in

საქართველოს ბანკის ახალი დიზაინპრინციპები უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად

სხვადასხვა პროდუქტის დიზაინზე მუშაობისას ყოველ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბრენდები ამ დეტალებს საერთო იდეებისა და ღირებულებების მიხედვით განსაზღვრავენ, რომლებსაც პროდუქტის დიზაინპრინციპებს (ან, უბრალოდ, დიზაინპრინციპებს) უწოდებენ. ეს პრინციპები გავლენას ახდენს დიზაინში მიღებულ სამომავლო გადაწყვეტილებებზე, ხელს უწყობს ერთსა და იმავე პროდუქტზე მომუშავე გუნდების თანმიმდევრულობასა და საერთო ხედვას. დიზაინპრინციპები გარკვეული ორიენტირის როლს ასრულებს, როგორც კონკრეტული ამოცანის ჭრილში დიზაინგადაწყვეტილებების მიღების დროს, ასევე ახალი ფუნქციონალის შინაარსისა და საბოლოო დანიშნულების განსაზღვრის პროცესშიც, ამიტომ ბრენდები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ საკითხს.

საქართველოს ბანკიც იმ რიცხვში შედის, ვინც საკუთარი დიზაინპრინციპები შეიმუშავა და თავისი ციფრული პროდუქტები მათ გარშემო გააერთიანა. დიზაინპრინციპების შექმნის გეგმა შემუშავდა, რომლის მთავარი ნაწილი იყო ვორკშოპი, რომელიც საკმაოდ მასშტაბური და პროდუქტიული გამოვიდა.

ერთდღიან ვორკშოპში მონაწილეობა დაახლოებით 50-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: პროდუქტის მფლობელები, დიზაინერები, მარკეტინგის მენეჯერები, მკვლევრები, კონტენტარქიტექტორები და შესაბამისი მიმართულებების მენეჯერები. ვორკშოპი რამდენიმე ეტაპად დაიყო, რომელთაგან პირველი იყო დიზაინპრინციპების არსის გაცნობა. ამ ნაწილში აუდიტორიას ჩაუტარდა პრეზენტაცია დიზაინპრინციპების მნიშვნელობის შესახებ და ნაჩვენები იქნა საინტერესო მაგალითები.

მეორე ნაწილი ბრენდის სტრატეგიული პლატფორმის გაცნობას დაეთმო, შემდეგ კი მონაწილეებს უკვე პირველი დავალებაც მიეცათ.

მონაწილეები გუნდებად დაიყვნენ, რომლებშიც სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები იყვნენ გაწევრიანებულნი. დავალების პირობა 5 ისეთი საკვანძო სიტყვის ჩამოწერას მოიცავდა, რომლებიც საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმებთან ასოცირდება. მცირე მსჯელობის შემდეგ გუნდებმა ერთმანეთს წარუდგინეს პრეზენტაციები, სადაც მოფიქრებული სიტყვები ჩამოთვალეს და ახსნეს, როგორ მივიდნენ ამ მიგნებებამდე. 

ცხადია, გარკვეული სიტყვები ერთმანეთს დაემთხვა, ამიტომ პრეზენტაციების პარალელურად, გუნდი ერთნაირ ვერსიებს აერთიანებდა, რათა მიეღო საკვანძო სიტყვების სია და შემდეგ ინდივიდუალურად შეეფასებინა. ხმის მიცემის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული სიტყვები, რომელთაგან, საბოლოო ჯამში, საქართველოს ბანკის 5 დიზაინპრინციპი ჩამოყალიბდა.

  1. ადამიანი
  2. მინიმალური ძალისხმევა
  3. თანაგრძნობა და მხარდაჭერა
  4. თანმიმდევრულობა
  5. ინოვაცია

მეორე დავალებაც, რომლებიც გუნდებს გადაეცათ, დიზაინპრინციპების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. მოფიქრებული საკვანძო სიტყვებისთვის გუნდებს უნდა ჩამოეყალიბებინათ მოკლე განმარტებები, რომლებიც ახსნიდა, მომხმარებლის პოზიციიდან როგორ იქნებოდა დანახული ეს სიტყვები და, მეორე მხრივ, განმარტავდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს კონკრეტული პრინციპი კომპანიის გადმოსახედიდან. ვორკშოპის ეს ნაწილიც პრეზენტაციებითა და საუკეთესო განმარტებების გამოვლენით დასრულდა.

საბოლოოდ, საქართველოს ბანკის დიზაინპრინციპები ასეთი სახით ჩამოყალიბდა:

ადამიანი – ბრენდი ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ერგება ადამიანებსა და ინდივიდებს.

თითოეული მომხმარებელი უნდა გრძნობდეს, რომ რასაც დღეს მათ საქართველოს ბანკი სთავაზობს, მისთვისაა შექმნილი და როგორც კი უკეთესი შესაძლებლობა გაჩნდება, ახალი შეთავაზებისთვისაც უნდა იყოს მზად.

მინიმალური ძალისხმევა – Less is more! არცერთი დამატებითი მოქმედება, არცერთი დამატებითი საფიქრალი, მომხმარებელი ისე უნდა იღებდეს საბოლოო შედეგს, რომ პროცესში ფიქრიც არ დასჭირდეს.

თანაგრძნობა და მხარდაჭერა – მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოს ბანკის გუნდი ნებისმიერ სიტუაციაში ეცდება, იპოვოს გამოსავალი და მას დაეხმარება. ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ რასაც დღეს სთავაზობენ, ბრენდის შესაძლებლობების მაქსიმუმია.

თანმიმდევრულობა ბრენდის სამომხმარებლო გამოცდილება უნდა იყოს ისეთივე ინტუიციური და თანმიმდევრული, როგორი კანონზომიერიც რეალური სამყარო და ფიზიკის კანონებია.

ინოვაცია – არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ, ყოველთვის უნდა გავუსწროთ მოვლენებს და ვეძებოთ ახალი გზები ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის. რადგან შესაძლებლობები უსაზღვროა და გზა სულ არის.

მას შემდეგ, რაც დიზაინპრინციპებზე შეჯერდა, საქართველოს ბანკის გუნდმა უკვე იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ დაენერგა ისინი თავის სამუშაო პროცესში. პირველ რიგში, გუნდმა გადაწყვიტა, ეტაპებად დაეყო პროცესი და განესაზღვრა, რომელ ეტაპებზეა აუცილებელი ამ პრინციპების გათვალისწინება. შედეგად, დიზაინფიქრის სხვადასხვა ეტაპი გამოვლინდა – პასუხობს თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება ბრენდის რომელიმე პრინციპს.

  1. იდეაციის ეტაპზე – ფუნქციონალზე ფიქრის დროს
  2. Execution-ის ეტაპზე – wireframe-ზე, UI-ზე და ტექსტებზე მუშაობის პროცესში
  3. პრიორიტეტიზაციის დროს – რა უფრო მნიშვნელოვანია პრინციპების გათვალისწინებით.

ამასთან, აუცილებელი იყო ამ დიზაინპრინციპების ვიზუალიზაცია და სამუშაო პროცესში აღქმის გაზრდა, ამიტომ მარკეტინგისა და შიდა კომუნიკაციების გუნდის წევრებმა იზრუნეს პრინტების სერიის შექმნაზე, რომლებზეც გამოსახულია ზემოთ ჩამოთვლილი დიზაინპრინციპები და მათი განმარტებები.

ასე ჩამოყალიბდა საქართველოს ბანკის დიზაინპრინციპები, რომლებიც 5 ძირითად პუნქტს მოიცავს და ბრენდის ციფრულ არხებში გამოყენებული იქნება.

[R]

Instagram თაობა ზეტის თვალით დანახულ 2024 წლის ტრენდებს წარმოგვიდგენს

Oxford Languages-მა წლის სიტყვად rizz დაასახელა!