22
Mar
2018

საქართველოს ბანკი უსინათლო პირთათვის ბანკომატების ადაპტირების პროექტს ახორციელებს!

22 Mar 2018

საქართველოს ბანკი ბანკომატების ადაპტირების პროექტს ახორციელებს, რის შედეგადაც, უსინათლო პირებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად დამოუკიდებლად ისარგებლონ საბანკო სერვისებით, რომლის მიღებაც ამ მოწყობილობის დახმარებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როცა ხდება ბანკომატების უსანათლოთა საჭიროებებზე მორგება. პროექტის ფარგლებში, მოწყობილობების ადაპტირება და მათი ხმოვანი პროგრამით უზრუნველყოფა, ამ ეტაპისთვის, დასრულებულია თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში, სადაც, ჯამში, ადაპტირებულია 10 ბანკომატი. როგორც ბანკში აცხადებენ, პროცესი გაგრძელდება და ადაპტირებული ბანკომატების რაოდენობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ბანკომატების უსინათლო პირთათვის ადაპტირების პროექტი საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლის ხეს“ ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის განხორციელების პროცესში, ბანკომატები ხმოვანი პროგრამით უზრუნველყვეს და არსებული სისტემა HTML ფორმატზე გადაიყვანეს, რაც თავის მხრივ ტექნიკური მახასიათებლების გაძლიერებასაც ნიშნავს. შესაბამისად, ბანკომატზე დამონტაჟდა ყურსასმენის განსათავსებელი მოწყობილობები, შეიცვალა ბანკომატის სცენარი და გახმოვანდა მენიუ. ბარათის, თანხისა და ქვითრის ჭრილის მანიშნებლები კი ბრაილის წარწერიანი სტიკერებით ჩანაცვლდა. როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, ბანკომატების ადაპტირების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ: კომპანია Georgian Card, საერთაშორისო კომპანიები − VISA, BS2 ჯორჯია და BS2 ლიტვა. პროექტი საერთაშორისო კომპანია − VISA-სა და უსინათლო პირთა უშუალო ჩართულობით განხორციელდა, რამაც შესაძლებელი გახადა, ტრანზაქციები მაქსიმალურად, მათს საჭიროებაზე ყოფილიყო მორგებული.

ბანკის განცხადებით, უსინათლო პირებისათვის ბანკომატით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ საჩუქრად გადაეცემათ ყურსასმენები, ადაპტირებული ბანკომატითა და ხმოვანი პროგრამით პირველად სარგებლობის შემთხვევაში. მოწყობილობაზე ყურსასმენების მიერთების გზით, მათ საშუალება ექნებათ მოისმინონ ბანკომატით სარგებლობის ინსტრუქცია, პროცესის აღწერა, რაც საშუალებას მისცემთ მარტივად და დამოუკიდებლად განახორციელონ სხვადასხვა ოპერაციები როგორიციაა: თანხის განაღდება, პინ კოდის შეცვლა, ნაშთის შემოწმება და ა.შ

განხილვა