14
Feb
2019

საქართველოს ბანკმა მე-20 საუკუნის ქართული ჯაზ-ნაწარმოების გათანამედროვებული ვერსია გამოუშვა

14 Feb 2019

14 თებერვალს მსოფლიო ვალენტინობას აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოშიც წლებია აღნიშნავენ. საქართველოს ბანკმა, სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ვიდეორგოლი გამოუშვა. ესაა ქართული ჯაზ-ნაწარმოები, მე-20 საუკუნის ცნობილი სასიყვარულო სიმღერა “ჩავაქრე სანთელი”. მის გათანამედროვებულ ვერსიას ჯგუფი “არა” ასრულებს.

 

“ბევრი ფიქრისა, ფროდაქშენთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებისა და მელომანებთან თუ ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ,  ქართული მუსიკალური ისტორიიდან შევარჩიეთ ერთერთი ყველაზე ხარისხიანი, საინტერესო და თვალსაჩინო ჯაზ-ნაწარმოები “ჩავაქრე სანთელი“, რომელსაც გიული ჩოხელი ასრულებს. გიული ჩოხელი ქართული ჯაზის პიონერია. კრიტიკოსები მას ქართული ჯაზის ლეგენდად აღიარებენ.

მისი კარიერა 1953 წელს იწყება ანუ მაშინ როდესაც სსრკ-ში ჯაზი ჯერ კიდევ აკრძალული იყო, განსაკუთრებით ქალებისთვის და მხოლოდ ანდერგრაუნდ კულტურის ფარგლებში ცოცხლობდა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მუსიკოსს, საზოგადოების მხრიდან აღიარება არასდროს მოკლებია. თავად სიმღერა  გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს და საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, გიორგი ბზვანელს ეკუთვნის.

სიმღერის არჩევის შემდეგ, ისევ ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ,  ეს საინტერესო საქმე მოსახლეობის ახალგაზრდული ნაწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი (თუ ყველაზე საყვარელი არა) ბენდისთვის – არა-სთვის მიგვენდო” – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

განხილვა