ხმაურიანი უქმე დღეები იყო 2025 წლის 20-21 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთ კაშკაშა ლიდერს, BMW-ს, საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათთვის ეს ღონისძიება ნამდვილად დაუვიწყარი თავგადასავალი იყო, რადგან აქ შეეძლოთ ერთდროულად რამდენიმე უახლესი მოდელის არა უბრალოდ ხილვა, არამედ პირადად გამოცდა და შთაბეჭდილებების სამუდამოდ შეგროვებაც.

GT Motors-ისა და BMW ჯგუფის ორგანიზებით, მომხმარებელს საშუალება მიეცა, გამოეცადა სრულიად ახალი BMW M5 სედანი და BMW M5 Touring – ავტომობილები, რომლებიც მომხმარებელს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს, განცდას, რომ მხოლოდ მანქანას კი არ მართავ, არამედ რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი ხარ. ეს ავტომობილები თავის თავში აერთიანებს სპორტულ მოქნილობას, სუპერქარის უნარებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რომლებითაც ისინი თითქოს დროს უსწრებს.
აქვე იყო ბრენდის სხვა მოდელებიც. სარბოლო ტრასის ტექნიკურ ზონაში მონაწილეებს დახვდათ X5, X6, X3M და MINI JCW ავტომობილები, რათა მიეღოთ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის უახლესი მოდელების მართვის გამოცდილება.
ეს ღონისძიება იმითაც იყო გამორჩეული, რომ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს BMW Motorrad-ის ახალი მოდელები. BMW Motorrad-ის ინსტრუქტორებისა და მრბოლელის დახმარებით, ყოველ ორ საათში იმართებოდა შოუ, სადაც მომხმარებელს პირველად მიეცა საშუალება, მოტორადებს ადგილზე გასცნობოდა. ისინი სულ ცოტა ხნის წინ შემოვიდა საქართველოში GT Motors-ის მეშვეობით და მოტორადების მოყვარულებს აძლევს საშუალებას, იპოვონ თავიანთი სტილი და ხასიათი ამ ბრენდის ქვეშ.

შთაბეჭდილებები ნამდვილად მოგროვდა! ჩამოთვლილი ავტომობილების ტრასაზე მართვა მონაწილეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ჩაიწერა. მათ აღნიშნეს ახალი მოდელების ეფექტურობა, აჩქარებისა და შესრულების დონე, მოჭიდება, გლუვი მოხვევა მაშინაც კი, თუ მაღალი სიჩქარით შედიოდნენ მოსახვევში. საერთო შეფასებით, BMW M5 სედანი და BMW M5 Touring ის ავტომობილებია, რომლებიც ერთნაირად ეფექტური შეიძლება იყოს როგორც სარბოლო ტრასაზე, ისე ჩვეულებრივ გზაზე.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულ იქნა ბრიტანელი ჟურნალისტი, Top Gear-ის ყოფილი წამყვანი კრის ჰარისი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტომიმომხილველად ითვლება. ის თავადაც მონაწილეობდა რბოლებში და განსაკუთრებით პოპულარულია თავისი უშუალო, ემოციური თხობის მანერით. იგი არასოდეს ერიდება ობიექტურ შეფასებას მაშინაც კი, როცა საქმე ცნობილ ბრენდებს ეხება. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა YouTube სერიალმა, Chris Harris on Cars. კრის ჰარისი შეხვდა BMW M Experience 2025-ის მონაწილეებს და მათ საკუთარი შეხედულებებიც გაუზიარა.
„ყველაზე დაუვიწყარი მომენტი მთელი ღონისძიებიდან, ალბათ, ისიც იყო, რომ საშუალება მოგვეცა, კრის ჰარისთან ერთად ერთ ავტომობილში მოვხვედრილიყავით BMW-ს საჭესთან, როგორც დიდი ხნის ძველი მეგობრები.
როცა მანქანამ ტრეკზე პირველი სწრაფი მოსახვევი გაიარა, კრისმა თავისი ოსტატური მანევრებით სრულად დაგვანახა, თუ რას ნიშნავს მართვის ხელოვნება, რაც სიტყვებით გადმოსაცემად შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს იყო ემოცია, სადაც ერთმანეთში ირეოდა სიჩქარის ადრენალინი, უსაფრთხოების შეგრძნება და უდიდესი პროფესიონალიზმი. აშკარად იგრძნობოდა მანქანისა და მძღოლის იდეალური სინქრონი. კრისის სტილი საოცრად განსხვავებულია: მკვეთრი სვლები და ტრეკზე გაბედული მანევრები, არასდროს კარგავს სიზუსტეს, თითქოს მანქანის ყოველ მილიმეტრს ზუსტად გრძნობდეს. იმ წამს ნამდვილად ვიგრძენით, რომ ეს გამოცდილება სამუდამოდ დაგვამახსოვრებდა თავს.
BMW M-სერიის ძალა მის ხელში განსაკუთრებულად წარმოჩინდა — როგორ მუშაობს ძრავის სიმძლავრე ტრანსმისიასთან, როგორია წონის გადანაწილება მოსახვევებში და რა როლს თამაშობს საბურავების მოჭიდება ასფალტზე. ის ყოველ დეტალს ისე იყენებს, რომ სიჩქარის ზრდისას არც ერთ წამში არ იკარგება კონტროლის შეგრძნება. ეს არ იყო მხოლოდ ტესტდრაივი — ეს იყო ცოცხალი გაკვეთილი, თუ რა შეუძლია BMW-ს M-ინჟინერიას მაშინ, როცა საჭეს პროფესიონალი მართავს”.
კრის ჰარისმა აღნიშნა, რომ BMW, ზოგადად, უნიკალური ბრენდია, რომელიც ამართლებს ცნობილ გერმანულ გამოთქმას: „მართვის სრულყოფილი გამოცდილება”. M სერია ბრიტანელმა ავტოჟურნალისტმა შეაფასა, როგორც ენთუზიასტებზე გათვლილი ავტომობილები, რომლებსაც კოლოსალური უნარები აქვს. M5 G90-ის ჰიბრიდული სისტემა და 727 ცხენის ძალა მოდელს მყისიერი რეაგირების საშუალებას აძლევს და ძალიან კომფორტული სამართავია სხვადასხვა ტიპის გზაზე.
BMW-ს გარდა, კრის ჰარისმა ავტოინდუსტრიის მომავალზეც გააკეთა რამდენიმე კომენტარი, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად შეცვლის ავტომობილების შექმნის, თუმცა არა მართვის პროცესს, ელექტრომობილები სრულად არ ჩაანაცვლებენ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს, ხოლო, რაც შეეხება ავტოინდუსტრიის მომავალს, იგი ამბობს, რომ ახლა ის დიდი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა აქვე დასძენს: „მე არ ვიცი, როგორი იქნება ავტომობილების მომავალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში აუცილებლად გვეყოლება ავტომობილები”.

GT Motors-ისა და BMW-ს თანამშრომლობის შესახებ:
GT Motors არის BMW-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს როგორც ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე, სრულფასოვან სერვისსა და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ გაყიდვებს, არამედ BMW-ს კულტურისა და ცხოვრების სტილის განვითარებასაც მოიცავს საქართველოში, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ ღონისძიებებში, რომლებსაც GT მოტორსი საქართველოში BMW ჯგუფთან ერთად ატარებს. ეს ავტოინდუსტრიის გლობალურ კონტექსტში საქართველოს პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს და აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიებების ფორმატიდან გამომდინარე, ზრდის ქვეყნის შესახებ ცნობადობას. GT Motors-ის პროფესიონალიზმი და ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომა უკვე საერთაშორისო დონეზეცაა აღიარებული – კომპანია 3-წლიანი თანამშრომლობის მანძილზე უკვე ორჯერაა დაჯილდოებული BMW Global President’s Award-ით, რაც ადასტურებს მის ლიდერულ პოზიციას BMW-ს პარტნიორთა ქსელში.
BMW Motorrad-ის შესახებ:
მოტორადების მიმართულებით BMW მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია. BMW Motorrad-ს წარმოების დიდი გამოცდილება და მემკვიდრეობა აქვს, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის. ეს ისტორია 1923 წლიდან იწყება და ბრენდის პორტფოლიო დღეისთვის უკვე მოიცავს სპორტულ სერიებს, GS ხაზს, შორი მანძილებისთვის განკუთვნილ კომფორტულ მოტორადებს, კლასიკური დიზაინის ბაიკებსა და ეკომეგობრულ ელექტროსკუტერებს.
ფოტოკრედიტი: ელენე წულეისკირი
[R]














