ჩვენ ხშირად ვწერთ ისტორიებს ცნობილ საავტომობილო ბრენდებზე, მათ განვითარებაზე, იმ გზაზე, რომლითაც 2023 წლამდე მოვიდნენ, გიყვებით მათ დამფუძნებლებზე და ა.შ. ეს ისტორიები თან განსხვავდება, თან ერთმანეთსაც ჰგავს, რადგან ძირითადად, თითოეული პერსონა თავად არის ხოლმე გამომგონებელი ან შემქმნელი და საკმაოდ რთულ გზას გადის იქამდე, სანამ მისი პროდუქტი ბრენდად იქცევა.
ის სახელები, რომლებიც დღევანდელ სტატიაში უნდა ვახსენოთ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საავტომობილო ბრენდს – BMW-ს ეხება, თუმცა მათ ამ კომპანიის წილი თავიანთი წინაპრებისგან მიიღეს და შემდეგ ისტორიაში სახელი უფრო მეტად გაითქვეს, როგორც წარმოებაში დიდი როლის შემტანებმა.
პირველი პერსონა, რომელიც უნდა გავიცნოთ
სიუზან კლატენი არის გერმანელი ბიზნესვუმენი და მდიდარი ოჯახის მემკვიდრე, რომელიც ამჟამად ყველაზე მდიდარ ქალად მიიჩნევა გერმანიაში. იგი გერმანული საავტომობილო გიგანტის, BMW-ს აქციების 19 პროცენტის მფლობელია. თუმცა, გარდა საავტომობილო კომპანიის საბჭოს წევრობისა, მას მემკვიდრეობით ფარმაცევტული კომპანიაც ერგო და კიდევ არის ჩართული სხვა ბიზნესებში. მაგალითად, მას წილები აქვს გერმანულ, გრაფიტის მწარმოებელ SGL Carbon-ში, გამოყენებული ნავთობის გადამუშავების კომპანია Avista Oil-ში და სხვაგან. თუმცა ჩვენი, როგორც ავტოისტორიის მწერლების ყურადღება, მაინც ყველასთვის საყვარელი ბრენდისკენ იქნება მიმართული.
ღირსეული მშობლების მემკვიდრე
სიუზან კლატენი გერმანელი მილიარდერისა და მრეწველის, ჰერბერტ ვერნერ კვანდტის და იოჰანა მარია კვანდტის ქალიშვილია. ავტოისტორიაში მისი მამა განიხილება პიროვნებად, რომელმაც BMW გაკოტრებისგან იხსნა და მომგებიან ბიზნესად აქცია.
ქონება ჰერბერტმაც თავისი მამისგან, სიუზენის ბაბუისგან მიიღო, რომელსაც დაარსებული ჰქონდა Quandt ჯგუფი – დაახლოებით 200 ბიზნეს კონგლომერატის მფლობელი. ბატარეების წარმოებით დაწყებული ტექსტილის კერვით დამთავრებული, ამ ჯგუფში ყველაფერი შედიოდა და მათ შორის იყო ორი უდიდესი საავტომობილო ბრენდის წილებიც: Daimler-Benz-ის დაახლოებით 10% და BMW-ს 30%.
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში BMW-ს სერიოზული კრიზისი ჰქონდა და 1959 წელს მისმა მენეჯერებმა გადაწყვიტეს, მთელი კონცეფციის Daimler-Benz-ისთვის მიყიდვა. ჰერბერტ კვანდტი ახლოს იყო გარიგების დადებამდე, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა და თავისი წილი BMW-ში 50%-მდე გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ურჩევდნენ ბანკირები. ამით ჰერბერტმა რისკის ქვეშ დააყენა თავისი ქონება, თუმცა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ბედში. BMW 700-ის დაფინანსებით მათ შეძლეს კრიზისის დაძლევა და კომპანიის მოგების გაზრდა.
მას შემდეგ, რაც კვანდტმა ეს ნაბიჯი გადადგა, გამოვიდა, BMW-ს 1500 მოდელი, ხოლო 1962 წელს მან ჩამოაყალიბა ახალი სეგმენტი ავტომობილების ბაზარზე: ხარისხის წარმოების სალონი. მან ერთგვარი შუალედური პოზიცია დაიკავა მასობრივი წარმოების მანქანებსა და ძვირადღირებული მწარმოებლების პროდუქტს შორის. BMW-ს დახვეწილი ტექნოლოგია და მისაღები ბიუჯეტი ახალ სეგმენტში მოწინავედ იქცა და დაამკვიდრა BMW-ს გრძელვადიანი წარმატება.
თუმცა, როდესაც მისი ძმა გარდაიცვალა, რომელსაც Daimler-Benz-ის აქციები ჰქონდა, ჰერბერტმა არ აიღო ხელში ამ მეორე დიდი კომპანიის სადავეებიც და აქციები გაყიდა.
თავად ჰერბერტის გარდაცვალების შემდეგ BMW-ს წილი მის ქალიშვილს, სიუზანს დარჩა. სიუზანის ძმაც, შტეფანი, კომპანიის საბჭოს წევრი იყო. 1997 წლიდან სიუზანიც ამ საბჭოს შეუერთდა.
ცოტა რამ სიუზენის განათლებასა და გამოცდილებაზე
სიუზენ კლატენი 1962 წლის 28 აპრილს დაიბადა. მან განათლება ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით მიიღო, 1980-იანი წლების დასაწყისში კი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სარეკლამო სააგენტო Young & Rubicam-ში. ამის შემდეგ მან კიდევ ორი უნივერსიტეტი დაამთავრა მენეჯმენტის მიმართულებით და პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის, ამერიკულ საკონსულტაციო ფირმა McKinsey & Company-სთან, Bankhaus Reuschel & Co.-სთან და Dresdner Bank-თან.
1990 წელს იგი დაქორწინდა იმ კომპანიის სტაჟიორზე, რომლის წილსაც ფლობდა სიუზენი. ეს იყო BMW. მისი მეუღლე გახდა იან კლიტენი, რომელიც შემდეგ კომპანიის ინჟინრადაც დაინიშნა.
სიუზენისა და შტეფანის სასიამოვნოდ მძიმე ხვედრი
მშობლებისგან მიღებული მემკვიდრეობა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა და სტაბილური ფინანსური კეთილდღეობის გარანტია, თუმცა ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაცაა. და-ძმა, სიუზენი და შტეფანი ერთად BMW ჯგუფის ნახევარს ფლობენ და ხშირად ინტერვიუებში საუბრობენ საზოგადოების წარმოდგენებზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი უზრუნველი ცხოვრება. „ბევრს სჯერა, რომ ჩვენ მუდმივად ვსხედვართ იახტაზე, ამ დროს წინაპრების ქონების მცველის როლი გვიჭირავს, უამრავი ეჭვის გაქარწყლება გვიწევს და მუშაობა იმაზე, რომ ჩვენი როლი ღირსეულად ვატაროთ”, – ამბობს შტეფანი.
ამის მიუხედავად, ორივე მათგანი გლობალური ავტომწარმოებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და მათი როლი დიდია უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებში. ისინი აგრძელებენ მშობლების მიერ დასახულ გზას, რომლის მიხედვითაც BMW ყოველთვის უნდა ინარჩუნებდეს ლიდერ პოზიციებს და მდიდრულ ბაზარზე თავისი მოდელები ყოველთვის ჰქონდეს წარმოდგენილი. ბლუმბერგის ინდექსის მიხედვით, სიუზენი მსოფლიოს 50 უმდიდრეს ადამიანში შედის, რაც მისთვის, როგორც საავტომობილო ბიზნესის მფლობელი ქალისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი