in

„ვცდილობ, არ გავჩერდე და მუდმივად ვეძებო ახალი ცოდნა და გამოცდილება” – ელენე კვირკველია

საკუთარი თავის ძიება უჩვეულო გზებით წაგვიყვანს ხოლმე და ამ გეზის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ არგაჩერებაა. ამჯერად, გაგაცნობთ ელენე კვირკველიას, რომელიც საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში ლოიალობის პროგრამის ბრენდ მენეჯერია. ცნობისმოყვარეობამ და შთაგონების ძიებამ მარკეტინგის სფეროსთან მიიყვანა. მისი პროფესიული გზა ტურიზმის სფეროდან დაიწყო, სწორედ იმ დროს, როცა ეს ინდუსტრია საქართველოში განვითარების პიკს აღწევდა. თუმცა, კრეატიულ სააგენტოში მუშაობამ სრულიად შეცვალა ელენეს კარიერული ტრაექტორია. მან აღმოაჩინა მარკეტინგის მრავალფეროვანი სამყარო, სადაც მისი კრეატიული ხედვისა და ანალიტიკური უნარების ჰარმონიულად გაერთიანება შეძლო. ამ გამოცდილებამ და თვითგანვითარებისადმი დაუოკებელმა სწრაფვამ მიიყვანა იგი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში, სადაც დღეს მილიონობით მომხმარებლისთვის ქმნის ღირებულებას.

ცხოვრებაში ბევრი ადამიანისგან მიმიღია შთაგონება, მაგრამ განსაკუთრებული წვლილი ჩემს ძმას ეკუთვნის. მისი პროფესიული გამოცდილება მარკეტინგში, უსაზღვრო ცოდნა და გაზიარებული შესაძლებლობები გახდა ის ნაპერწკალი, რომელმაც ჩემში სრულიად ახალი ცეცხლი აანთო. ეს იყო დიდი მოტივაცია, რამაც მშვიდად გადამაწყვეტინა სრულიად შემეცვალა საკუთარი კარიერული გზა. ამ დროის განმავლობაში, ზრდასა და განვითარებაში მეხმარებოდნენ ის ადამიანებიც, ვისთანაც მიწევდა და მიწევს მუშაობა. ერთმანეთს ყოველთვის ვუზიარებთ ხედვებს და მუდმივად ვიმუხტები შთაგონებითა და მოტივაციით.

პირველი სასტუმროს რეცეფციაში დავიწყე. ჩემი მოვალეობა სტუმრებთან კომუნიკაცია იყო. ბევრი სირთულე გავიარე – ზოგჯერ დღისით და ზოგჯერ ღამით მუშაობა, პარალელურად სწავლა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა, რაც ამ სფეროს თანმდევი ნაწილია.

მარკეტინგის სამყაროში კი ჩემი ნამდვილი მოგზაურობა კრეატიულ სააგენტო Followfox-თან ერთად დაიწყო. ექაუნთ მენეჯერის როლში პირველად ვიგრძენი მარკეტინგთან სიახლოვე – ეს არ იყო მხოლოდ პროდუქტების გაყიდვა, ეს იყო ჩარჩოებს მიღმა ხედვა, ციფრებში ემოციების ამოკითხვა, გაბედული და ზოგჯერ რისკიანი ნაბიჯების გადადგმა და, რაც მთავარია, სტრატეგიული აზროვნების ხელოვნება.

სააგენტოს შემდეგ, ფრილანსერის თავისუფალ სამყაროში გადავინაცვლე. დიზაინერთან და ქოფირაითერთან ერთად ვქმნიდით საკომუნიკაციო სტრატეგიებსა და კამპანიებს. დიდი თავგადასავალი იყო სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიასთან მუშაობა, უამრავი გამორჩეული ადამიანის გაცნობა და ყოველდღიური გამოწვევები. საბოლოოდ, ამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ და ცოდნამ ჩემი გზა საქართველოს ბანკისკენ წარმართა – სივრცისკენ, სადაც ახალი გამოწვევები და დიდი შესაძლებლობები დამხვდა.

საქართველოს ბანკი ბევრი მარკეტერისთვის ოცნების სამსახურია – დინამიკური, ინოვაციური და გამოწვევებით სავსე. ფიზიკური პირების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე გავაგზავნე განაცხადი და ასე შევაბიჯე იმ სივრცეში, სადაც ყოველი დღე ახალი თავგადასავალია, სადაც ბრენდს პროფესიონალები ქმნიან.

საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის ბრენდ მენეჯერობა ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პროდუქტის მართვა. ეს არის ხიდის გადება ადამიანებსა და ფინანსურ სამყაროს შორის, იმის ჩვენება, რომ ბანკი არ არის მხოლოდ რიცხვების სამყარო, არამედ პარტნიორი, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურობაში თან ახლავს. მიხარია, როცა ვხედავ, რომ ჩვენი პროექტები, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობას ვიღებ, ცვლის და აუმჯობესებს მილიონზე მეტი ადამიანის ყოველდღიურობას. PLUS ქულების მსგავსი პროდუქტების შექმნა არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც საზოგადოებას ახალ შესაძლებლობებს უქმნის.

საქართველოს ბანკი არის ადგილი, სადაც ქვეყნის უნიჭიერესი მარკეტერები იკრიბებიან. აქ ახალი იდეები და ინოვაციები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სამუშაო პროცესი ჩემს გუნდთან ერთად არის ფერადი მოზაიკა, სადაც თითოეული ადამიანის ნიჭი და ხედვა ერთიანდება და ქმნის რაღაც განსაკუთრებულს. გუნდური მუშაობის ეს სინერგია, როგორც მაგიური ფორმულა, არის ჩვენი წარმატების საიდუმლო ინგრედიენტი.

თვითგანვითარება ჩემთვის არის ცხოვრების წესი. ვცდილობ, არასოდეს დავკმაყოფილდე მიღწეულით და მუდმივად ვეძებო ახალი ჰორიზონტები, ახალი ცოდნა და გამოცდილება. მჯერა, რომ პროფესიულ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია სწორი კითხვების დასმა – როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სამყაროსთვის. ნამდვილი ზრდა იწყება მაშინ, როცა არ გეშინია საკუთარ თავში შეცდომების აღმოჩენის, როცა გაბედავ იყო მოწყვლადი და გახსნილი ცვლილებებისთვის. ადამიანი მაშინ ვითარდება, როცა მუდმივად მუშაობს თავის თვალსაწიერის გაფართოებაზე და არ უშინდება ახალ გამოწვევებს.

[პარტნიორი]

ომი და მშვიდობა — ფოტოები პარალელურ სამყაროებს გვაცნობს

ერთად ვიმოგზაუროთ წიგნის სამყაროში – საქართველოს ბანკი ქუთაისში, ფოთსა და ზუგდიდში დათო ტურაშვილთან შეხვედრებს გამართავს