საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულებით პროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 29 მარტს, 21:00 საათზე, Amazon-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ვებინარი, “Building MVP on AWS” გაიმართება.
Amazon-ის წარმომადგენლები, ეგორ შადრინი და ნიკიტა ხარჩენკო განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექსტარტაპებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებიან, როგორიცაა: პროდუქტის შექმნა, ოპტიმიზაცია, ქლაუდ სერვისების გამოყენება და არქიტექტურის სწორად აგება. ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში, სპიკერები დეტალურად ისაუბრებენ ამაზონის ვებსერვისებზე (AWS) და მათი გამოყენებით პირველი პროტოტიპებისა და მინიმალური ღირებულების პროდუქტების (MVP) შექმნაზე.
ვებინარს მოდერატორობას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუწევს. სპიკერების პრეზენტაციის შემდეგ კი, ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე გაიმართება.
„ფინტექ მიმართულების განვითარება და სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, Amazon-ის მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად ვუმასპინძლოთ ამ მიმართულების ვებინარს. ის გზა, რომელსაც სტარტაპები განვითარების ადრეულ ეტაპზე გადიან, არცთუ ისე მარტივია და მნიშვნელოვანია, რომ მათ კომპეტენტურ რჩევებს გამოცდილი სპიკერები გაუზიარებენ. ვებინარის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტარტაპებს ამ რთული გზის მარტივად გავლაში“, – აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი.
ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ciQyUY
ვრცლად სპიკერების შესახებ:
ეგორ შადრინი Amazon Web-ის გადაწყვეტილებების უფროსი მენეჯერია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან ლოს-ანჯელესში, სადაც კომპანიებს აქსელერაციის სრულ პროცესში უწევდა ტექნიკური მიმართულებით მენტორობას. როგორც Amazon Web-ის წარმომადგენელი, ის ავითარებს და ეხმარება სტარტაპ ეკოსისტემებს უკრაინაში, საქართველოში, ბელარუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.
ნიკიტა ხარჩენკო Amazon Web-ში სტარტაპების განვითარების მიმართულებით ეწევა საქმიანობას. ბოლო 5 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და მათ მენტორობას უწევდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბაზრებზე გასვლის სტრატეგია, პროდუქტის მარკეტინგი, ბრენდის აგება და ფინანსების მოზიდვა. დღესდღეობით, ის სტარტაპ ეკოსისტემების განვითარებას უწყობს ხელს უკრაინაში, საქართველოში, ბელარუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.
[R]














