. ამიტომ „ბეემვე“ ისევ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.

II მსოფლიო ომის შემდეგ

თუმცა, მეორე მსოფლიო ომის როს BMW-მ მისი მთავარი პრინციპი ჩამოაყალიბა: მუდმივად ახალი, აგრესიულად-სპორტული და მუდამ ახალგაზრდა. ავტომობილი ადამიანებისათვის, რომლებიც, ერთი შეხედვით მოშვებულად გამოიყურებიან, თუმცა კი, რეალურად, ცხოვრებაში ბევრს მიაღწიეს. სწორედაც ამიტომ არიან ისინი მოდუნებულები.

საბჭოთა კავშირის მოკავშირეებმა BMW-ს ზოგიერთი საწარმო გაანადგურეს, მოწყობილობები კი რუსეთში წაიღეს. ერთადერთი გზა, რაც “ბავარიის ძრავების ქარხნის” ჯერ კიდევ ცოცხალ აქციონერებს ჰქონდათ უკანასკნელი ძალების მოიკრება იყო. ამოსავალი წერტილი მიუნხენში არსებული 2 ქარხანა იყო.

ამ ადამიანებმა გამოსავალი მოტოციკლების წარმოებაში ნახეს და 1958 წელს 250-კუბიანი R-24-ი წარადგინეს. წლის განმავლობაში მისი დაახლოებით 20 ათასი ეგზემპლიარი გაიყიდა.

R-24

1951 წლიდან BMW-მ უკვე გაბედა, ახალი მოდელების წარმოება დაეწყო. სამყაროს BMW-501 მოევლინა, რომელიც თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავას ავტომობილის მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა 8-ცილინდრიანი ძრავა შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ავითარებდა.

BMW 501

1955 წელს BMW-მ ყველა გააკვირვა თავისი ახალი მოდელით BMW Isetta 250. კომპანიაში მას “მოტო-კეპეს” ეძახდნენ, მოსახლეობამ კი “საბურავებიანი კვერცხი” შეარქვა. მის სამართავად საკმარისი იყო, მოტოციკლის ტარება გცოდნოდათ, რადგან მას სულ 12 ცხენის ძალა ჰქონდა და მასში R-25-ის ძრავა იყო ჩამონტაჟებული. მას მოჰყვა უკვე BMW Isetta 300, რომელიც გაცილებით მძლავრი იყო, ვიდრე მისი წინა მოდელი.

BMW Isetta 250

BMW-ს ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 1966 წელი, როცა მან ახალი BMW-2000 წარადგინა. ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიის ბეემვეების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის ბეემვე. 1970-იანი წლების ბოლოს ზედიზედ გამოვიდა მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილები.

BMW-2000 tii

1982 წლიდან 1991 წლამდე BMW-3 სედანები იწარმოებოდა (E30), რომელიც საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული იყო და მას “ხულიგანკას” უწოდებდნენ.

BMW-M3-E30

BMW დღეს

2006 წელი მნიშვნელოვანი პერიოდია BMW-სთვის იმ კუთხით, რომ ის ამ დროს ფორმულა 1-ში ჩაება.

BMW Sauber

2008 წლის მონაცემებით, მისი წლიური ბრუნვა 53 197 მილიარდ ევროს შეადგენდა.

2015 წლის მონაცემებით კი, კომპანიაში 122,244 ადამიანი იყო დასაქმებული.

დღესდღეობით BMW იმ გერმანულ კომპანიად ითვლება, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებსა და ძრავებს აწარმოებს. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში, აქვე მდებარეობს BMW-ს მუზეუმიც, რომელსაც გასაღების ფორმა აქვს.

BMW 2021

BMW-ს ამ მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, მისი ისტორია მართლაც უნიკალური და განსაკუთრებულია. BMW ბევრისთვის საოცნებო და საყვარელი ბრენდი გახდა. მეტიც – ბევრისთვის ის არამხოლოდ ბრენდი, არამედ ფილოსოფიაა. გადავწყვიტეთ, ზემოთ მოთხრობილი ძველი ამბების ფონზე 5 ავტომობილი წარმოგიდგინოთ, რომლებიც 2021 წელს მოგვევლინება.

BMW iX
BMW M3/M4
BMW i4
BMW 2 Series Coupe
BMW M3 Touring

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

15 წლის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის დებიუტი FIFA 21-ში წელს შედგება

ტოკიო მზადაა, ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს! – ანიმაცია იაპონური კულტურისა და სპორტული დისციპლინების სინთეზით