in

თქვენს კითხვებსა და მოთხოვნებს საქართველოს ბანკის „ციფრული ასისტენტი“ უპასუხებს!

ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლის კითხვებისა და საჭიროებების სწრაფი ანალიზისთვის

ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ, საბანკო ინდუსტრიას მომსახურების სწრაფად დახვეწის შესაძლებლობა მისცა. გაუმჯობესდა სერვისი, ციფრული ბანკინგი, შეთავაზებები – ბანკი უფრო მეტად მობილური გახდა. AI-სა და მობილური ბანკინგის განვითარებამ გზა გაუხსნა ისეთ მომსახურებას, როგორიცაა „ციფრული ასისტენტი“. ფინანსური ტექნოლოგიების ამ მიდგომას მსოფლიოს წამყვანი ბანკები იყენებენ. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ისინი სწრაფად და დეტალურად აწვდიან მომხმარებლებს საინტერესო ინფორმაციას, ასრულებენ მოთხოვნილ ოპერაციებს და აანალიზებენ ბაზრის საჭიროებებს.

მსგავს საბანკო სერვისებზე მაღალი მოთხოვნაა საქართველოშიც, სადაც ბანკების ციფრულ არხებში გაზრდილი მომართვიანობისა და პანდემიის გამოწვევების შედეგად, დისტანციური მომსახურების საჭიროებამ საგრძნობლად იმატა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდისთვის და მათთვის სწრაფი სერვისის მიწოდების მიზნით, საქართველოს ბანკმა „ციფრული ასისტენტის“ შემუშავების საჭიროება დაინახა. ბანკმა პროექტზე მუშაობა დაიწყო ფინტექ სტარტაპ Optio.ai-ისთან ერთად, რომელიც პროდუქტებს საბანკო სექტორისათვის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით ქმნის.

„სამუშაოების დაწყებისას, მთავარი მიზანი „ციფრული ასისტენტის“ შექმნა იყო, რომელიც მომხმარებლის ძირითად საჭიროებებს მოერგებოდა და სერვისის მიწოდებას აასწრაფებდა.“

თავდაპირველად, პროექტზე მუშაობა ექსპერიმენტულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპისთვის, „ასისტენტი“ მომხმარებლის ამომწურავი ინფორმაციისა და შესაბამისი ოპერაციების სწრაფად შესრულებაზეა მომართული.

საქართველოს მასშტაბით, ბევრი სხვადასხვა „შესაძლებლობისა“ და ტიპის „ციფრული ასისტენტი“ არსებობს, რომელიც მომხმარებელს დახმარებას სხვადასხვა სერვისის მიმართულებით სთავაზობს. ჩვენ შემთხვევაში, შევეცადეთ „ციფრული ასისტენტისთვის“ ყველა საჭირო „თვისება“ გაგვეერთიანებინა, რაც სრულ საბანკო სერვისების სპექტრს მოიცავს და ზუსტად ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. საქართველოს ბანკის „ციფრული ასისტენტი“ იქნება ფინანსური ინსტიტუტის სერვისების ჰიბრიდული გაერთიანება, რომელიც თავის თავში მრავალ განშტოებას მოიცავს, იქნება ეს მომხმარებლის მხარდაჭერა, ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკითხები თუ უბრალოდ, ზოგადი კითხვები,” – ამბობს Optio.ai-ის გენერალური დირექტორი შოთა გიორგობიანი.

რას აკეთებს „ციფრული ასისტენტი“?

ამ ეტაპისთვის, „ციფრული ასისტენტს“ მომხმარებლის მხარდაჭერა საბანკო სერვისებთან დაკავშირებული კითხვებზე პასუხების სწრაფად მოძიების კუთხით შეუძლია. ეს არის როგორც ზოგად კითხვებზე (ბარათები, დეპოზიტები, პირობები და სხვა) პასუხის სწრაფად მიღება, ასევე სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება, მაგალითად ამონაწერის დაგენერირება, ნაშთების შემოწმება, ბარათების დაბლოკვა და სხვა.

„ციფრული ასისტენტის“ მთავარი ფუნქციაა მომხმარებლის მომართვების მიღება, ანალიზი და სწრაფი პასუხის დაბრუნება, სერვისების სარგებლობის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის.

„ციფრული ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კლიენტს, რომელიც ბანკს ონლაინ ჩატის საშუალებით უკავშირდება. კლიენტის ნებისმიერი მომართვა დასამუშავებლად ციფრულ ასისტენტთან ხვდება, მიღებული ტექსტი კი, ღრუბლოვან სერვისს გადაეცემა. ეს მონაცემები მუშავდება და ციფრულ ასისტენტს უბრუნდება შესაბამისი ალგორითმის სახით, რომლის საშუალებითაც ის შესაბამის პასუხს ტექსტური შეტყობინების, ლინკის, ფოტოს ან ქმედების სახით აბრუნებს. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მომხმარებლების მომართვების ანალიზი და „ციფრული ასისტენტის“ შესაძლებლობების გაუმჯობესება.

რისთვისაა საჭირო „ციფრული ასისტენტი“?

საქართველოს ბანკისთვის „ციფრული ასისტენტი“ არის საშუალება გაზარდოს მომხმარებლთა კმაყოფილება და მაქსიმალურად სწრაფად გააძლიეროს მომხმარებლის მხარდაჭერა იმ საკითხებში, რაც ყოველდღიურად არსებობს, საბანკო სერვისებთან მიმართებაში. ხოლო მომხმარებლისთვის ეს არის სწრაფი, კომფროტული, დროული და რაც მთავარია, მის საჭიროებებზე მორგებული სერვისი, რომელიც დაუზოგავს დროს და ბანკთან ურთიერთობის გამოცდილებას მეტად გააკომფორტულებს

ტექნოლოგია

საქართველოს ბანკის „ციფრული ასისტენტის“ შექმნაზე იმუშავა და კვლავაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას ციფრული საბანკო სერვისების დეპარტამენტის კონტაქტ ცენტრისა და ჩატბოტის გუნდი (თემო ბაბუციძე, ნინო მაქაცარია, თაკო ქართველიშვილი, იონა გელაძე, მარიამ ფირცხალავა, გიგა ფუტკარაძე, დავით კურცხალია).

„ქართული ენის აღსაქმელად, „ციფრული ასისტენტი“ optio.ai-ის ღრუბლოვან სერვისს იყენებს (NLU – Natural-language understanding), ხოლო დანარჩენი სისტემა სასაუბრო AI-ის ფრეიმვორკის გამოყენებით ფუნქციონირებს.“

განვითარება

საქართველოს ბანკის ციფრული ასისტენტის განვითარების საკმაოდ ფართო არეალი არსებობს. პირველ ეტაპზე, ის მომხმარებლების საჭიროებებზე მოარგებს მომსახურებას, რომელზეც ინფორმაციის მოპოვება ან ქმედების განხორციელება, დისტანციურ არხებშიც კი, გარკვეულ დროს მოითხოვს. საწყის ეტაპზე „ციფრული ასისტენტი“  bog.ge-სა და ibank-ის არხების ჩატის საშუალებით დაეხმარება მომხმარებელს, ხოლო შემდგომ სხვა ციფრულ არხებსაც მოიცავს.

 

[R]

ონლაინ სასამართლო სხდომაზე ადვოკატის სახეს კატის ანიმაციური გამოსახულება ანაცვლებდა

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სერვისის წინასწარი შეკვეთები დაიწყო!