რამდენიმე თვის წინ ადამიანები მსოფლიო მასშტაბით სრულიად ახალი რეალობის წინაშე დავდექით. თავდაპირველმა ქაოსმა და შემდგომ უკვე ახლადშედგენილმა დღის წესრიგმა ყველა იმ საქმიანობასა თუ სფეროზე იქონია გავლენა, რომლებიც ხანგრძლივ პერსპექტივაში, ასე თუ ისე, სტაბილური გვეჩვენებოდა. შედეგად, უამრავი დიდი თუ მცირე კომპანია დადგა ახალი გამოწვევების წინაშე, ბევრმა დასაქმებულმა სამსახურიც კი დაკარგა. ადამიანთა ნაწილი ცვლილებებს მომზადებული დახვდა, ნაწილს კი მათთან ადაპტირება მოუწია ან სულაც დღემდე უწევს.
რთულ სიტუაციებთან ადაპტირება არც თუ ისე მარტივი რამაა, თუმცა, სწორედ მოქნილობის უნარს შეუძლია, ის ბარიერები დაგვაძლევინოს, რაც ერთი შეხედვით გადაულახავი ჩანს. ობიექტურად თუ შევხედავთ, ბოლო რამდენიმე თვემ დაგვანახა, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარ საქმიანობასთან ერთად, რაღაც ახალიც და დროსთან ავთენტურიც უნდა ვისწავლოთ, თანამედროვეობისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე ვიზრუნოთ ან თუნდაც ჩვენ მიერ მივიწყებულ საყვარელ საქმიანობებს მივაქციოთ ყურადღება, რომელთათვისაც დრო არ გვრჩებოდა. რაც მთავარია, ამისათვის საჭიროა, თვითრწმენა ვიქონიოთ და საკუთარ თავს დავაჯეროთ, რომ სხვა, თუნდაც ჩვენი ძირეული საქმიანობისგან მკვეთრად განსხვავებული საქმეების კეთებაც შეგვიძლია. რეალურად, ამ საქმეებს მომავლის პროფესიები ეწოდებათ და ისინი საქმიანობის საკმაოდ მრავალფეროვან სპექტრს გვთავაზობენ.
თუმცა, მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნებია დღეს შრომის ბაზარზე, ან აქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, კომპეტენტური ადამიანებისგან რჩევას საჭიროებს, საქართველოს ბანკმა კომპანია “ინსორსთან” ერთად ახალი პროექტი წამოიწყო. პროექტი ორიენტირებულია ადამიანებს ახალი გამოწვევები დაანახოს, მისცეს მიზეზი, ხელახლა დაიჯერონ საკუთარი თავის შესაძლებლობების, განავითარონ არსებული უნარები და რიგ შემთხვევაში, საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციონ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ თოქებისა და ბლოგების მომზადება, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა შრომის ბაზარზე დღეს არსებული ვითარება და ასევე, მომავლის პროფესიები.
„ახალი რეალობიდან გამომდინარე შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პრაქტიკა, შესაბამისად შრომის ბაზარიც. კონკრეტულ პროფესიებზე შემცირებული მოთხოვნის კვალდაკვალ გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება, ისეთის როგორიცაა IT და ციფრული ტექნოლოგიები, საცალო და მომსახურების სერვისები. გამოწვევაზე ლოგიკური პასუხი არის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. გვინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრათ, რომლის საქმიანობამაც დაკარგა აქტუალობა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა განვითარდნენ ახალი მიმართულებით. რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია არ გაჩერდნენ და გააგრძელონ წინსვლა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტიც, რომელიც ადამიანებს ეხმარება ახალი პროფესიების მოძიება/ ათვისებაში, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ფოტოგრაფია, კონტენტ მენეჯმენტი ან თუნდაც ვებ დეველოპმენტი. ამიტომ ჩემი რჩევაა, არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ და განავითარეთ საკუთარი თავი,” – განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=336252717532868″ width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]