29
Mar
2018

ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ ჩემპიონატ Bocuse d’Or-ში მონაწილეობის შანსი უჩნდება!

29 Mar 2018

პირველად საქართველოში! შეფ-მზარეულების მსოფლიოს ჩემპიონატ Bocuse d’Or-ის ლოკალური ფესტივალის ჩატარდების შანსი ჩნდება, სადაც გამარჯვებული 5 ქართველი შეფი მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ კონკურსზე, ნაციონალური სამზარეულოს წარდგენას შეძლებს. საქართველოში, შიდაშესარჩევი ღონისძიების ორგანიზატორი, 8 თვიანი მოლაპარაკების შედეგად, უკვე დადასტურებული ინფორმაციით, Food And Beverage Consulting Agency Gastronaut იქნება, თუმცა, ღონისძიების ჩატარება, გარდა Bocuse d’Or-ის ნებართვისა და თანამშრომლობისა, შიდა პარტნიორებისა თუ სპონსორების მოძიების საკითხებსაც უკავშირდება.

Bocuse d’Or-ის მსოფლიო ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, მას კი წინ უძღვის საკონტინენტო კონკურსები. ამჯერად, 11-12 ივნისს, Bocuse d’Or ევროპა 2018-ის ნახევარფინალს ტურინი მასპინძლობს. ღონისძიებას ქართული საკონსულტაციო სააგენტოს 5 წარმომადგენელი დამკვირვებლის ამპლუაში დაესწრება, ისევე, როგორც იანვარში, ლიონში გასამართ ევროპის ფინალს. Gastronaut საქმიანი ვიზიტის განმავლობაში, რეკომენდაციებთან ერთად, Bocuse d’Or-ის ორგანიზატორებისგან ლოკალური ღონისძიების ჩატარებისთვის კონკრეტულ დირექტივებს მიიღებს. ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებულ დეტალებსა და მნიშვნელობაზე მარკეტერი Gastronaut-ის რესტორატორი და პროექტების მენეჯერი – ლევან ქოქიაშვილს ესაუბრა:

ლევან ქოქიაშვილი

M: როგორია ლოკალური Bocuse d’Or-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული დეტალები? რა არის საჭირო ღონისძიების ჩასატარებლად?
8 თვიანი მოლაპარაკების შედეგად, უკვე დადასტურებულია, რომ Bocuse d’Or-ის წარმომადგენლები საქართველოში და შესაბამისად, ლოკალური კონკურსის ორგანიზატორები ვიქნებით. თუმცა, ჯერჯერობით, არ ვიცით როდის ჩატარდება ღონისძიება. გამოგზავნილია დიდი მასალა, სადაც ის დავალებებია შესული, რომელიც უნდა შევასრულოთ, მათ შორის, ჩემპიონატის ორგანიზატორთა მიწვევით, უნდა დავესწროთ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალს. საქმიანი შეხვედრებისას დავაზუსტებთ/განვსაზღვრავთ საქართველოში შიდაშესარჩევი კონკურსის ჩატარების დროს, ადგილს, თუმცა, ნაკლებად ფორმატს, რადგან იგი Bocuse d’Or-ისთვის, ყველა ქვეყანაში სტანდარტია. ყველა ქვეყანას ჰყავს Bocuse d’Or-ის ელჩი, რომელიც აუცილებლად, უნდა იყოს შეფ-მზარეული. აღსანიშნავია ისიც, რომ ლოკალური ფესტივალის ჩატარება არა მხოლოდ Bocuse d’Or-ის ნებართვზე, არამედ, ადგილობრივი პარტნიორების არსებობაზეცაა დამოკიდებული.

M: საქართველოს შემთხვევაში, ვინ მოიაზრება Bocuse d’Or-ის ელჩად? რა დატვირთვა აქვთ ელჩებს? 
ასეთი ელჩი, ჩვენ შემთხვევაში, იქნება შეფ-მზარეული – ლევან კობიაშვილი. მაგალითად, როდესაც აქ ჩატარდება ლოკალური ჩემპიონატი, ჩამოვა 20 ელჩი, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც შეაფასებს კონკურსანტთა ნამუშევრებს.

M: როგორც ვიცით, Bocuse d’Or-ზე ნაციონალურ სამზარეულოს ეთმობა დიდი ყურადღება. როგორია საქართველოს პოტენციალი ამ კუთხით?
Bocuse d’Or მუდამ ეძებს და ინტერესდება სხვადასხვაგვარი სტილით. ნაციონალური სამზარეულოს ხაზგასმით კი, შესაძლებლობა აქვთ გამოსცადონ ქვეყნის პოტენციალი, სიძლიერე, კრეატიულობა. ამისათვის არსებობს ქვეყნიდან 5 მზარეულის მონაწილეობის წესი, თითოეული მათგანი კი განსხვავებული სტილით უნდა ამზადებდეს, მათ შორის უნდა იყვნენ როგორც წმინდა ტრადიციული, ასევე, მოდერნისტული სამზარეულოს შეფები. დიდ უპირატესობას ანიჭებენ ავთენტურ პროდუქტებს, ჩვენ შემთხვევაში, მაგალითად, დამბალ ხაჭო, ჩურჩხელა. ასეთი პროდუქტებისთვის ცალკე პრეზენტაციები ტარდება. ვფიქრობ, ამ კუთხით საკმაოდ საინტერესო და კონკურენტუნარიანი სამზარეულო გვაქვს.

M: რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ ქართველმა შეფ-მზარეულებმა ლოკალურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად?
თვითონ ქვეყანაში, შეფ-მზარეულის მონაწილეობა სხვადასხვა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება, მაგალითად, მინიმუმ 3 წლიანი შეფ-მზარეულობის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.

Bocuse d’Or-ის ისტორია 1987 წელს დაიწყო, როცა „საუკუნის შეფ-მზარეულმა“ და „სამზარეულოს პაპმა“ – პოლ ბოკუზმა რევოლუციური, გასტრონომიული კონკურსი შექმნა. ბოკუზი ახალი სტილის სამზარეულოს – Nouvelle Cuisine-ს შემქმნელიცაა, რომლითაც ახლა მთელი მსოფლიო მუშაობს. იდეა – ერთად შეეკრიბა 24 ახალგაზრდა შეფ-მზარეული და მიეცა მათთვის მათი თაობისა და პროფესიის, მსოფლიოს გამორჩეულ პროფესიონალებთან შეჯიბრების შესაძლებლობა, წარმატებული აღმოჩნდა. იმდენად, რამდენადაც კულინარიის მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, Bocuse d’Or-ზე დიდი მასშტაბის შოუ/ჩემპიონატი არ არსებობს.

განხილვა

3 Responses

  1. 16/03/2019

    […] სააგენტო „გასტრონავტისგან“ გავიგეთ, რომ ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს […]

  2. 16/03/2019

    […] შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში იყო საუბარი იმაზე, რომ ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ ჩემპიონატ Bocuse d’Or-ში მონაწილეობის შანსი უჩნდებოდა. […]

  3. 16/03/2019

    […] შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში იყო საუბარი იმაზე, რომ ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ ჩემპიონატ Bocuse d’Or-ში მონაწილეობის შანსი უჩნდებოდა. […]