3
May
2019

საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო

3 May 2019

„საქართველოს ბანკი“, ყოველწლიური კონკურსის, „CSR ჯილდო 2019“ გამარჯვებულია. ღონისძიება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისა“ და ორგანიზაცია „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ინიციატივით ტარდება.

 

კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ორგანიზატორების თქმით, მთავარი კრიტერიუმი რის მიხედვითაც „საქართველოს ბანკმა“ ჯილდო მიიღო, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობაა.

„განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკისთვის“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება.  ბანკი წლებია. მხარს უჭერს „ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა“ და „ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის“ განხორციელებას, რომლის  ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. „საქართველოს ბანკის“ მიერ 3 402 196 ლარით  დაფინანსებულია 509 სტუდენტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. სრულიად ახალ ვებპლატფორმაზე კი როგორც განათლების ბანკი, თავი მოვუყარეთ სწორედ ასეთი სახის  ყველა საჭირო ინფორმაციას მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება. მოხარულები ვართ, რომ  სწორედ ამ ვებპლატფორმით და ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისთვის ბანკმა ეს ჯილდო დაიმსახურა“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა კაკაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკმა“, განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა შექმნა.

„პლატფორმაზე თავმოყრილია  ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები ვებპლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, „ონლაინ“ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. www.boe.ge-ზე განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებზე, რომელსაც ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს“.

[R]

განხილვა