საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში კიდევ ერთი ახალი ნატურალიზებული მოთამაშე, კამარ ბოლდუინი ითამაშებს – 27 წლის ამერიკელი კალათბურთელი პოზიციით გამთამაშებელია და ის ესპანურ ბასკონიაში ირიცხება.
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩს მომავალი მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩებისთვის ორი ამერიკელი მოთამაშიდან მოუწევს არჩევა – ჯო ტომასონი და კამარ ბოლდუინი. ჯომ უკვე გაგვაცნო თავი და ითამაშა 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირზე. თუმცა რეგულაციების გათვალისწინებით, სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთის არჩევაა შესაძლებელი.
კამარ ბოლდუინის კარიერა
რაც შეეხება ახალწვეულის, კამარ ბოლდუინის კარიერას, ჯორჯიის შტატში დაბადებული კალათბურთელი უკვე მე-4 პროფესიული სეზონია რაც ევროპაში თამაშობს.
ბასკონიამდე, 2023-2024 სეზონებში, ის იტალიური ტრენტოს წევრი იყო. მანამდე კი ჯერ თურქული ტურკ ტელეკომის, მერე კი გერმანული გიოტინგენის ღირსებას იცავდა.
თამამად შესაძლებელია იმის თქმა, რომ კამარს კარგი ევროპული გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ეს გამოცდილება წლევანდელ სეზონში ბასკონიაშიც გაგრძელდება – სწორედ იმ გუნდში, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდადაც ითვლებოდა.
კამარ ბოლდუინმა ტრენტოს მაისურით გასული სეზონის ფიბას ევროთასზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა – 15.2 ქულა, 4.5 პასი იყო მისი საშუალო მონაგარი ამ მატჩებში. ამ წარმატებული სეზონის მერე დაადგა თვალი ესპანურმა გრანდმაც და თავისთან გადაიბირა, თავის მხრივ, ჯიკიჩის ყურადღებაც მიიქცია და საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრიც გახდა. რაც შეეხება მის სტატისტიკას ესპანეთის ჩემპიონატში – 2 მატჩი, 31 წუთი, 15 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა, 1.5 ჩაჭრა. ევროლიგაში კი მისი სტატისტიკა ასეთია – 7 მატჩი, 16 წუთი, 6.1 ქულა, 3.3 პასი, 1.4 მოხსნა. რიცხვები და სტატისტიკა გასულ და მიმდინარე სეზონშიც იმედისმომცემად გამოიყურება და კარგ დანამატად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ნაკრებისთვის. რაც მთავარია, გაიზარდა სიღრმე, კონკურენცია და გართულდა სელექცია, რაც დადებით ტენდენციას ქმნის ამ სპორტში.
საქართველოს ნაკრებს თებერვალში ბოლო ორი მარცხის (დანიასთან და სერბეთთან) შემდეგ გადამწყვეტი თამაშები ელის და იმისთვის, რომ საქართველომ ევრობასკეტ 2025-ზე თამაშის უფლება მოიპოვოს, არ უნდა გავიდეს ჯგუფში ბოლო ადგილზე.
ფინეთი VS საქართველო – 21 ნოემბერი
საქართველო VS ფინეთი – 24 ნოემბერი
ფინალის ტოლფასი მატჩები ჩატარდება ჯერ ფინეთში, მერე კი განმეორებითი შეხვედრა თბილისში – კონტინენტის საუკეთესო სანაკრებო ტურნირის ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ კი აუცილებელია ამ სანაკრებო პაუზის წარმატებით ჩამთავრება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს. საქართველოს ბანკი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.
[პარტნიორის კონტენტი]