საქართველოს ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს (CU) შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო. მემორანდუმს ხელი, მხარეებმა, უკვე მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი BOG-ის უნივერსიტეტს იერთებს. უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სწავლას „კავკასიის უნივერსიტეტში“ გააგრძელებენ. ამასთან, სტუდენტები შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომლითაც BOG UNI-ში სწავლისას სარგებლობდნენ.
„მხარეებს შორის შერწყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება მიზანს, ორი წამყვანი უნივერსიტეტის საერთო რესურსების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გაერთიანებით კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. კავკასიის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, სტუდენტებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ. ამავდროულად, კავკასიის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რაც ქართველი სტუდენტებისთვის უცხოური განათლებისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა“.
მემორანდუმი, კავკასიის უნივერსიტეტთან, BOG-ის უნივერსიტეტის შეერთების გარდა, „საქართველოს ბანკისა“ და CU-ს მომავალ თანამშრომლობასაც ითვალისწინების.
„კავკასიის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემაა. უკვე წლებია, მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და იყოს საუკეთესო – არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიონალიზმით არიან მაგალითი ადამიანებისა, ვისაც არამხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება აქვთ. ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა, დავამყაროთ სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და აღნიშნულის ფარგლებში, მივცეთ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებს ისეთივე მაღალი დონის განათლება, რასაც ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ”, – ამბობს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ლევან ყულიჯანიშვილის თქმით, მათთვის, განათლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და უცვლელი პრიორიტეტია.
„ამის დასტურია გაფორმებული მემორანდუმიც. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით ჩვენ განათლების სფეროს მხარდაჭერის თვისობრივად სხვა საფეხურზე გადავდივართ. „საქართველოს ბანკი“ ხდება კავკასიის უნივერსიტეტის რჩეული ფინანსური ინსტიტუტი და პარტნიორი უნივერსიტეტის საკმაოდ ამბიციური გეგმების შესრულების გზაზე. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავდროულად, BOG-ისა უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის შერწყმა საშუალებას აძლევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, უფრო მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს, აქ დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების ხარჯზე ”, – ამბობს ლევან ყულიჯანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი აერთიანებს 11 სკოლას: ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების და სადოქტორო სკოლებს. უნივერსიტეტს აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კურსდამთავრებულებს მიანიჭოს დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხები. უნივერსიტეტში მოქმედებს მრავალფეროვანი ტრენინგ და სასერტიფიკატო პროგრამები.
[R]