შეცდომებისგან არც ხელმძღვანელები არიან დაზღვეულნი… ზოგჯერ პროცესები ისე არ ვითარდება, როგორც მოელიან, ზოგჯერ კი გუნდის წევრები გეგმას შესაბამისად არ ასრულებენ. თუმცა სიტუაციის გამოსწორების პასუხისმგებლობა სწორედ ლიდერებს ეკისრებათ, რაც მობოდიშებით იწყება. უფრო ზუსტად, ბოდიშის მოხდა იმას ნიშნავს, რომ შეცდომაზე პასუხისმგებლობას იღებთ. ამასთან, აკონკრეტებთ, რა მოხდა არასწორად, აყალიბებთ გეგმას, რათა შეცდომა მომავალში აღარ განმეორდეს…
ბოდიშის მოხდა საკუთარი შეცდომებისთვის
მოდით, ჯერ ის შემთხვევა განვიხილოთ, როცა შეცდომა სრულად თქვენ გამო მოხდა. შესაძლოა, ძალიან იჩქარეთ, საკმარისი ინფორმაცია ქმედებამდე არ შეაგროვეთ ან რაღაც ძალიან უხეშად თქვით, ან დოკუმენტი მანამ გააგზავნეთ, სანამ სრულად დაარედაქტირებდით… აუცილებელია, მოუბოდიშოთ ყველას, ვისზეც თქვენმა შეცდომამ იმოქმედა. თუმცა აქვე არსებობს არაფრის კეთების ცდუნება იმის იმედით, რომ ამ შეცდომას ვერავინ შეამჩნევდა.
რეალურად კი, რაც უფრო სწრაფად მოიბოდიშებთ, მით უფრო მალე შეძლებთ დაშვებული შეცდომის ზიანის თავიდან არიდებას. ხოლო, თუ არსებობს გზები, რომლითაც ანალოგიური შეცდომა აღარ განმეორდება, ისიც უნდა აღწეროთ, რას აპირებთ. თქვენი ბოდიში სხვა ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ზრუნავთ გაუმჯობესებაზე, რაც თქვენ მიმართ სანდოობასაც ზრდის. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ შეცდომების აღიარება ძირს უთხრის თქვენს ავტორიტეტს, თუმცა სინამდვილეში იგი აძლიერებს კიდეც მას. თქვენს გუნდს მისაბაძ ქცევასაც კი აჩვენებს.
ბოდიშის მოხდა თქვენი გუნდის გამო
ხელმძღვანელი არა მარტო საკუთარ შეცდომებზეა პასუხისმგებელი, არამედ იმაზეც, რომელსაც გუნდი უშვებს. ამიტომ, როცა თქვენი გუნდის წევრის მიერ დაშვებულ შეცდომას აღმოაჩენთ, სწორედ თქვენ უნდა აიღოთ მასზე პასუხისმგებლობა გუნდის გარეთ არსებულ ადამიანებთან. ორგანიზაციის სხვა წევრებმა და იმ ადამიანებმაც, რომელსაც ემსახურებით, უნდა დაინახონ, რომ თქვენი გუნდის როგორც წარმატება, ისე მარცხი თქვენზეა…
თუმცა მნიშვნელოვანია, როცა გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობთ, საკუთარ წვლილსაც ხედავდეთ მასში. საუკეთესო ლიდერები სწორედ ასე იქცევიან და წარმატებული საქმეების დამსახურებასაც მთელ გუნდს უნაწილებენ. ეს მიდგომა კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში გეხმარებათ როგორც თქვენს გუნდთან, ისე კოლეგებთან და მომხმარებლებთან.
ბოდიშის მოხდა ცუდი შედეგებისთვის
ზოგჯერ საკმაოდ სწორ პროცესებს გავდივართ გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ მას მაინც ცუდი შედეგი მოჰყვება. ზოგჯერ რაღაც საკითხები ჩვენი კონტროლის მიღმაცაა… თუმცა ამ შემთხვევებშიც გამოსავალი მობოდიშებაა — იმის აღიარება, რომ თქვენ იცით არსებული სიტუაციის შესახებ, რომელიც ისე არ წავიდა, როგორც გეგმავდით; იაზრებთ, რომ ნებისმიერი ნეგატიური შედეგი პოტენციური სწავლის გამოცდილებაა. ხოლო იმაზე ფოკუსირებით, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მომავალში უკეთ თქვენს გუნდთან ერთად, იმასაც მიხვდებით, რომ ცუდი შედეგები უარყოფილი კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა გააანალიზოთ და გაიაზროთ.
და როდის არ უნდა მოიბოდიშოთ?
შესაძლოა, ბევრ შემთხვევაში იხდიდეთ ბოდიშს, მაგრამ ეს ჩვევაში არ უნდა გადაგივიდეთ და იმ ადამიანის გამო არ უნდა თქვათ, ვინც თქვენს გუნდში არ იკავებს ადგილს. შესაძლოა, გყავთ კოლეგები, რომლებიც ცუდად იქცევიან ან პროექტებში პრობლემებს წარმოქმნიან. აქ თქვენ შეგიძლიათ, ემპათია გამოიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებშიც აღნიშნული ინდივიდები იმედგაცრუებას იწვევენ, იმუშაოთ კიდეც სხვის მიერ შექმნილი არეულობის მოსაგვარებლად, თუმცა ამ ინდივიდებზე პასუხისმგებლობა თავად არ უნდა აიღოთ.
შესაძლოა, მაინც გქონდეთ სხვისი ქმედებების გამო მობოდიშების სურვილი, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, გახსოვდეთ, რომ ეს უარყოფითად აისახება იმ ბოდიშებზე, რომლებსაც თქვენ კონტროლ ქვეშ არსებული შეცდომებისთვის იხდით. თანაც არც გარანტია გაქვთ, რომ კონკრეტული ინდივიდი მომავალში იმავეს არ გააკეთებს…