in ,

19 საათიანი ფრენის შემდეგ – NASA-ს ისტორიული მისიის მონაწილეები კოსმოსურ სადგურზე არიან

NASA-ს ასტრონავტებმა – ბობ ბენკენმა და დაგ ჰარლმა 19 საათზე მეტი იმგზავრეს კოსმოსური ხომალდით – Crew Dragon და წარმატებით მიუერთდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. დაახლოებით, 2 საათიანი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლის შემდეგ, ასტრონავტები უკვე კოსმოსური სადგურის ბორტზე იმყოფებიან.

მათი მოგზაურობა 2020 წლის 30 მაისს, თბილისის დროით 23:22-ზე დაიწყო, როცა SpaceX-ის მრავალჯერადმა რაკეტა Falcon 9-მ ხომალდი Crew Dragon დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა კომერციულმა ხომალდმა ადამიანები გაიყვანა კოსმოსში. სხვა მხრივ კი, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი როგორც NASA-ს, ასევე აშშ-ს ისტორიაშიც, რადგან სააგენტო შატლის მისიის დახურვის შემდეგ, ანუ 2011 წლიდან, კოსმოსში ასტრონავტების გაგზავნის კუთხით, რუსეთზე იყო დამოკიდებული. მოკლედ რომ ვთქვათ და როგორც თვითონ NASA-შიც ამბობენ, ეს იყო 2011 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა ამერიკამ შეძლო ამერიკელი ასტრონავტები, ამერიკული მიწიდან, ამერიკული რაკეტით გაეგზავნა კოსმოსში.

დედამიწის ორბიტაზე გასული ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი წრიული მოძრაობებით ნელ-ნელა უფრო მაღალ ორბიტაზე ადიოდნენ და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) უახლოვდებოდნენ. აქ მათ 3 კაციანი ეკიპაჟი ელოდა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე“ – ამ სიტყვების მოსმენა ასტრონავტებმა ISS-თან წარმატებული მიერთების შემდეგ შეძლეს, თუმცა, ამის შემდეგ კიდევ ბევრი პროცედურის გავლა იყო საჭირო, სანამ უშუალოდ კოსმოსური სადგურის ბორტზე აღმოჩნდებოდნენ. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა.

ახლა ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არიან. აღსანიშნავია, რომ ზუსტად არ არის განსაზღვრული, რა დროს დაჰყოფს NASA-ს ეს ორი ასტრონავტი ISS-ზე. ეს, დაახლოებით, 1-დან 4 თვემდე დრო შეიძლება იყოს. თუმცა, ვიცით – გარდა იმისა, რომ ეს არიან პირველი ადამიანები, რომლებმაც კომერციულ ფრენაში მიიღეს მონაწილეობა, ბობი და დაგი ის ასტრონავტებიც არიან, რომლებიც დედამიწაზე Crew Dragon-ით დაბრუნდებიან და ხომალდს დაშვებისასაც გამოცდიან.

ისტორიული ფრენა შესრულდა – SpaceX-მა ასტრონავტები კოსმოსში გაიყვანა

“კოპირაიტინგის ჯონი ქეში” – ამბავი ბასკი ასათიანზე