in

BMW მანქანების შესაქმნელად ჰუმანოიდ რობოტებს გამოიყენებს

BMW მაღალტექნოლოგიურ რეჟიმზე გადადის და სტარტაპ Figure-ის მიერ შექმნილ ჰუმანოიდ რობოტებს თანამშრომლებად ქირაობს. მიზანი კი მანქანების წარმოების მაქსიმალურად დაჩქარებაა.

„მსოფლიოში პირველი კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ავტონომიური ჰუმანოიდი რობოტი“ ადვილად ინტეგრირდება წარმოების პროცესში. უნიკალური შესაძლებლობებით, მას ხუთ საათამდე უწყვეტი, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობა შეუძლია, რაც ეფექტურობასა და სიზუსტეს უზრუნველყოფს.

ცოტა უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რობოტები ძირითადად იმ სამუშაოებზე იქნებიან პასუხისმგებელნი, რომლებიც ან ძალიან საშიში და რთულია ადამიანებისთვის, ან მეტისმეტად ერთფეროვანი. შესაბამისად, ეს ცვლილება BMW-ს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, მეტად საინტერესო სფეროებზე ფოკუსირდნენ.

თავდაპირველად დატრენინგებულ რობოტებს სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქარხანაში აამუშავებენ, რომელიც X-ის სახლადაა ცნობილი. ვიდრე ორფეხა რობოტები საწარმოო ხაზს გაივლიან, კონკრეტული ამოცანების შესრულება უნდა ისწავლონ, რათა წარმოების პროცესში ეფექტური წვლილის შეტანა ისწავლონ. ამ რობოტების მთავარი მახასიათებელი კი უსაფრთხო თანაარსებობისა და კოლეგებთან თანამშრომლობის უნარია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქარხნის ხმაურიან გარემოში.

„ერთი დანიშნულების რობოტიკა ათწლეულების განმავლობაში კვებავდა კომერციულ ბაზარს, მაგრამ ზოგადი რობოტიკის პოტენციალი სრულიად აუთვისებელია. Figure-ის ჰუმანოიდი რობოტები კი კომპანიებს საშუალებას მისცემს, პროდუქტიულობა გაზარდონ, შეამცირონ ხარჯები და შექმნან უფრო უსაფრთხო, თანმიმდევრული გარემო“, — განმარტავს ბრეტ ადკოკი, Figure-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

აღნიშნული ჰუმანოიდი რობოტების მიმზიდველობა მდგომარეობს მათ მრავალფეროვნებასა და მოქნილობაში, განსხვავებით ტრადიციული რობოტებისგან, რომლებიც, როგორც წესი, შექმნილია კონკრეტული ამოცანებისთვის. ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი სისტემა კი მოძრაობის ფართო სპექტრს და ახალი უნარების შესწავლის გზებს მოიცავს.

Reading Coach — მაიკროსოფტმა კითხვის მასწავლებელი სისტემა შექმნა

IT აკადემია STEP-მა თელავში ახალი გარემო შექმნა