in

პირველად საქართველოში! გასტრონომიის მსოფლიო ჩემპიონატ Bocuse d’Or-ის შიდაშესარჩევი კონკურსი ჩატარდება!

რამდენიმე თვის წინ, საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტისგან“ გავიგეთ, რომ ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ ჩემპიონატ Bocuse d’Or-ში მონაწილეობის შანსი უჩნდებოდა. ამ შანსის გამოყენება და სრულყოფა კი დამოკიდებული იყო როგორც ჩემპიონატის წარმომადგენლებზე, ასევე, „გასტრონავტის“ გუნდის შრომაზე და ღონისძიების ჩასატარებლად, ქართული კომპანიების ფინანსურ მხარდაჭერაზე. დღეს, Bocuse d’Or-ზე საქმიანი ვიზიტით მყოფ „გასტრონავტის“ წარმომადგენლებსა და ჩემპიონატის ორგანიზატორებს შორის შეთანხმება შედგა. საქართველოში პირველად ჩატარდება Bocuse d’Or-ის შიდაშესარჩევი კონკურსი, გამარჯვებულები კი, ჩვენი ქვეყნის სახელით, მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

„ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია მოგვთხოვეს, რის საფუძველზეც, ფაქტობრივად, აღმოაჩინეს საქართველო და დღეს უკვე დაგვიდასტურეს თანამშრომლობა, ანუ ის, რომ Bocuse d’Or-ის შესარჩევი კონკურსი საქართველოშიც ჩატარდება. ახლა უკვე დარჩენილია ფინანსური ნაწილი, რომელიც ჩვენი მხრიდან უნდა შესრულდეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უნდა მივიდეთ მსხვილ კომპანიებთან, იმისათვის, რომ ამ დიდ საქმეში გვერდით დაგვიდგნენ. შემდეგი ნაბიჯი კი იქნება ის, რომ საქართველოში პირველად ჩატარდება Bocuse d’Or Georgia, რომელიც მოიცავს მზარეულებს შორის შეჯიბრს. 4 წლის შემდეგ კი, საქართველო წავა მსოფლიო გასტრონომიულ ჩემპიონატზე. აქამდე კი, იქნება შესარჩევი ეტაპები, მოსამზადებელი პერიოდი, უშუალოდ კონკურსი, მისი საერთაშორისო წესების დაცვით. ძალიან დიდი სამუშაოა შესასრულებელი ჩვენი მხრიდან და ვიწყებთ ამ მიმართულებით შრომას. შეიქმნება ოფიციალური წარმომადგენლობა – Bocuse d’Or Georgia, აირჩევიან, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელები და ქართული სამზარეულო დაიწყებს გასტრონომიის ყველაზე მაღალ საფეხურზე განვითარებას. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივატორია, ასევე, იმის გააზრებაც გვაძლევს ძალას, რომ იმ საქმეს, რომელსაც სრულიად უანგაროდ ვაკეთებთ ახლა, ძალიან დიდი და პოზიტიური შედეგის მოტანა შეუძლია ქართული გასტრონომიის მომავლისთვის“, – გვითხრა „გასტრონავტის“ რესტორატორმა – ლევან ქოქიაშვილმა.

პერსონაჟები ცნობილი ლოგოებისთვის! – ორიგინალური ილუსტრაციები

გადაშენების ზღვარზე მყოფი ვაზის გადარჩენის ისტორია – „უსახელაურის“ რებრენდინგი და ემოცია, რომელსაც სახელი არ აქვს