7
Nov
2019

ბეირუთელი მუსიკოსი ბობს აგჯიანი კვირას თბილისში ექსპერიმენტულ მუსიკალურ საღამოს გამართავს

7 Nov 2019

ბობს აგჯიანი აქტიური და ორიგინალური მუსიკოსია, რომელიც წარმოშობით ბეირუთიდან არის, თუმცა ამჟამად ერევანში მოღვაწეობს.იგი კვირას (10 ნოემბერს), Budka Bar-ში მშობლიური ორიენტალური რიტმებით ინსპირირებულ, Dark Acid Techno სეტს დაუკრავს.

მისი პროექტი HOV რიტმებსა და სემპლებს სპეციფიკური ბგერითი ტერიტორიებიდან იღებს, რომლის სმენისას ადვილად შეამჩნევთ ტრადიციული ლებანური მუსიკის გავლენას, ერევნის ანდერგრაუნდ სცენის პირქუშობას და აგიჯიანის საკუთარ, უნიკალურ მუსიკალურ ხმას, რომელიც ორიენტალურ რიტმებს, ტონალურ ცვლილებებსა და ტექსტურებს ლაივ სეტში აერთიანებს.

ეს აგიჯიანის მეორე ვიზიტი იქნება თბილისში, მას პირველი გამოსვლა, Ableton Live-ის ვორქშოფის ფარგლებში კლუბ Khidi-ში ჰქონდა, ერევანის მუსიკალურ ცენტრ Plug In თან ერთად. კვირას კი შესაძლებლობა გვექნება, რომ მისი უნიკალური მუსიკალური ხმა Budka-ს მყუდრო სივრცეში მოვისმინოთ.

მუსიკოსის ახალი პროექტის მომზადების პროცესში, ჩვენ მას ამჟამინდელ პროექტზე, ისტორიაზე და იმ გავლენებზე ვესაუბრეთ, რომლებმაც მისი ამჟამინდელი მუსიკალური ენა განსაზღვრა:

(შეგიძლიათ ინტერვიუ ამ ტრეკის ფონზე მოისმინოთ)

M: გამარჯობა ბობს, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან გასაუბრება გადაწყვიტე. შენ ბეირუთის და ერევნის სცენის ნაწილი ხარ, საინტერესოა, როგორ მოხვდი მუსიკაში და როგორი გავლენა მოახდინა ორივე სცენამ შენს შენს შემდგომ კარიერაზე.

ბიძაჩემი, რომელსაც მძიმე როკი და მეტალი უყვარდა, ყველაფრის დასაწყისი იყო. ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი მას და ისიც სიამოვნებით მიხსნიდა სხვადასხვა ინსტრუმენტის როლსა და ჟღერადობას ბენდის ფარგლებში (ჩემთვის ყველაზე საინტერესო ინსტრუმენტი დრამი იყო, რიტმები ზოგადად). როდესაც 10 წლის ვიყავი, დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა ლოკალურ მარშ ბენდში დავიწყე, ამას კი ბენდში დრამერობა მოჰყვა. რამდენიმე ბენდში დაკვრის შემდეგ, ელექტრონულ მუსიკას უფრო ღრმად ჩავეძიე, ასევე დავინტერესდი სომხური/ანატოლიური/ორიენტალური რიტმებით. ლებანი ჩემი სამშობლოა და ჩემს მუსიკასაც სწორედ იქაურობას ვუკავშირებდი გასულ წლამდე. ჩვენ ძალიან კარგი როკ სცენა გვქონდა, რის შემდეგაც დომინაცია ელექტრონულმა მუსიკამ დაიკავა, თუმცა ანდერგრაუნდ მუსიკის მოყვარული პროდიუსერები ნაკლებად მიჰყვებიან ელექტრონული მუსიკის ტალღას. ეს ყველაფერი კომერციულ მუსიკაში გადაიზარდა და სამწუხაროდ უკვე არანაირი მუსიკალურად საინტერესო რამ აღარ ხდება ლებანში.

სომხეთში კი პირიქით, სასიამოვნო ძვრებია. ლოკალური მუსიკალური კომუნა დაინტერესებულია ექსპერიმენტებითა და არასტანდარტული მუსიკით. ეს მართლაც სასიამოვნო ადგილია იმის საკეთებლად, რაც გსურს და ამისთვის არავინ განგსჯის.

M: როგორი გავლენა მოახდინა ლოკალურმა სცენამ, ფოლკლორმა შენს მუსიკაზე?

ლოკალურმა მუსიკალური სცენის გამო, ჩამოვშორდი ორიენტალურ/ანატოლიურ მუსიკას და რიტმებს, რომლებზეც დიდი ხანი ვმუშაობდი, ალბათ იმიტომ, რომ ამჟამად სამშობლოში ვცხოვრობ, ახალი გამოცდილებებისთვის კი მუდმივად მზად ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუსიკა უფრო პირქუში, მძიმე და  ენერგიული ხდება.

M: შენ რამდენიმე სხვადასხვა პროექტი გაქვს, შეგიძლია, მათ შესახებ ისაუბრო და გვითხრა ახლა რაზე მუშაობ?

ჩემი ამჟამინდელი HOV პროექტი ძირითადად ლაივ სეტებისგან შედგება. მე ყოველთვის ცოცხლად ვუკრავ ამ პროექტით.

კომპოზიციებზე მხოლოდ ჩემს პროექტ Khoum-ზე და ასევე ლოკალური პროექტ Jrimurmur.-ის ფარგლებში ვიმუშავე. ბოლო პერიოდში ექსპერიმენტებს ვატარებდი Downtempo მუსიკასთან, რომელიც ძირითადად იგივე ლაივ ტექნო სეტებისგან შედგება, თუმცა სრულიად სხვა ტემპში.

ეს მიდგომა სრულიად განსხვავებულ და ახალ მუსიკალურ განზომილებებს ხსნის ჩემთვის, რომლის შეგრძნებაც მაღალ ტემპში შეუძლებელია. ლაივ სეტებისგან განსხვავებით, ასევე ვმუშაობ EP-ზე, რომელიც პირველი იქნება HOV-პროექტისთვის.

M: რას უნდა ელოდოს მსმენელი შენი საღამოდან, რომელიც Budka-ში გაიმართება?

ახლახანს შევაგროვე მუსიკალური თემები ჩემი ბოლო Dark Acid Tehcno სეტისგან და მათ დაკვრას ვაპირებ დაბალ ტემპში, ჩვენ ერთად ვნახავთ როგორ იცვლება მუსიკალური სტრუქტურა სხვადასხვა ტემპის ფარგლებში. ასევე, ვამზადებ სხვადასხვა ორიენტალურ რიტმებს, რომლებსაც ლაივ სეტთან დავუკრავ სინქრონში. საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტია, როდესაც ვუსმენთ ამ ორივე ნაწილს ერთდროულად და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ცოცხლად შესრულდება.

 

ღონისძიების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე 

 

ავტორი: ბენ უილერი

 



განხილვა