BMW-ს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ინოვაციების დამნერგავ ბრენდს ავტოსამყაროში. საუკუნეზე მეტი ხნის მემკვიდრეობით აქამდე მოსული ბრენდი განუწყვეტლივ აახლებს საავტომობილო ინჟინერიის სტანდარტებს და როგორც ავტომოყვარულებს, ისე ენთუზიასტებს ხიბლავს საკულტო მოდელებით. BMW არის ერთ-ერთი მთავარი ბრენდი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას და ამისი საუკეთესო მაგალითია, თუნდაც, მოდელების ის რაოდენობა, რომელიც ბრენდმა გამოუშვა.
გამოგვყევით და ერთად გადავხედოთ იმ საკულტო მოდელებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს BMW-ს და ზოგადად, ავტოისტორიაში.
BMW 3 Series, BMW M3
BMW 3 სერიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტომობილების მოყვარულთა გულებში. 1975 წელს გამოშვებული მე-3 სერია ერთ კომპაქტურ პაკეტში აერთიანებდა სპორტულ შესრულებას, მდიდრულ კომფორტსა და უნაკლო ოსტატობას.
BMW 3 სერიის პირველი თაობის მოდელი იყო E21. ყოველი მომდევნო თაობით, BMW მე-3 სერია ვითარდებოდა მუდმივად ცვალებადი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და, ამავე დროს, რჩებოდა შესრულებისა და ფუფუნების ძირითადი პრინციპების ერთგული. E30-მა, რომელიც 1982 წელს გამოვიდა, გააძლიერა მე-3 სერიის, როგორც საუკეთესო მანქანის რეპუტაცია. სერიის საკულტო მოდელებად კი მაინც 325i და ლეგენდარული M3 იქცა.
M3-ს აქვს სამ ათწლეულზე მეტი ისტორია. მისი მოგზაურობა 1980 წელს იწყება, როცა BMW მოტოსპორტში თავის დამკვიდრებას ცდილობდა. კონკურენტუნარიანი სარბოლო მანქანის შემუშავებისას ბრენდმა შექმნა მოდელის საგზაო ვერსია, რომელიც აკმაყოფილებდა როგორც სპორტულ, ისე სამომხმარებლო სტანდარტებს.
BMW 5 Series
BMW-ს მე-5 სერია გამოვიდა, როგორც ახალი კლასის სედანი, რომლის მიზანიც იყო, უფრო ფართო და მდიდარი გამოცდილება მიენიჭებინა მძღოლებისთვის, თანაც ისე, რომ შეენარჩუნებინა ბრენდის ხელწერა და სპორტული ხასიათი.
1972 წლიდან დღემდე მხოლოდ ამ სერიაში 8 თაობა გამოვიდა, აქედან ბოლო, G60 – 2023 წელს. პირველი მოდელი, E12, ახალი სიტყვა იყო თავად ბრენდის მიერ წარმოებული მანქანებისთვისაც კი. ის აღჭურვილი იყო თავისი დროისთვის მრავალი ინოვაციური მახასიათებლით, მათ შორის მოწინავე უსაფრთხოების სისტემით. მან არა მხოლოდ გზა გაუხსნა სერიის მომავალ თაობებს, არამედ ხაზი გაუსვა BMW-ს, როგორც შესანიშნავ მოთამაშეს საავტომობილო ბაზარზე.
BMW 7 Series
მე-7 სერიის პირველი თაობა 1977 წელს გამოვიდა, ცნობილი, როგორც E23 და გახდა BMW-ს ფლაგმანი სედანი. მასში წარმოდგენილი იყო 6 და V8 ძრავების სპექტრი, რომელიც თავის დროზე მოწინავედ მიიჩნეოდა.
სულ სერიამ 7 თაობა აწარმოვა დღემდე. ბოლო, G70 მოდელი 2022 წელს გამოვიდა – დახვეწილი და ექსპრესიული დიზაინის მქონე ავტომობილი, რომელიც აერთიანებს უმაღლეს დაცვას, კომფორტსა და შესრულებას.
BMW M5
საკულტო მოდელებს შორის BMW M5-ს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ის წარმოადგენს სპორტულობისა და დინამიკურობის საუკეთესო კომბინაციას. პირველი თაობის ავტომობილები 1984-1988 წლებში იწარმოებოდა. აღსანიშნავია, რომ ისინი გამოიმუშავებდნენ 280 ცხენის ძალას. ახალ თაობებში კი ეს მონაცემი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ამ დროისთვის M5-ის 6 თაობაა გამოშვებული.
BMW 2002
BMW 2002 არის ლეგენდარული კომპაქტური სპორტული სედანი, რომელიც იწარმოებოდა 1968-დან 1976 წლამდე.
“02” აღნიშვნა გამოხატავს მანქანის ორკარიან კონფიგურაციას და მის ოთხცილინდრიან ძრავას. იგი დაინერგა, როგორც BMW-ს ახალი კლასის ევოლუცია, რომლის მიზანიც იყო კომპაქტური, სპორტული მანქანების შეთავაზება თანამედროვე მახასიათებლებით.
BMW 2002 ერთგვარი სიმბოლო გახდა აშშ-ში, სადაც განსაკუთრებულად უყვარდათ ეს მოდელი სისწრაფისა და მართვის დინამიკის გამო. მოდელი ასევე პოპულარობით სარგებლობდა მოტოსპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიცაა რალის რბოლა და ავტოკროსი.
BMW Z3
Z3 კარგად მიიღეს როგორც კრიტიკოსებმა, ისე ენთუზიასტებმა. ის მართვის დინამიკით, კლასიკური როდსტერის დიზაინითა და BMW-ს მაღალი ხარისხის ინჟინერიით გახდა ცნობილი. მოდელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა კაბრიოლეტის მოყვარულთა შორისაც.
ამ სერიაში ბრენდმა შეზღუდული რაოდენობაც გამოუშვა. მათ შორის Z3 M Coupe, რომელიც გამოირჩეოდა უნიკალური დიზაინით. აღნიშნული მოდელები დღესაც ძალიან მოთხოვნადია კოლექციონერებს შორის.
BMW M1
BMW M1-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტომობილების ისტორიაში. ის ბრენდის პირველი საშუალოძრავიანი სპორტული მანქანაა და ერთადერთი BMW-ა, რომელიც აღჭურვილია შუაში დამონტაჟებული ძრავით.
BMW M1 წარმოიშვა BMW-ს სურვილით, შეექმნა სპორტული მანქანა, რომელსაც შეეძლო კონკურენცია გაეწია ჯგუფური რბოლის მანქანებისთვის. 1970-იანი წლების ბოლოს BMW თანამშრომლობდა იტალიურ მწარმოებელ Lamborghini-სთან, რომელიც ბრენდს მოდელის განვითარებაში ეხმარებოდა. თუმცა მოგვიანებით, Lamborghini-ში ფინანსური სირთულეების გამო, BMW-მ პროექტი თავის მოტოსპორტის განყოფილებას გადასცა.
BMW i8
BMW i8 არის ინოვაციური ჰიბრიდული სპორტული მოდელი. მისი მომავლის დიზაინი განასხვავებს მას ჩვეულებრივი სპორტული ავტომობილებისგან. მოდელს აქვს აეროდინამიკური კორპუსი, რომელიც ხელს უწყობს როგორც მის ესთეტიკურობას, ისე შესრულებას.
BMW i8 გახდა პოპკულტურის სიმბოლო, გამოჩნდა ფილმებში, მუსიკალურ ვიდეოებსა და სხვადასხვა მედიაში. მისმა ფუტურისტულმა დიზაინმა და ეკომეგობრულმა რეპუტაციამ ის თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიებისა და ფუფუნების სიმბოლოდ აქცია.
BMW X5 და X6
BMW X5-მა და X6-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ძვირადღირებული SUV-ებისა და კროსოვერების ბაზარზე. BMW X5 იყო ერთ-ერთი პირველი ძვირადღირებული SUV, რომელიც 1999 წელს გამოჩნდა. მართვის დინამიკასა და შესრულებასთან ერთად, მას საკმაოდ დიდი სივრცე ჰქონდა, რაც მგზავრებს კომფორტს უქმნიდა. ამან ხელი შეუწყო პრემიუმ SUV სეგმენტის ჩამოყალიბებას და, გარკვეულწილად, საორიენტაციო ნიშანიც დააწესა სხვებისთვის.
რაც შეეხება X6-ს, მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. მანქანის არატრადიციული დიზაინი აერთიანებდა SUV-ის პრაქტიკულობასა და კუპეს სპორტულ ესთეტიკას, რითაც შექმნა ახალი ნიშა, რომელიც ცნობილია, როგორც Sports Activity Coupe.
BMW iX
BMW iX არის სრულად ელექტრო SUV, რომელიც გამოხატავს BMW-ს ერთგულებას მდგრადი განვითატებისა და ინოვაციური ტექნოლოგიებისადმი. ის იკვებება BMW-ს მეხუთე თაობის eDrive ტექნოლოგიით, რომელიც მოიცავს ელექტროძრავებსა და მაღალი ძაბვის ბატარეას. მოდელი ეფექტურობასა და შესრულებაზეა ორიენტირებული.
iX არა მხოლოდ ვიზუალითა და შესრულებით, არამედ თავისი სისტემითაც არის გამორჩეული. ავტომობილს აქვს ორძრავიანი 4X4-ზე სისტემა – ერთი ელექტროძრავით ამოძრავებს წინა ბორბლებს, მეორით კი უკანას. ეს კონფიგურაცია უზრუნველყოფს ოპტიმალურ წვასა და მართვას სხვადასხვა საგზაო პირობებში.
როგორც მთელი არსებობის მანძილზე, ამჟამადაც, BMW საავტომობილო ინოვაციების სათავეში დგას. იმ ეპოქაში, სადაც დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ავტომობილის შესრულებას, არამედ ეკომეგობრულობასაც, ბრენდი არაერთ სედანს, SUV-სა თუ სხვა მოდელს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. ამ სიაშია: BMW i4, BMW i5, BMW i7 და ჩვენ მიერ ზემოთ აღწერილი iX.
რუბრიკა ავტოისტორიას წარმოგიდგენთ GT Motors.