10
Oct
2019

საქართველოში წელს პირველად Bocuse d’Or Georgia-ს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება

10 Oct 2019

საქართველოს ისტორიაში პირველად შეფ-მზარეულების მსოფლიო ჩემპიონატი Bocuse d’Or-ის ეროვნული შესარჩევი შეჯიბრი ჩატარდება. აპლიკაციების მიღება უკვე დასრულდა, რაც იმას გულისხმობს, რომ 100-ზე მეტი აპლიკანტიდან 8 მონაწილე უნდა შეირჩეს, რომელიც 2020 წელს Bocuse d’Or-ის ჩემპიონატზე, ტალინში გაემგზავრება. გამარჯვებულს 3 ნოემბერს ჟიური გამოავლენს. ჩემპიონატის შესახებ გასტრონავტის მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერს, სოფო ჩიხლაძეს გავესაუბრეთ:

M: რა კონკურსია Bocuse d’Or და როგორი ფორმატისაა ის?

Bocuse d’Or მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც ნიჭიერ და ახალგაზრდა შეფ-მზარეულებს ოთხი კონტინენტიდან უყრის თავს. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც Bocuse d’Or-ის ოჯახის წევრი გახდა.

გასტრონავტის Bocuse d’Or-თან თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოში გასტრონომიის განთვითარებაა, რაც რეალურად დაეხმარება, როგორც გასტრონომიულ ტურიზმს და შეფ-მზარეულის პროფესიის განვითარებას, ისე ბიზნეს სექტორსა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას.

გამარჯვებული გუნდი 2020 წელს კონტინენტურ შეჯობრზე ტალინში გაემგზავრება, ხოლო 2021 წელს ფინალურ შეჯიბრზე -ლიონში.

M: ვისთვისაა ბოკუზ დორის კონკურსი? რაიმე შეზღუდვა ხომ არ გაქვთ?

Bocuse d’Or Georgia საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდა, შემოქმედი და ნიჭიერი შეფ-მზარეულებისთვის, წარმოაჩინონ თავიანთი თავი და განავითარდნენ პროფესიულად.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ასაკობრივ შეზღუდვას, რაც გულისხმობს იმას, რომ შეფ-მზარეული უნდა იყოს 24 წლის და ზემოთ და ასევე უნდა ჰქონდეს 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება.

M: რა გზით გამოვლინდება ის 8 მონაწილე, რომელიც ესტონეთში გაემგზავრება?

აპლიკანტების მიღების პროცესი სულ ახლახანს დასრულდა. კანდიდატებს შეეძლოთ აპლიკაციის შევსება Bocuse d’Or-ის ოფიციალური გვერდისა და Facebook-ის მეშვეობით.

კანდიდატების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია. 100-ზე მეტი აპლიკანტიდან უნდა შეირჩეს 8 ღირსეული, ვინც იბრძოლებს Bocuse d’Or Georgia-ს ეროვნული შესარჩევი შეჯიბრის გამარჯვებისთვის და შემდეგ გაემგზავრება ესტონეთში.

M: რა ელით ესტონეთში ამ მონაწილეებს?

Bocuse d’Or-ის ჩემპიონატი პროცესუალურად ძალიან ჰგავს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს. მაგალითად, კონტინენტური შესარჩევი შეჯიბრი, რომელიც 2020 წელს გაიმართება ტალინში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ ფინალის ტოლფასია.

კონკურსზე შევეჯიბრებით ისეთ ქვეყნებს, რომლებიც 30 წელია, იღებენ Bocuse d’Or-ში მონაწილებას, მაგალითად, იტალია და საფრანგეთი. გასტრონავტში კარგად გვესმის, რა გასტრონომიული გამოწვევების წინაშე დგას საქართველო დღესდღეობით. ზუსტად, ტალინში გამგზავრების მთავარი მიზანიც ის არის, რომ მკაფიოდ დავინახოთ სად ვართ, რა გვაკლია და რა გზით უნდა ვიაროთ. განვითარების გზა ძალიან გრძელია, თუმცა აუცილებლად გასავლელი, რათა გავუტოლდეთ ზემოხსენებულ ქვეყნებს და ერთ დღეს ვაჯობოთ კიდეც მათ.

M: რა არის ის აუცილებელი რამ, რაც შეფ-მზარეულებს უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ტალინში მოხვდნენ?

რეალურად, შერჩეული 8 კანდიდატიდან იწყება Bocuse d’Or საქართველოს ისტორია, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მათ საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგეს. კერძის შეფასებისას ჟიური ყურადღებას აქცევს კერძის გემოს, კრეატიულობას, კერძის ვიზუალსა და მომზადების ტექნიკას.

 

M: რას ურჩევდით შიდა კონკურსის მონაწილეებს?

ფრთების გაშლას! ვგულისხმობ, კრეატიულობას, რადგან ამას დიდი ყურადღება ექცევა. თითოეულ კანდიდატს ვუსურვებთ წარმატებას და ვურჩევთ, აჩვენონ თავიანთი მაქსიმუმი.

[R]

განხილვა