რა მოხდებოდა მანქანის მთლიან წარმოებაზე მუშაობა მანამდე რომ შეეძლოთ, სანამ რეალურად შეუდგებიან ამ საქმეს? ეს სწორედ ის კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემას BMW Group მომავალ Debrecen-ის ქარხანაში შეძლებს. ბუნებრივია, იგი ჩვენთვის ჩვეული საწარმოების მსგავსი არ იქნება და Nvidia-ს Omniverse AI სისტემით აღიჭურვება.
ქარხნის მშენებლობა სულ ახლახან დაიწყო, მისი გახსნა კი 2025 წლისთვის იგეგმება. თუმცა მანქანების წარმოების პროცესი ვირტუალურად უკვე დაწყებულია. საინტერესოა ისიც, რომ ეს ბრენდის პირველი სივრცეა, რომელიც სრულად ციფრული იქნება.
Neue Klasse-მა, რომელსაც დაევალა ავტომწარმოებლის შემდეგი თაობის ელექტრო მანქანების წარმოება, გამოთვლითი პლატფორმების საშუალებით მუშაობა უკვე დაიწყო. იგი ინჟინრებს საშუალებას აძლევს, მასზე რეალურ წარმოებამდე 2 წლით ადრე იმუშაონ. მარტივად რომ ვთქვათ, მანქანების „ციფრულ ტყუპებს“ შექმნიან, რომლებიც კონცეფციას გააცოცხლებს. ვიდეოში აჩვენეს კიდეც, თუ როგორ ურთიერთობდნენ ისინი ამ სისტემის დახმარებით:
„ვირტუალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენს გეგმებს აჩქარებს და აუმჯობესებს. სხვადასხვა დაგეგმვის სისტემით, რომლებიც ციფრულ ასლშია გაერთიანებული, ჩვენს გუნდებს რეალურ დროში მსოფლიოს მასშტაბით ერთად მუშაობა და გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღება შეეძლება“, — აცხადებს მილან ნედელკოვია, წარმოების ხელმძღვანელი.
Omniverse-ის სისტემა წარმოების ექსპერტებს მომწოდებლებთან გეგმის დეტალურად განხილვისა და პროცესების ოპტიმიზაციის საშუალებას აძლევს. სამომავლოდ კი Nvidia გეგმავს, კონკრეტული მასალები და ნაწილები წარმოებისთვის პროგრამაში ხელმისაწვდომი გახადოს. ამასთან, რობოტებსაც შესთავაზებს გარკვეულ შაბლონს, რომლის მიხედვითაც ისინი მანქანაზე ნაწილების დამოუკიდებლად დამაგრებას შეძლებენ.
ახალ ქარხანაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, როცა BMW-ს მანქანებისა და ძრავების ქარხნების 3D სკანირება მოხდა. დღევანდელი მონაცემებით კი უკვე 7 000 000 კვ.მ-ზე მეტი შიდა ფართი და 15 000 000 კვ.მ გარე საწარმოო სივრცეა დასრულებული. ხოლო სამომავლოდ სისტემის კიდევ უფრო დახვეწაზე ფიქრობენ, რაც ისეთ „უხილავ“ პროცესებსაც შეიძლება მოიცავდეს, როგორებიცაა ენერგიისა და სხვა რესურსების დაზოგვა.