სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკისა და SUSE-ის IT ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაცია MIT Tech Review-ში მოხვდა. ის უდიდესი ტექნოლოგიური გამოცემაა, რომელსაც მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ფლობს და, შესაბამისად, მის ჟურნალში მოხვედრა დიდი პატივია. რაც შეეხება SUSE Rancher-ს პლატფორმას, ის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ეფექტურად განათავსონ IT სერვისები თანამედროვე გარემოში და სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა საქართველოს ბანკმა.
„საქართველოს ბანკი ორიენტირებულია მომხმარებლის ქცევაზე, შესაბამისად, ჩვენ ამ მიზნის შესასრულებლად მომხმარებელს უნდა შევთავაზოთ სწრაფი და ხარისხიანი სერვისები. ასეთი ტიპის სერვისების უკან დგას მასშტაბირებადი, სწრაფი, მდგრადი პლატფორმები, რომლებიც ემსახურებიან მომხმარებლების მოთხოვნებს. ასეთი ტიპის მოთხოვნები მილიონობითაა დღეში. ამიტომ, აუცილებელია, გამოვიყენოთ ისეთი თანამედროვე პლატფორმები და მიდგომები, როგორიც არის კონტეინერები, მიკროსერვისული არქიტექტურა და კუბერნეტისი. ამ ყველაფრის სამართავად საქართველოს ბანკი იყენებს Suse-ს პროდუქტს“, — აღნიშნავს ვაჟა მანტუა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – IT ოპერაციები.
საგულისხმოა, რომ თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, კვლევაში ტექნოლოგიური გუნდის საკმაოდ ფართო სპექტრი იყო ჩართული. Software და Security არქიტექტორები, DevOps და სისტემური ინჟინრები, დეველოპერები. მთლიანობაში, ფაქტობრივად, ყველა დომეინის სპეციალობის თანამშრომლები არიან ჩართულნი ამ პროექტში.
M: რამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა პლატფორმაზე მიგრაცია?
ვაჟა მანტუა: დაახლოებით 6-9 თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ შეგვექმნა მდგრადი და მზა ინფრასტრუქტურა, რათა ჩვენი სერვისების გადატანა დაგვეწყო ახალ პლატფორმაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მარტო პლატფორმის შეცვლა, ამავე პროექტის ფარგლებში დავიწყეთ ჩვენი მონოლოთი აპლიკაციების დაშლა მიკროსერვისებად, თანამედროვე არქიტექტურაზე მიგრაცია გაგრძელდება უახლოესი რამდენიმე წელიწადი. ეს პლატფორმა არის უნიკალური იმით, რომ რამდენიმე დატაცენტრიდან ერთიანად ხდება პლატფორმების და აპლიკაციების შექმნა და მართვა, რაც გაცილებით ზრდის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.
M: რას გულისხმობს მიკროსერვისები?
მიკროსერვისი ან მიკროსერვისული არქიტექტურა, ეს არის არქიტექტურის სტილი, მეთოდი Software-ის Development-ის და მიწოდების, რომელიც დაფუძნებულია ავტომატურ დამოუკიდებელ არქიტექტურაზე. ის არის მოქნილი და მარტივად სამართავი. უსაფრთხოების მხრივ ის გაცილებით დაცულია და მისი ინტეგრაცია სხვადასხვა გარემოზე ადვილად ხდება, რაც ხელს უწყობს შემდგომში IT Service-ებს, ამცირებს Time to market პერიოდს, მეორე მხრივ სერვისი არის უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და მდგრადი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის არქიტექტურა თანამედროვე Agiile მიდგომებს მიყვებოდეს, რომელიც დაფუძნებულია დამოუკიდებელ და იზოლირებულ პროცესებზე.
M: რამდენად შეიძლება თქვენი პროექტის გამოყენება სტრატეგიების შესამუშავებლად, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ბრენდის ლოიალობის გასაუმჯობესებლად?
ეს პროექტი დიდი ნაწილია იმ დიდი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის, რომელიც გულისხმობს ბანკის მთლიანი ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ქლაუდ არქიტექტურაზე, რომელიც ორგანიზაციას დაეხმარება, კიდევ უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესთავაზოს ახალი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებს. საქართველოს ბანკი არის კომპანია, რომელიც არა მარტო ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებელის მოთხოვნები, არამედ მისცეს მას შესაძლებლობა, განვითარდეს და კიდევ უფრო რეალიზდეს. ფაქტობრივად, მას შეუძლია, შეცვალოს ბაზარი და მომხმარებლის ქცევა. ასეთი მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციებით. შესაბამისად, მსგავსი კომპანიები გაცილებით წარმატებულები და ძლიერები არიან. ამ ინოვაციების უკან უნდა იდგეს თანამედროვე Cloud Ready პლატფორმები, რის გარეშეც ძალიან რთული იქნება ყველა იმ მისიის შესრულება, რაც დასახული გვაქვს.
M: როგორ მოხვდა აღნიშნული კვლევა Mit Review-ში და რამდენად მეტყველებს ეს იმაზე, რომ თქვენი პროექტი გლობალური მასშტაბისაა?
Mit Review მსოფლიოში, ტექნოლოგიურ გამომცემლობებში ალბათ ერთ-ერთი პირველია, ამიტომ ნამდვილად საამაყოა, რომ ასეთი დიდი გამოცემა დაინტერესდა ამ პროექტით. მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტაა დიდი ფინანსური ორგანიზაცია, ბანკი, რომელიც ცდილობს, ძველი მიდგომები შეცვალოს. ის უნდა იყოს უფრო მოქნილი, მომხმარებელზე და ინოვაციაზე ორიენტირებული — უნდა მოხდეს მისი ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიურ კომპანიად გადაქცევა. გვიხარია, რომ ჩვენმა იდეებმა, მიზნებმა და ამოცანებმა ისეთი გიგანტი გამომცემლობა დააინტერესა, როგორიცაა Mit Review.
M: თქვენი გამოცდილებით, საქართველოს ბანკის IT გუნდი როგორ უმკლავდება დღიურ 450 000-მდე მობილბანკის მომხმარებელს?
საქართველოს ბანკის დისტანციურ სერვისებს (მობილბანკი/ინტერნეტბანკი) ყოველდღიურად 450 000 მომხმარებელი ყავს. როგორ ვაღწევთ ამ შედეგს? საუკეთესო, მაღალპროფესიული კადრებით, სწორი, თანამშრომელსა და მომხმარებელზე ორიენტირებული პროცესებით, მარტივი, გაზომვადი მეტრიკებით, თანამედროვე პლატფორმებითა და იდეებით. ამ ყველაფერს კი აერთიანებს გუნდი, ის ძალა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უამრავ ადამიანს შევუქმნათ ის სერვისები და პლატფორმები, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება.