ისტორიულ აფრენამდე დაახლოებით 2 საათი იყო დარჩენილი, როცა გავიგეთ, რომ Boeing-ის Starliner-ის გაშვება გადაიდო. მიზეზი უსაფრთხოების საკითხებია, უფრო ზუსტად, რაკეტის ზედა ნაწილზე არსებული პრობლემა. შემდგომი სარეზერვო გაშვების თარიღები კი 7, 10 და 11 მაისია. მრავალწლიანი შეფერხებებისა და თითქმის 1 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის დახარჯვის შემდგომ, აღნიშნული მისია Boeing-ის პირველი მცდელობა იქნება, როცა იგი ასტრონავტებს ISS-ზე გადაიყვანს.
როგორც კი პრობლემა მოგვარდება, United Launch Alliance Atlas V მიიყვანს CST-100 Starliner-ს ორბიტაზე ორ ასტრონავტ ბუჩ ვილმორთან და სანი უილიამსთან ერთად. დიდი ალბათობით, ეს დღეს ფლორიდის Cape Canaveral-იდან საღამოს 22:34 საათზე მოხდება და პირველი შემთხვევაც იქნება, როცა ULA-ს Atlas ეკიპაჟს გადაიყვანს! თანაც რაკეტის 99 მისია ასივე პროცენტით წარმატებული გამოდგა.
ყველაზე ადრე ასტრონავტები სადგურამდე ხუთშაბათს მიაღწევენ, სადაც სულ მცირე 7 დღით გაჩერდებიან. შესაბამისად, მათ დედამიწაზე 16 მაისამდე ადრე არ უნდა ველოდოთ.
ხოლო, თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდა, Boeing საბოლოოდ შეძლებს Starliner-ს შესაბამისი სერტიფიკატი მისცეს, რომლითაც იგი ადამიანების ტრანსპორტირებისთვის გამოსადეგ რაკეტად ჩაითვლება. ამასთან, კომპანიას შეეძლება, ნასას 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტის შესრულებაც დაიწყოს, რომელიც Commercial Crew Program-ის ფარგლებში 2014 წელს ჩაუშვეს. მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდა ილონ მასკთანაც Crew Dragon-ისთვის და იგი უკვე 2020 წლიდან უზრუნველყოფს ასტრონავტების გადაყვანას ISS-მდე და უკან.
ამასობაში SpaceX-მა ადამიანების სატრანსპორტო სერვისებიც გააუმჯობესა, შეასრულა ათობით მისია და კერძო ფრენებსაც ახორციელებდა Axiom Space-თან ერთად, Boeing კი ძალიან ჩამორჩა პროცესებს… მართალია, პირველი უეკიპაჟო მისია ISS-ზე 5 წლის წინ უნდა გაეშვა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო მიზანს 2022 წლამდე ვერ მიაღწია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხარჯებსაც უკავშირდება — გასული წლის მონაცემებით, Boeing-მა 1.5 მილიარდი დოლარის გადასახადი დააგროვა!
აღნიშნული საკითხი არც მასკს დარჩენია ყურადღების მიღმა და X-ზე შემდგომი პოსტი შემოგვთავაზა:
მიუხედავად ამისა, ნასასთვის და Boeing-ისთვის პრიორიტეტი კვლავ ასტრონავტთა უსაფრთხოება იყო, რის გამოც არც დაყოვნებულან მისიის გადადებაზე — „ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია და ამას ზედაპირულად ვერ შევხედავთ“.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გაშვების შემდგომ თარიღებს ვადევნოთ თვალი…