საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებით უამრავი მოტივირებული ახალგაზრდაა დაინტერესებული, მათთვის სასტიპენდიო პროგრამების შეთავაზება კი მიზნების მიღწევის ყველაზე რეალური შანსია. სწორედ ამ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი, რომლისთვისაც განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბანკი არაერთი წელია საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც ახალგაზრდა პროფესიონალებს სასურველი მიმართულებით ცოდნის მიღებაში ეხმარება.
უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი Fulbright-ისა და CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. ინიციატივის ფარგლებში, ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში როგორც სწავლის, ასევე, ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. ამასთან, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს ინდუსტრიის წამყვან Miami Ad School Europe-ში ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე სრულიად უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი:
„უკვე 10 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებთან თანამშრომლობს. შედეგად, მათი პროექტების ფარგლებში ყოველწლიურად სტიპენდიატებს ასახელებს და მათ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ვუფინანსებთ.
კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კი, Miami Ad School-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ვახორციელებთ, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად ერთ გამარჯვებულს ვავლენთ და მას ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ორწლიან პროგრამაზე სრული დაფინანსებით ვუშვებთ. საერთაშორისო სტიპენდიების მიმართულებით საქართველოს ბანკმა მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში უკვე 60-ამდე სტუდენტს მისცა შესაძლებლობა, ესწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით”.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა ახალი კამპანიაც ჩაუშვა, სახელწოდებით, „ცოდნა ზრდის საზღვრებს”. მისი მიზანია, ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამების არსებობა და მათ, ვისაც აქვს განვითარების სურვილი, ყველა ის შესაძლებლობა გაუზიაროს, რასაც საქართველოს ბანკი აძლევს. კამპანიის გზავნილი გვეუბნება, რომ ცოდნასა და შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, მთავარია, მონდომება და ძალისხმევა.
„ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება მუდმივი შრომისა და დისციპლინის შედეგია. როდესაც რაღაც ახალს აღმოაჩენ, ხვდები, რომ გარკვეული ბარიერები გადალახე, გამოწვევები დაძლიე, მაგრამ, ამავდროულად, ხედავ, რომ ჯერ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი.
ყოველ ახალ შეძენილ ცოდნას საზღვრებისა და ბარიერების გაფართოება მოჰყვება. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც თითქმის არასდროს სრულდება.
ეს იდეა შთამაგონებელი აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ისე სააგენტოსთვის და იმედი გვაქვს, შევძელით, ჩვენი სათქმელი აუდიტორიამდე მიგვეტანა და მათთვისაც გაგვეზიარებინა ეს მუხტი”, – ამბობს ანა ლომთაძე.
კამპანიაზე სააგენტო FCB Artgroup-მა იმუშავა, რომლის მთავარი მიზანიც იყო, ეპოვა ფუნდამენტური იდეა და შეექმნა აუდიტორიისთვის მიმზიდველი, დასამახსოვრებელი პროდუქტი. როგორც კამპანიის კრეატიული დირექტორი, თემო თეთრაშვილი გვიყვება, მსგავს კამპანიებზე მუშაობისას მნიშვნელოვანია, მაყურებელი მიიზიდო რაღაც ისეთით, რაც მისთვის ნაცნობია, თუმცა თან დააფიქრო ახალზე. ეს კი ამ პროექტზე მუშაობის ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.
თემო თეთრაშვილი, კამპანიის კრეატიული დირექტორი, FCB Artgroup Tbilisi:
„განათლებასთან ასოცირებულ კამპანიაზე მუშაობის პროცესში, ცხადია, ბევრი კარგად ნაცნობი და ხშირად გაგონილი ცნებები ამოტივტივდება – სწავლის ძირი მწარე არის, სწავლა სიბერემდე და ა.შ. – ეს ის ფრაზებია, რომლებიც ქართველების ლექსიკონში მყარად არის გამჯდარი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვენარჩუნებინა გარკვეული კომპონენტები უკვე არსებული პოპულარული მესიჯებიდან, მაგრამ თან ჩვენეული ხედვითაც გაგვემდიდრებინა ისინი. სწორედ ამ პროცესში დაიბადა კონცეფცია სწავლის პროცესის ციკლურობის შესახებ. სწავლის „ძირი” და „კენწერო” ერთგვარად გამარტივებული ცნებებია, რომლებიც რეალურად არ არსებობს, ჩვენ მუდმივად ვიწყებთ, ვასრულებთ და მერე ისევ ხელახლა ვიწყებთ სწავლას.
საქართველოს ბანკის ბრიფში მოცემული იყო იდეა, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ის ადამიანები არიან, რომლებიც სწავლის პროცესში არასოდეს ჩერდებიან და მუდმივად ცდილობენ, ყოველდღიურად აღმოაჩინონ რაღაც ახალი. ამ ბრიფს დავუკავშირეთ ჩვენი მიგნებაც და, შესაბამისად, შეიქმნა კამპანიის დანარჩენი კომპონენტები.
სამუშაო პროცესის მთავარი გამოწვევა ისეთი სიახლის მოფიქრება იყო, რომელთანაც უმეტესობას აქტიური შეხება გვქონია, ბევრი გვიფიქრია და ბევრიც გვითქვამს. მსგავსი შინაარსის კამპანიებზე მუშაობა გუნდისგან დიდ ჩართულობასა და მზაობას მოითხოვს იმისთვის, რომ 10-დან 9 იდეა დაიბლოკოს ან უკან გადაჩოჩდეს. თუ, სტანდარტულად, კამპანიაზე მუშაობის პროცესი გარკვეულ ნიმუშს მიჰყვება და შეგვიძლია, დიდი სიზუსტით და თავდაჯერებულობით განვსაზღვროთ იდეაზე ფიქრის, ჩამოყალიბებისა და აღსრულების ნაწილები, ამ შემთხვევაში რეალობა სხვაგვარად დალაგდა. ძალიან დიდი დრო დავუთმეთ პირველ ორ ნაწილს, რადგან ჩვენი შეხვედრების უმეტესობის მიწურულს განცდა გვქონდა, რომ საინტერესო რაღაცებს ვამბობდით, მაგრამ თითქოს კრეატიული კვანძი მაინც ბოლომდე არ იხსნებოდა.
მიზანდასახულობითა და ცოტა სიჯიუტით მაინც მივედით იმ წერტილამდე, საიდანაც მკაფიოდ დავინახეთ, როგორ გაიშლებოდა კამპანია და, მიუხედავად გამოწვევებისა, კამპანიაზე მუშაობა ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა”.
[R]