in

საქართველოს ბანკმა დიზაინსისტემა შექმნა

კომპანიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მისი ბაზარზე წარმატებით ოპერირებისთვის პროცესები, იქნება ეს ახალი პროდუქტის თუ სერვისის შეთავაზება, სრულად და სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი. დროთა განმავლობაში კომპანიები ცდილობენ, თავიანთი მომსახურება დახვეწონ, განავითარონ და გაამრავლონ, რათა მომხმარებლების მიერ სხვადასხვა სერვისით სარგებლობა გამარტივდეს. ამ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიზაინ სისტემა. დიზაინ სისტემა ერთგვარი მთლიანი სურათია, რომელიც კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს ახალი სერვისების შექმნასა და მომსახურების გაწევას უადვილებს.

ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნისთვის და მომხმარებლებისთვის ციფრული არხების გამოყენების გამარტივებისთვის საქართველოს ბანკმა სულ ცოტა ხნის წინ მსგავსი დიზაინ სისტემა შექმნა. საქართველოს ბანკის მიზანი მისი დიზაინსისტემის შექმნისას იყო შემდეგი: შეექმნა ერთიანი სამომხმარებლო გამოცდილება და ვიზუალური სტილი ციფრულ არხებში. ხშირად გამოყენებადი, გატესტილი კომპონენტებით სწრაფად აწყობილიყო პროდუქტები; ვერსიების წინასწარი ტესტირებებისთვის სრულყოფილი პროტოტიპები მომზადებულიყო; წინასწარ მომზადებული საინფორმაციო, სასწავლო პლატფორმის დახმარებით გამარტივებულიყო ახალი თანამშრომლების ონბორდინგი.

დიზაინსისტემებს ხშირად ახასიათებენ, როგორც მხოლოდ ვიზუალური გაიდლაინების შემუშავებას, რაც დიზაინსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ – მხოლოდ ნაწილი.

საქართველოს ბანკის დიზაინ სისტემა არის ბანკის ცენტრალიზებული ციფრული ბიბლიოთეკა, რაც მოიცავს როგორც დიზაინ მიდგომებს, ვიზუალურ სტილს, კომპონენტებს და კოდის რეპოზიტორებს, ასევე UX-ის და ბრენდის გაიდლაინებს, საკომუნიკაციო  ენას და მესიჯებს, ვიზუალურ მასალას, ასევე კვლევის მიგნებებს, რასაც თან ახლავს ზოგადად ამ ყველაფრის გამოყენების წესები. ის მოიცავს, როგორც ვების, ასევე, მობაილის კომპონენტებს და მათ ერთმანეთთან დამოკიდებულებას.

დიზაინ სისტემაში დეტალურად არის ახსნილი კომპონენტების გამოყენების წესებიც, როგორც დიზაინის, ასევე დეველოპმენტის კუთხით, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევით არის გამყარებული.

დიზაინ სისტემა ორგანიზაციას მისცემს უფრო მეტ ეფექტურობას, მეტი ახალი პროდუქტის ნაკლებ დროში შექმნის შესაძლებლობას და, რაც მთავარია, ხელს შეუწყობს უფრო მეტად ფოკუსირებას მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ბიზნესის მიზნების მიღწევებზე.

დიზაინ სისტემა იძლევა საშუალებას, მარტივად შევიტანოთ ცვლილებები და ვმართოთ ნებისმიერი რაოდენობის ციფრული პროდუქტი. დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული და მოქნილია, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების, სწრაფად ასახვის, და გაუმჯობებების საშუალებას იძლევა და ასევე პროდუქტის რედიზაინი გაცილებით მარტივია. როდესაც ერთი წყაროდან შეიცვლება კომპონენტი, ის ავტომატურად იცვლება მთელ ინტერფეისში, რაც დროსაც ზოგავს და შეცდომებისგანაც მაქსიმალურად გვაზღვევს.

და მაინც, კონკრეტულად რას მოიცავს საქართველოს ბანკის დიზაინსისტემა?

საქართველოს ბანკის დიზაინსისტემა მოიცავს როგორც ვების, ასევე მობაილის მზა კომპონენტებს და მათი ელემენტების ერთმანეთთან დამოკიდებულებას. ამ დიზაინსისტემაში თითოეული კომპონენტი დაშლილია მის შემადგენელ მცირე ზომის ელემენტებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია მთელი ინტერფეისის დანგრევა ფუნდამენტურ ნაწილებამდე და შემდეგ ისევ თავიდან აწყობა. ეს ატომური დიზაინის ძირითადი პრინციპია, რაზეც მთელი დიზაინსისტემა დგას. მაგ: წარმოიდგინეთ, სახლის გარემონტების დროს, რომ გადაწყვიტოთ აგური შეცვალოთ, რომლითაც აშენებულია კონსტრუქცია, რა მოხდება ამ დროს? მოგიწევთ ყველაფერი დაანგრიოთ და თავიდან ააშენოთ, რაც უამრავ დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული. დიზაინ სისტემა ზუსტად ამ სირთულის ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას იძლევა, სწრაფად, მარტივად და მინიმალური დანახარჯით.

საქართველოს ბანკის დიზაინსისტემა მოიცავს:

1. დიზაინის პრინციპებს, რაც გუნდს ეხმარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში; ეს ის პრინციპებია, რომელთა გამოყენებითაც მთელი გუნდი იზიარებს ერთიან ხედვას;
2. დიზაინის ენას: ფერები, ტიპოგრაფია, დაშორებები და ლეიერები, ფოტოები, ილუსტრაციები, აიქონები და ა.შ.…
3. UX-ის სახელმძღვანელოს, რაც ეფუძნება მომხმარებლების სისტემატური კვლევის შედეგებს
4. UI pattern-ებს (თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს და ასევე, გამოყენების სახელმძღვანელოს): ღილაკები, ფორმის ელემენტები, ტექსტის ჩასაწერი ველები, ცხრილები, ლისტები, ნავიგაცია და სხვ.
5. კოდის რეპოზიტორებს და გამოყენების სახელმძღვანელოებს დეველოპერებისთვის
6. ტექსტების, დასახელებების, სისტემური მესიჯების ბიბლიოთეკას და მათი გამოყენების წესებს
7. კვლევის რეპოზიტორებს, რაც მოიცავს მიგნებებს პროდუქტის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე ჩატრებული კვლევებიდან
8. პერსონებს – მომხმარებელთა კლასტერის ცალკეულ წარმომადგენლებს, რომელიც იმეორებენ მსგავს ქცევებს და აქვთ მსგავსი მიზნები და მოტივაციები ამა თუ იმ არხთან მიმართებაში.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ბანკის დიზაინსისტემის შექმნაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა პროდუქტზე მომუშავე გუნდები, რათა საბოლოო შედეგში მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული ყველა პროდუქტისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.

ამ ეტაპზე დიზაინ სისტემის აქტიური დანერგვა მიმდინარეობს არსებულ პლატფორმებზე და ახალი არხები სრულად ეწყობა დიზაინ სისტემით.

მომდევნო ეტაპზე ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს თუ პოტენციურ თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას საქართველოს ბანკის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მაგალითზე, მიიღონ გამოცდილება  დიზაინისა და ციფრული პროდუქტების შექმნის შესახებ.

თეთრი ხმაური – 2020 წლის ყველაზე ხშირად მოსმენადი მელოდია

„ინიციატივა“ – „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა