საქართველოს ბანკი (BOG), თბილისში, სასტუმრო Hilton-ის მშენებლობას დააფინანსებს. მათი თქმით, პროექტის მთავარი იდეა ორი ეპოქის გაერთიანება, ძველი და თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობების ჰარმონიული სინთეზია.
„201 ნომრიანი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის ყოფილ სამინისტროს შენობაში შენდება. პროექტის მიხედვით, მოხდება არსებული შენობის რესტავრაცია და თანამედროვე არქიტექტურით შექმნილი შენობის მიერთება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი. ბოლო სართულზე კი SkyBar-ი ლამაზი ხედებითა და სპა საცურაო აუზით. ასევე, საკონფერენციო ზონები, კაზინო, რომელსაც ოპერირებას გაუწევს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი. ინტერიერის დიზაინი, რომელსაც იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი Piero Lissoni ქმნის, გამოირჩევა დახვეწილი სტილითა და ესთეტიურობით. მის დიზაინში გამოყენებულია ძველი თბილისის არქიტექტურის თემატიკა, რაც არსებულ პროექტს მეტ უნიკალურობას სძენს“.
პროექტს საინვესტიციო კომპანია Granat ახორციელებს. ინვესტიციის მოცულობა $67 მილიონია.
5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, თბილისში, 2018 წლის იანვარში დაიწყო. როგორც „საქართველოს ბანკში“ ამბობენ, Hilton-ის გახსნა, თბილისში, 2020 წლის ბოლოს იგეგმება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია და მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით თბილისს კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დატოვებული, კომპანია „გრანატის“ მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ კი ძველი შენობა რესტავრაციის შედეგად ახალ სახეს შეიძენს. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდა. მისი გახსნის შემდეგ კი, 300-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება პროექტში BOG-ის მონაწილეობას, ბანკის მხრიდან პროექტის განსახორციელებლად – 32 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოიყო“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ფაილოძემ.