„ეჯაილი არ არის ორგანიზაციაში მხოლოდ პროცესების მართვის მეთოდოლოგია, არამედ ერთგვარი ფილოსოფია, რომელიც გუნდებს თვითორგანიზების და ინოვაციის საშუალებას აძლევს. ეჯაილი გუნდური ნდობის და დამოუკიდებლობის გაძლიერების საუკეთესო გზაა“, – გვიამბობს ანასტასია თაბაგარი, საქართველოს ბანკის უფროსი ეჯაილ ქოუჩი.
მართვის ტრადიციული სტილიდან ეჯაილ მიდგომებზე გადასვლა ბანკში 2019 წლიდან დაიწყო. საქართველოს ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ამ ცვლილებებით ხელი შეუწყო პროცესების ეფექტურად წარმართვას, შედეგად კი მომხმარებლამდე პროდუქტის სწრაფად და უწყვეტად მიწოდებას. ამ ინტერვიუში კი ანასტასია გვიამბობს, როგორია კარიერული გზა ეჯაილში და რას მოიცავს მისი ყოველდღიური საქმიანობა.
რატომ დაინტერესდით ეჯაილის მიმართულებით და რა შესაძლებლობებისკენ გაგიხსნათ გზა ამ სფერომ?
ეჯაილის მიმართულების შესახებ პირველად მაშინ გავიგე, როცა IT სფეროში დავსაქმდი. ისეთ პროექტებზე მუშაობისას, სადაც ბევრი გაურკვევლობა და ცვლილებების მაღალი დინამიკა იყო, ტრადიციული მიდგომები ეფექტურად არ მუშაობდა. ეჯაილი კი პროცესების გამარტივებაში, რეალურ საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებასა და გუნდურობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარა.
თავიდან ეჯაილი ჩემთვის უბრალოდ ინსტრუმენტად აღიქმებოდა, თუმცა მისი ღირებულებების და პრინციპების სიღრმისეული გაცნობიერებით გამოჩნდა, რომ ეს არ არის მხოლოდ პროცესების მართვის მეთოდოლოგია, არამედ – ერთგვარი ფილოსოფია, რომელიც გუნდებს თვითორგანიზების და ინოვაციის შესაძლებლობას აძლევს. რაც მთავარია, მისი გამოყენება არა მხოლოდ სამსახურებრივად, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შესაძლებელია.
რომელი უნარები და გამოცდილება დაგეხმარათ ამ სფეროში?
ეჯაილ ქოუჩის ერთ-ერთი მთავარი უნარია ემპათია – სხვების მოსმენის, გაგების და მათ საჭიროებებზე რეაგირების უნარი. ეს როლი მოითხოვს გუნდის წევრებთან გულწრფელ თანამშრომლობას, რათა თითოეულმა წევრმა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა და ღირებულება საერთო მიზნის მიღწევაში.
გარდა ამისა, ეჯაილ ქოუჩისთვის აუცილებელია პრობლემების გადაჭრის უნარი და კრიტიკული აზროვნება. ეს წარმატებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან ხშირად გვაქვს სიტუაციები, როდესაც ცვლილებების სწრაფად განხორციელება მნიშვნელოვანია.
როგორია ეჯაილ ქოუჩის განვითარების გზა?
ეჯაილ ქოუჩის განვითარების გზა მრავალფეროვანია და მოიაზრებს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას. ეს პროცესი იწყება ეჯაილ პრინციპებისა და ჩარჩოების საფუძვლების გაცნობით და მათი ყოველდღიური გამოყენებით. თუმცა, ეჯაილ ქოუჩის რეალური განვითარება იწყება მაშინ, როცა იგი გაითავისებს, რომ მისი როლი ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენებაზე გაცილებით მეტია – ეს არის ადამიანებთან მუშაობის და ურთიერთობის ხელოვნება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ამ გზაზე ვისწავლე, არის ის, რომ შეცდომების დაშვება განვითარების განუყოფელი ნაწილია, მათი ანალიზი კი წინსვლას განაპირობებს. ეჯაილ ქოუჩის განვითარება არის უწყვეტი გზა, სადაც მთავარი ამოცანაა გუნდების დამოუკიდებლობის და ინოვაციურობის მხარდაჭერა, რაც, საბოლოოდ, ორგანიზაციის წარმატებას განაპირობებს. ეს გზა მოითხოვს მოთმინებას, ღიაობას და მუდმივ მზადყოფნას, რომ შეცვალო არა მხოლოდ პროცესები, არამედ ადამიანების მიდგომები და დამოკიდებულება სამუშაოსადმი.
გვიამბეთ საქართველოს ბანკის ეჯაილ კულტურაზე. როგორ უჭერს მხარს ორგანიზაცია ეჯაილ გუნდებს?
საქართველოს ბანკის IT მიმართულება ეჯაილ კულტურის კარგი მაგალითია. ორგანიზაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პროცესის ფორმალური დანერგვით, აქ ეჯაილი დაფუძნებულია ისეთ ღირებულებებზე, როგორებიცაა თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და განვითარებაზე ფოკუსი. ამჟამად მიმდინარეობს ეჯაილ ტრანსფორმაციის მეორე ეტაპი და პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ გუნდის წევრები, არამედ მენეჯმენტის ყველა დონე. საქართველოს ბანკში მენეჯმენტი არ არის მხოლოდ პროცესების დამკვირვებელი, არამედ მისი აქტიური მონაწილეა. ეს ჩართულობა იძლევა შესაძლებლობას, რომ გუნდის წევრებს მაქსიმალურად ესმოდეთ ამ ცვლილებების მიზნობრიობა და რომ მათ აქვთ მენეჯმენტის ძლიერი მხარდაჭერა.
ორგანიზაციულ დონეზე ეს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ეჯაილ ტრანსფორმაცია ვერ შედგება მხოლოდ გუნდურ დონეზე მუშაობით. ის მოითხოვს მთლიანი სისტემის ჩართულობას, სადაც ყველა წევრი ხედავს საერთო მიზანს და ღირებულებას. საქართველოს ბანკის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ როცა ეჯაილი ხდება არა მხოლოდ ინსტრუმენტი, არამედ ორგანიზაციული კულტურის საფუძველი, შედეგი უფრო მძლავრი და გრძელვადიანია.
რა გაძლევთ ძალას არ გაჩერდეთ? რა არის თქვენი მოტივაციის წყარო ყოველდღიურ საქმიანობაში?
ჩემთვის მოტივაციის მთავარი წყარო ჩემი საქმიანობის მრავალფეროვნებაა. თითქმის ყოველდღე ვაწყდები ახალ გამოწვევებს, რაც მუდმივად მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე. აგრეთვე ის გუნდები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ, მოტივაციის უდიდესი წყაროა – თითოეული გუნდი უნიკალურია, საკუთარი შეხედულებებითა და მიდგომებით. ეს მრავალფეროვნება კი არა მარტო მათ განვითარებაში, არამედ პერსონალურ ზრდაშიც მეხმარება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს უშუალოდ ეჯაილ ქოუჩების გუნდს, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა და დახმარება პრიორიტეტია. ნდობაზე დაფუძნებული ასეთი სივრცის არსებობა ყოველთვის მაძლევს მოტივაციას, რადგან ვიცი, გამოწვევების წინაშე არ ვარ მარტო.
მუშაობისას ჩემთვის ორი რამ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი: ნდობა და გამჭირვალობა. ამასთან, ჩემს მოტივაციას აძლიერებს ისიც, რომ ამ საქმიანობას რეალური, ხელშესახები შედეგები მოაქვს. მიხარია, როდესაც ვხედავ, როგორ ვითარდება გუნდი, როგორ ხდება დამოუკიდებელი, იღებს ინიციატივებს და, რაც მთავარია, ქმნის ღირებულებას.
როგორ ხედავთ ეჯაილ კულტურის ტრანსფორმაციას და განვითარებას მომავალში? რა ძირითადი ტენდენციები შეინიშნება ამ მიმართულებით?
ეჯაილ კულტურის მომავალს ვხედავ, როგორც უწყვეტ ევოლუციის პროცესს, რომელიც გასცდება IT სფეროს და სხვა ინდუსტრიებშიც დაინერგება.
კიდევ ერთი საინტერესო ნაწილია ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია: ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეჯაილ პროცესებში AI და ავტომატიზაცია უფრო მეტად აისახება. ვფიქრობ, მომავალში, ორგანიზაციები უფრო მეტად გაამახვილებენ ყურადღებას არა მხოლოდ ბიზნესის შედეგებზე, არამედ გუნდის წევრების ბედნიერებასა და განვითარების შესაძლებლობებზე.
საბოლოო ჯამში, ეჯაილი მომავალში კიდევ უფრო მოქნილი გახდება, სადაც ნაკლები ფოკუსი იქნება ჩარჩოებზე და მეტი ყურადღება – ღირებულებებსა და შედეგებზე.
[პარტნიორის კონტენტი]