ბნელი მატერია ჩვენთვის უხილავი და გაურკვეველი ნივთიერებაა. თუმცა სამყაროს მუშაობის ამჟამინდელი მოდელების მიხედვით, ნამდვილად უნდა არსებობდეს ის. ალბათ, ალოგიკურად ჟღერს დარწმუნებით საუბარი იმაზე, რასაც არა მხოლოდ ვერ ვხედავთ, ვერ შევიგრძნობთ ან ვურთიერთქმედებთ, არამედ იმაშიც არ ვართ დარწმუნებული, რა არის რეალურად ბნელი მატერია.
მიუხედავად ამისა, მაინც გვაქვს გარკვეული ინფორმაციები — მაგალითად, ბნელი მატერია ექვსჯერ უფრო მასიურია ვიდრე ჩვეულებრივი. ამასთან, არსებობს რამდენიმე მინიშნება, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია ბნელ მატერიას ურთიერთქმედება ან „საუბარი“ ჩვეულებრივ მატერიასთან გრავიტაციის მეშვეობით. მართალია, ჯერ კიდევ უცნობია, ზუსტად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, მაგრამ ახლად გამოქვეყნებული კვლევა ახალ ვარაუდს გვთავაზობს — შესაძლოა, გამოსავალი ე. წ. „არამინიმალური შეწყვილება“ იყოს.
„საკუთარ თავს ვკითხეთ: გრავიტაცია ტყუის თუ ჩვენ გვაკლია რაღაც გადამწყვეტი ბნელი მატერიის ბუნების შესახებ? იქნებ, ბნელი მატერია და სტანდარტული ბარიონული მატერია ისე არ ურთიერთობს ერთმანეთთან, როგორც ყოველთვის ვფიქრობდით? ვცადეთ, ამ დამაინტრიგებელი კითხვებისთვის ჩვენს კვლევაში გვეპასუხა“, — წერენ მკვლევრები პრესრელიზში.
ჩვენი საუკეთესო წარმოდგენით, ბნელი მატერია შეიძლება იყოს ცივი, სუსტად ურთიერთქმედებადი მასიური ნაწილაკები, რომლის დაფიქსირებასაც ექსპერიმენტული ფიზიკოსები უკვე ათწლეულებია ცდილობენ… თუმცა, როგორც ვხედავთ, ყოველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად მოქმედებს მატერიის ეს განსაკუთრებული ტიპი ჩვენს მოდელებში, მაინც არსებობს რამდენიმე პრობლემა. მათ შორის მთავარ პრობლემად ნამგალა ჰალო სახელდება. ამ უკანასკნელში გალაქტიკებში ბნელი მატერიის სავარაუდო სიმკვრივე არ ემთხვევა ე. წ. N-სხეულის სიმულაციებისას.
ამ სიმულაციების მიხედვით, დაბალმატერიან გალაქტიკებში ბნელი მატერია „ნამგალა“ უნდა იყოს. უფრო კონკრეტულად, ყველაზე მეტად კონცენტრირებული უნდა იყოს გალაქტიკის გამონაშვერთან ან მის გარეთ. თუმცა დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ჯუჯა გალაქტიკათა უმეტესობაში ბნელი მატერია შუაგულში უნდა იყოს.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თუ ბნელი მატერია არამინიმალურად არის დაკავშირებული გრავიტაციასთან, ის აღნიშნულ პრობლემას და რადიალური აჩქარების მიმართების საკითხსაც წყვეტს. „ამ ნაშრომში გთავაზობთ ხედვის კიდევ ერთ წერტილს სტანდარტული ცივი ბნელი მატერიის ჩარჩოს შესაცვლელად და გალაქტიკებში შემჩნეული ბრუნვითი გამრუდებების აღსაწერად. ამასთანავე, რადიალური აჩქარების ურთიერთობის ზუსტ რეპროდუქციას ვცდილობთ“.
დასკვნების საფუძველზე, არსებობს ვარაუდი, რომ ბნელი მატერია სივრცე-დროსთან უფრო სხვაგვარად ურთიერთქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი მატერია. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ბნელი მატერიის ეს თვისება ახალი და ეგზოტიკური ფიზიკის ნაწილი არ იქნება… ამ ურთიერთქმედების ახსნა უკვე ცნობილი ფიზიკითაც იქნება შესაძლებელი.