დღესასწაულებზე თანამშრომლებისთვის საჩუქრების გაკეთება საქართველოს ბანკის ყოველწლიური ტრადიციაა, რომელიც კორპორაციული კულტურის ნაწილია, გუნდისადმი პატივისცემას გამოხატავს და მათ წახალისებას ემსახურება. საჩუქრის არჩევის დროს მნიშვნელოვანია, ის ბრენდის ღირებულებების გამომხატველი იყოს, ამიტომ ფიქრი იმაზე, თუ რა ეჩუქებინათ თანამშრომლებისთვის, ახალ წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო.
საქართველოს ბანკის სლოგანს – „არ გაჩერდე” ყველანი ვიცნობთ. ბრენდის ამ ხედვას მისი თითოეული თანამშრომელი იზიარებს და ყოველდღიურობაში ნერგავს. ამიტომ გადაწყდა, რომ მთელ გუნდს ისეთი საჩუქარი მიეღო, რომელიც გამოხატავდა ამ ღირებულებებს და თითოეული თანამშრომლისთვის საერთო მოგონებად გადაიქცეოდა.
ერთ-ერთი ასეთი მთავარი ღირებულება საქართველოს ბანკის მიერ ქართული სპორტის მხარდაჭერაა. ის მრავალი წელია, ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობს, ამ თანამშრომლობის ნაწილი კი ბანკის მთელი გუნდია. ეს გულშემატკივრობა და თითოეული თანამშრომლის მიერ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილი რომ წარმოჩენილიყო, გადაწყდა, საახალწლო საჩუქრად თანამშრომლებისთვის ეროვნული ნაკრების ფორმები გადაეცათ, ოღონდ არა სტანდარტული, არამედ ექსკლუზიურად, ლიმიტირებული რაოდენობით დამზადებული. ამ ინიციატივას მხარი აუბა თავად ფედერაციამ, ხოლო განხორციელებაში სააგენტო Windfor’s ჩაერთო.
ირაკლი აბესაძე, საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდის ხელმძღვანელი:
„ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი საჩუქარი ჩვენს ღირებულებებთან მოსულიყო თანხვედრაში და მთავარ იდეად ის ემოციები და მოგონებები გვექცია, რომლებიც, განსხვავებების მიუხედავად, ყველას გვაერთიანებს. ასეთ ემოციებს კი ქართული ფეხბურთი ქმნის.
საქართველოს ბანკისთვის ქართული სპორტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის, ამ მიმართულებით თითოეული განხორციელებული ინიციატივის უკან კი საქართველოს ბანკში დასაქმებული ადამიანები დგანან. ყოველი მატჩის დროს ერთად შეკრება, ემოციების გაზიარება და საერთო მოლოდინი სწორედ ისაა, რაც გვაერთიანებს, ამიტომ ეს ფორმა გამოხატავს გუნდურობას, ჩვენს მხარდაჭერასა და იდეას, რომ ქართული სპორტი ყველა ჩვენგანის გამაერთიანებელია”.
ქართული ფეხბურთისთვის 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მარტში ისტორიული მატჩები გველოდება, რითაც შანსი გვეძლევა, ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ მატჩზე საფეხბურთო გუნდი სწორედ იმ ფორმებით იასპარეზებს, რომლებიც საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა.
„საქართველოს ბანკი მუდმივად გამოირჩევა ქართული სპორტისა და ფეხბურთის განსაკუთრებული ქომაგობის კულტურით. გულშემატკივარი კი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, რომელიც საკუთარი შეძახილით ამხნევებს და აძლიერებს გუნდს. მაისური, რომელიც ნაკრების გენერალური პარტნიორის თანამშრომლებისთვის სპეციალურად შეიქმნა, გულშემატკივრისა და ნაკრების ფეხბურთელების უფრო მეტად დაახლოებას ემსახურება. ეს არის ფორმა, რომელიც სრულად გამოხატავს სანაკრებო სულისკვეთებას და გულშემატკივარს, რომელიც ამ მაისურს მოირგებს, გუნდის ნაწილად აგრძნობინებს თავს. სწორედ ეს იყო სპეციალური ფორმის შექმნის მთავარი იდეაც. ახლა იდეა ტრიბუნაზე უნდა გაცოცხლდეს. ეროვნული ნაკრების მატჩზე, დარწმუნებული ვარ, გამორჩეული სანახავი იქნება გადავსებულ ტრიბუნებზე უნიკალურ მაისურში გამოწყობილი საქართველოს ბანკის ათასობით თანამშრომელი, რომელიც მაისურზე დატანილი წარწერით: „ძალა შენშია“ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ნაკრებს”, – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
ამ საქმის განხორციელებაში ორივე ბრენდს სააგენტო Windfor’s დაეხმარა. სწორედ მისმა შემოქმედებითმა გუნდმა იმუშავა ფორმის დიზაინზე, შეისწავლა ორივე ბრენდის არქეტიპი და მთავარი აქცენტი მათ შორის კავშირებზე გააკეთა.
„2022 წელს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების რებრენდინგზე ვიმუშავეთ. მთლიანად განვაახლეთ ამ დიდი ბრენდის პრაქტიკულად ყველა ელემენტი – არსი და ფილოსოფია, ლოგო და ვიზუალური სტილი, საკომუნიკაციო პლატფორმა და ფორმების დიზაინი. ახლა კი, საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ, ნაკრების ახალი, ლიმიტირებული რაოდენობის მაისური შეგვექმნა. მაისურის დიზაინს ორი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი განვუსაზღვრეთ – უნდა ყოფილიყო გულშემატკივრისთვის (ბანკის თანამშრომლებისთვის) პრაქტიკული და კომფორტული ყოველდღიურ გამოყენებაში, ასევე ნაკრების არსებულ, ოფიციალურ ფორმებთან უნდა მოსულიყო შესაბამისობაში და ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
თუმცა, თუ ბრენდის ჭრილში შევხედავთ, საქართველოს ბანკსა და ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივე ბრენდის არქეტიპი – გმირია, ორივე ინდივიდების გაძლიერებაზე, თვითგანვითარებაზე – საკუთარ თავში ძალებისა და შესაძლებლობების აღმოჩენაზეა აგებული. მსგავსი ბრენდების პარტნიორობა ორმხრივად მომგებიანია და ასეთ დროს, საერთო პროექტზე მუშაობაც უფრო მარტივი ხდება. ლიმიტირებული რაოდენობის საგულშემატკივრო ფორმის დიზაინ იდეის საფუძველიც, სწორედ ამ ორი ბრენდის შინაარსობრივი კავშირია.
უნიკალურ საგულშემატკივრო მაისურებზე დებოსის ეფექტით უწყვეტი ხაზია დატანილი – საქართველოს ბანკის სახასიათო ვიზუალური ელემენტი – “არგაჩერების” სიმბოლო.
ასევე, თითოეულ მაისურს ნაკრების კაპიტნის – გურამ კაშიას ხელმოწერა ამშვენებს, მესიჯით: „ძალა შენშია”, რითაც კიდევ ერთხელ გავამხნევეთ ბანკის თითოეული თანამშრომელი და ნაკრების გულშემატკივრობაში მათ როლს გავუსვით ხაზი.
საგულშემატკივრო მაისურები „მაკრონმა” – ნაკრების ტექნიკურმა სპონსორმა და ოფიციალური მაისურების მწარმოებელმა დაამზადა”, – აცხადებენ Windfor’s-ში.
მთელ ამ პროცესს სიამაყით იხსენებს ირაკლი აბესაძეც და გვეუბნება, რომ:
„აღნიშნული პროექტი ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი, ყოველი წუთი კი სასიამოვნო გამოცდილება იყო. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ წარმატებისთვის ერთი მარტივი ფორმულა არსებობს – მთავარია, არ გაჩერდე”.
ეროვნული ნაკრების ლიმიტირებული, სპეციალური გამოშვება ჯამში საქართველოს ბანკის რამდენიმე ათას თანამშრომელს გადაეცა. ახლა მთელ გუნდს ერთი მიზანი აქვს – გაზაფხულზე ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრონ და მნიშვნელოვან შეჯიბრებებში გვერდით დაუდგნენ.
[R]