in

საქართველოს ბანკის იდეათეკა სკოლებში – ბავშვების საყვარელი განათლების სივრცე

ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების და განსაკუთრებით, სკოლის მოსწავლეების ხელშეწყობა, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი მომავალი და განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, წიგნიერების გავრცელება და ახალი, ისეთი შესაძლებლობების მიცემა, რაც ადრე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

საქართველოს ბანკი, თავისი მრავალფეროვანი პროექტებით, მუდმივად უჭერს მხარს განათლებას და მომავალი თაობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას. ასეთი ბევრი პროექტია, მაგრამ დღეს ერთზე გვსურს, გესაუბროთ. ეს არის იდეათეკა – მულტიფუნქციური სივრცეები, რომლებიც რეგიონებში, სკოლებში იხსნება და ყველა იმ რესურსით არის აღჭურვილი, რაც მოზარდებს სჭირდებათ.

პირველი ასეთი იდეათეკა 2019 წელს წიგნის ინსტიტუტთან ერთად გაიხსნა. სკოლის მოსწავლეებისთვის ის იქცა სამუშაო სივრცედ, სადაც ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ გაიღრმაო ცოდნა, იმსჯელო იდეებზე და მაქსიმალურად გამოავლინო შენი პოტენციალი. 

იდეათეკების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელს, ანა ლომთაძეს ვესაუბრეთ. 

M: დღესდღეობით რამდენი იდეათეკა არსებობს და რომელ რეგიონებში?

დღეს 9 რეგიონში უკვე 21 იდეათეკა გვაქვს და 11000-ზე მეტი მოსწავლისთვის ვქმნით მეტ შესაძლებლობას განათლებისთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით იდეათეკები გახსნილია: ფოთში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ნიქოზში, დიცში, ხურვალეთში, ახალქალაქში, ჩოხატაურში, სოფელ ნაბეღლავში, ქალაქ ჯვარში, თბილისში, ერისიმედში, საბათლოში, ლამბალოში, მუხრანში, უდაბნოში, პანკისის ხეობაში, ახალციხეში, შინდისში, ბოლნისსა და ზუგდიდში.

მნიშვნელოვანია, რომ იდეათეკის ლოკაციის განსაზღვრის დროს თავიდანვე მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა  საზღვრისპირა სოფლებზე, მაღალმთიან რეგიონებზე, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებზე – რადგან სწორედ ამ რეგიონებში, ქალაქებშია მსგავსი ნათელი სივრცეების შექმნის კიდევ უფრო მეტი საჭიროება.

ეს პრიორიტეტი ისევ აქტუალურია პროექტისთვის, თუმცა, ამის პარალელურად, 5 წლის განმავლობაში პროექტი გაფართოვდა და იდეათეკა უკვე რეგიონულ ცენტრებსა და ქალაქებშია წარმოდგენილი. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლოს თერთმეტივე რეგიონი მოვიცვათ. 

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ დავინახეთ საჭიროება, არსებულ პროექტში STEM კუთხეც დაგვეინტეგრირებინა და დღეს თითოეული იდეათეკა გარდა წიგნისა და კომპიუტერული, ტექნიკური მხარდაჭერისა, იძლევა საშუალებას, სკოლის მოსწავლეები ადრეული ასაკიდან აქტიურად გაერკვნენ მეცნიერების საფუძვლებში. 

ასევე, ვაფასებთ იმ სკოლების აქტივობასა და ინტერესს, რომელთაც სურთ, სწორედ მათ სკოლებში იყოს იდეათეკა. ჩვენი მხრივ, ყოველწლიურად გავაგრძელებთ იდეათეკის სივრცეების შექმნას. ჩვენი სურვილია, რომ ყველა იმ საჯარო სკოლას, რომელსაც ამ სივრცის მასპინძლობის სურვილი აქვს, მოვემსახუროთ.

M: რა პროექტები და აქტივობები განხორციელდა იდეათეკების მეშვეობით ამ წლების განმავლობაში?

თითქმის ყველა იდეათეკაში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს და ჩამოაყალიბეს არაერთი კლუბი. 

მაგალითისთვის, შიდა ქართლში, ზემო ნიქოზის სკოლის იდეათეკაში მოსწავლეები ატარებენ პოეზიის საღამოებს და სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებას; თბილისის იდეათეკაში აქვთ „რა? სად? როდის?” კლუბის შეხვედრები: კინო კლუბი; წიგნის კლუბი. ასევე აქვთ ყველაზე წიგნიერის კონკურსი. ოზურგეთისა და ჩოხატაურის სკოლის იდეათეკები შაბათ-კვირასაც კი მუშაობენ, რათა ბავშვებს არაფორმალურ განათლებაში, შემეცნებაში შეუწყონ ხელი. ჩოხატაურის სკოლა სივრცეს უთმობს სხვა სკოლებსაც, ჩამოყალიბებული აქვთ რამდენიმე კლუბი, აქ ტარდება მასწავლებლების რეგიონული კონფერენცია და მოსწავლეთა კონფერენცია საბუნებისმეტყველო საგნებში; ნაბეღლავის სკოლის იდეათეკა სივრცეს ხშირად  უთმობს სოფელ ქვაბას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. იდეათეკის წიგნებით სარგებლობენ სოფლის მცხოვრებლებიც. ერისიმედის იდეათეკის ბავშვები, მას შემდეგ, რაც იდეათეკა გაიხსნა, ხშირად იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსში. მათ 2022 და 2023 წლებში „ტვინების ბრძოლაში“ გაიმარჯვეს; უდაბნოს სკოლაში იდეათეკას იყენებენ, როგორც  მოწვეულ სტუმრებთან შესახვედრად, ასევე აქვთ „წიგნის კლუბი“; „დებატების კლუბი“; „გერმანული და ფრანგული ენების კლუბი“, აპირებენ „კინო კლუბის“ გაკეთებასაც. სოფელში, სამწუხაროდ, სხვა სახის აქტივობა არ არის ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, როგორც ამბობენ, იდეათეკა მათი ცხოვრების მთავარი ადგილი გახდა და სივრცემ მისცა მათ  მოტივაცია, უკეთესად ისწავლონ და ბევრი იკითხონ. ფოთის სკოლის იდეათეკის გამოყენებაზე ისეთი მოთხოვნაა, რომ სპეციალური გრაფიკიც კი შექმნეს, რათა პროცესი დაარეგულირონ; ჯვარის იდეათეკაში გასამმაგებულია მომართვიანობა და ინტერესი წიგნების მიმართ.

M: რა რესურსებზე აძლევს წვდომას სკოლის მოსწავლეებს იდეათეკები და რამდენად აქტიურად იყენებენ მათ მოზარდები?

იდეათეკა არის სივრცე, რომელიც ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, ეზიარონ მსოფლიო ლიტერატურას, გაეცნონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას, ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ინვენტარზე, გაიღრმაონ ცოდნა STEM მიმართულებით და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.

ჩვენ ჩავატარეთ შიდა კვლევა სკოლებში, რათა გაგვერკვია, რამდენად აქტიურად იყენებენ ბავშვები იდეათეკის სივრცეებს და აღმოჩნდა, რომ მომართვიანობა და ინტერესი წიგნების და ზოგადად, იდეათეკის მიმართ, თითქმის ყველგან გასამმაგებულია.

თითოეულ იდეათეკაში 2000-ზე მეტი წიგნი, კომპიუტერი, STEM კუთხე და ყველა ის რესურსია, რაც ბავშვებს ეხმარებათ, მიიღონ მეტი ინფორმაცია და განვითარდნენ. ხშირია შემთხვევები როცა ფიზიკის და ქიმიის საგაკვეთილო პროცესიც იდეათეკაში გადმოდის. პედაგოგები სხვადასხვა რესურსების ჩართვით, პრეზენტაციის სახით, მარტივად უხსნიან მოსწავლეებს გაკვეთილებს და უფრო გასაგებსა და საინტერესოს ხდიან  სასწავლო პროცესს. 

M: თქვენი აზრით, აძლევს თუ არა იდეათეკები მოტივაციას მოსწავლეებს უკეთესი განათლების მისაღებად?

დიახ, ჩვენი განათლების სივრცეები ნამდვილად აძლევს მათ მოტივაციას. უმეტეს ადგილას, სადაც იდეათეკებია, წიგნის მაღაზიაც კი არ არის, ან არის და მხოლოდ ერთი. ამიტომ, იდეათეკა არის ის სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ ყველა რესურსზე. ახალი სივრცის გახსნისას ყოველთვის ჩაგვყავს სპიკერი, ცნობილი მწერლები, რომლებიც ახალგაზრდებს ესაუბრებიან განათლების შესაძლებლობაზე, არგაჩერებაზე და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, წიგნებზე, საყვარელ ავტორებზე. ეს ძალიან უყვართ ბავშვებს და მსგავსი შეხვედრები კიდე უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მათ. 

საქართველოს ბანკის იდეათეკა მოსწავლეების საყვარელი ადგილია, იმდენად, რომ ხშირად ბავშვები აქ გაკვეთილების მერეც კი რჩებიან. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი უკვე წლებია, ასე წარმატებულად მიმდინარეობს, საქართველოს ბანკი წლის ბოლომდე ყველა რეგიონს მოიცავს, რათა განათლების მულტიფუნქციური სივრცეებით რაც შეიძლება მეტი სკოლა დატვირთოს.

[R]

როგორ უნდა მოიქცნენ კონტენტ კრეატორები, თუ ინსტაგრამი „მოკვდა“?

„როდის დავპოსტო?” – მარადიული კითხვის პასუხი ვეკო თოხაძისგან