21
Nov
2019

“სფოთლაითი პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს თვითგანვითარებაში ეხმარება” – საქართველოს ბანკი Spotlight 2019-ის მხარდამჭერია

21 Nov 2019

Spotlight 2019 ნელ-ნელა ახლოვდება. გამორჩეული სპიკერები, შთამაგონებელი ისტორიები, მოტივაციით სავსე გარემო და საინტერესო თემატიკა – “ერთიანობა” – ამ ყველაფერს წლევანდელ სფოთლაითზე იხილავთ. წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა 15 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიებაზე შეკრებილ 500-ზე მეტ სტუმარს კი Radisson Blu Iveria უმასპინძლებს. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. დეტალებზე საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერს, სოლო წიწუაშვილს ვესაუბრეთ:

M: ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ბანკისთვის მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა?

საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების მხარდაჭერა.

Spotlight კი არის პლატფორმა, სადაც ამ ადამიანებს შეუძლიათ, ერთმანეთს და ასევე ფართო საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საინტერესო მიგნებები, არაორდინალური იდეები, და ზოგადად ხედვა და ღირებულებები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საერთო ცნობიერების ამაღლებასა და წინსვლას.

M: როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად სფოთლაითი რა ძირეული სიახლებიის გამომწვევია საზოგადოებაში?

დღესდღეობით საქართველოში უამრავი ადამიანია ბევრი საინტერესო და სასარგებლო საქმით დაკავებული და ისინი ყოველდღიურად აღწევენ მცირე და დიდ გამარჯვებებს თავიანთ მოღვაწეობასა და შემოქმედებაში.

სფოთლაითის ფორმატი კი მათ უთმობს ტრიბუნას და აძლევს საშუალებას, ისაუბრონ თავიანთ მიღწევებზე, აღმოჩენებზე, იდეებზე, ფიქრებზე, ან თუნდაც სირთულეებზე, რაც, თავის მხრივ, ეხმარება ინდუსტრიის განვითარებას და ბევრისთვის შეიძლება შთაგონების წყაროც კი გახდეს.

M: რატომ თვლით მას ღონისძიებად, რომელსაც მხარში უნდა ედგეთ?/რას აძლევს ეს ღონისძიება ხალხს?

ერთმანეთის გულშემატკივრობა, წახალისება, ცოდნის გაზიარება, ახალი, საინტერესო სიახლეებისა და ადამიანების გაცნობა, ახალი კონტაქტების დამყარება – ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა, ესეც კი საკმარისია ამ ღონისძიების მნიშვნელობა და ღირებულება რომ დავინახოთ. სფოთლაითი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ამ ინდუსტრიში დამწყები ადამიანებისთვის, ასევე, უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისთვისაც, რადგან წლიდან წლამდე განსაკუთრებული სპიკერების დახმარებით საკმაოდ მრავალფეროვანი ინსპირაციის მიღება არის შესაძლებელი.

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს პოტენციალის რეალიზებაში. სფოთლაითი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ეხმარება ადამიანებს თვითგანვითარებაში.

M: თქვენ როგორ ხედავთ წლევანდელი თემატიკის “ერთიანობის” მნიშვნელობას?

„ძალა ერთობაშია, და არა ერთნაიროაბაში“ – ასე დაასრულა ნიკა გუჯეჯიანმა თავისი გამოსვლა სფოთლაითზე.

და მართლაც, ყველა ინდივიდუალურად შეიძლება, ძალიან ნიჭიერები და წარმატებულებიც ვიყოთ, მაგრამ როდესაც ძალებს ვაერთიანებთ, შესაძლებელია სულ სხვა სიმაღლეებზე ასვლა და აქამდე მიუწვდომელი მწვერვალების დაპყრობაც.

მთავარია, არ გავჩერდეთ მიღწეულზე, მუდამ ვეძებოთ ინდივიდუალური შესაძლებლობების საუკეთესო კომბინაციები და, საბოლოო ჯამში, ისეთ გამარჯვებებს მივაღწევთ, რაც შეიძლება, წარმოუდგენელიც კი გვგონია.

განხილვა