ალბათ რამდენჯერ გინახავთ BMW-ს ლოგო…შეიძლება თავადაც ხართ ამ ბრენდის ავტომობილის მფლობელი ან ბევრჯერ გიფიქრიათ მის ყოლაზე…ისეა თუ ასე, ეს, ერთი შეხედვით, მარტივი ლოგო ყველასთვის კარგადაა ნაცნობი და თუ ზოგიერთ მანქანაზე გაგიჭირდებათ თქმა, თუ რა მარკაა, BMW-ს შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ ის სხვაში აგერევათ, თითქმის გამორიცხულია.
მიუხედავად ამხელა ცნობადობისა, ბევრმა ალბათ არ იცით, რა ევოლუცია განიცადა ამ ლოგოტიპმა და როგორ მიიღო ის ფორმა, რომელიც დღეს აქვს.
როგორია BMW-ს ლოგო და რას გამოხატავს
ამჟამინდელი ლოგო ორი წრისგან შედგება და ზედა მხარეს პირდაპირ აწერია ბრენდის დასახელება. ცნობილია მისი შრიფტიც, sans-serif. ბევრი პოპულარული საავტომობილო კომპანიის მსგავსად, BMW-ც დიდი ხანია ინარჩუნებს თავისი ლოგოს იმიჯს და მას მკვეთრად არ ცვლის. თეთრსა და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილ ლოგოს BMW-ს ყველა პროდუქტზე, მათ შორის თავად მანქანებზე იპოვით. ოფიციალური ბრენდის მიხედვით, ლოგოს სახელია “BMW roundel”.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბევრს სჯეროდა, რომ BMW-ს ლოგოს თეთრი და ლურჯი ფორმები პროპელერს გამოხატავდა, რადგან BMW-ს ისტორია თვითმფრინავების ინჟინერიის სექტორთან არის დაკავშირებული. თუმცა, რეალობა ის არის, რომ ლურჯი და თეთრი ფერები ბრენდის წარმოშობის კუთხეს, ბავარიას გამოხატავს.
BMW-ს ემბლემის შიდა წრის მეოთხედი გამოსახულია ბავარიის სახელმწიფო ფერებში – თეთრი და ლურჯი, მაგრამ შებრუნებული თანმიმდევრობით, რადგან კანონის მიხედვით, რომელიც სასაქონლო ნიშნებს აკონტროლებს, სახელმწიფო ფერების გამოყენება არ შეიძლებოდა.
პირველი ლოგო
როდესაც BMW-ს ლოგოს ევოლუციას ვადევნებთ თვალს, ვხვდებით, რომ ის პერიოდულად აახლებს იმიჯს, თუმცა რაოდენობრივად ლოგოტიპი ბევრჯერ არ შეუცვლია. ლოგოს თავდაპირველი ვერსია შეიქმნა 1916 წელს. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება BMW-ს ძველ ლოგოსა და დღეს გამოყენებულ ლოგოს შორის არის ფერები. BMW-ს წარწერა ამ შემთხვევაში შავ ფონზეა და BMW-ს ემბლემის წრეებიც და შრიფტებიც ოქროსფრადაა დაწერილი.
მეორე ლოგო
1923 წელს ლოგო შეიცვალა და იმ დროისთვის უფრო მოდერნიზებული გამოსახულება მიიღო. კონტურები გაიწმინდა და უფრო თამამი გახდა, გასქელდა ჩარჩო და გაფართოვდა ოქროსფერი კანტი. რაც შეეხება მთავარ ცვლილებას, ეს იყო ოქროსფერი წარწერა, “BMW”, რომელიც უფრო გლუვი და მიმზიდველი გახდა.
მესამე ლოგო
ოქროსფერი ვერცხლისფრით 1936 წელს შეიცვალა. ლურჯისა და თეთრის საკულტო კომბინაცია დარჩა, თუმცა ის უფრო შემსუბუქდა და ყინულისფერი მიიღო. ვერცხლის თხელი მოხაზულობის გამო შავი მოხაზულობაც უფრო დახვეწილი გამოჩნდა.
ნაცრისფერი ასოები მკვეთრი სწორი შრიფტით, მკაფიო ჭრილებით იყო შესრულებული, რაც ძლიერ და პროგრესულ ბრენდს გამოხატავდა. ეს ლოგო კომპანიას თითქმის 30 წელი ემსახურა.
მეოთხე ლოგო
სამკერდე ნიშნის კონტურები 1963 წელს დაიხვეწა. ლოგომ მიიღო იდეალურად დაბალანსებული თანამედროვე სახე და ფერთა პალიტრა გახდა უფრო ინტენსიური და მშვიდი. სიტყვა „BMW“ ახლა შესრულებული იყო თეთრი sans-serif შრიფტით, მკაფიო ხაზებით, რაც ასახავს ავტორიტეტს, ხარისხისა და სტილის ღირებულებას. ჩარჩოს ვერცხლისფერი მონახაზი ასევე შეიცვალა თხელი თეთრი ხაზებით, რამაც ემბლემა ბრტყელი, თუმცა უფრო თანამედროვე გახადა.
მეხუთე, ყველაზე ფერადი ლოგო
ლოგოს დამატებითი ვერსია შეიქმნა 1970 წელს. ეს იყო ნათელი და ფერადი სამკერდე ნიშანი, სადაც 1963 წლის ოფიციალური ემბლემა მოთავსებული იყო უფრო დიდი წრის შუაგულში, რომელიც შედგებოდა სქელი ხაზებისგან: ლურჯ, თეთრსა და ვარდისფერში.
მეექვსე ლოგო
BMW-ს ყველაზე ცნობადი და გამორჩეული ლოგო შეიქმნა 1997 წელს და ოფიციალურად დარჩა 2020 წლამდე. თუმცა, 2020 წლის მერეც, მიუხედავად რედიზაინისა, წინა სამკერდე ნიშნად კვლავ რჩება 1997 წელს გამოშვებული ლოგო.
1997 წლის ვერსია შედგენილია სამგანზომილებიანი წრისგან, სქელი შავი ჩარჩოთი ვერცხლისფერ-ნაცრისფერი მონახაზით. შიდა ლურჯ და თეთრ ნიმუშებს შავი ხაზები აქვს, რაც მას მკაცრ იერსახეს აძლევს, თუმცა, ამავდროულად, თანამედროვე და პროფესიონალურია.
მეშვიდე ლოგო – მინიმალისტური გარდასახვა
2020 წელს კომპანია მინიმალიზმისკენ იხრება და თავის ლოგოს 2D გზით ხვეწს ისე, რომ შავ ხაზს აშორებს. ცისფერი და თეთრი წრე თხელ, ნაცრისფერ რკალს აკეთებს და სქელი თეთრი ჩარჩოთია დაფარული, სადაც მოთავსებულია ნაცრისფერი წარწერა „BMW“ თანამედროვე ოდნავ გაფართოებული შრიფტით.
ამ ფორმით ლოგო გამოიყურება უფრო თანამედროვედ და ახლის შესახედაობა აქვს. ის ბრენდის პროგრესსა და ახალ ეპოქაში გადასვლის სურვილს ასახავს.
როგორც ხედავთ, მთავარი ემბლემის ძირითადი პრინციპები ბრენდს წლების დაარსების დღიდან არ შეუცვლია. ის მხოლოდ შტრიხებს ხვეწდა და აახლებდა. ბრენდის მიზანი იყო, არ დაეკარგა ის იდენტობა, რითაც საზოგადოება წლების განმავლობაში იცნობდა, თუმცა, ამავე დროს, ცდილობდა, მუდამ ახალ ტრენდებს მორგებოდა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი